დეპორტაცია

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ — დეპორტაციის საქმე

სტრასბურგის სასამართლოში დასკვნით ფაზაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს პირველი სარჩელის განხილვა. 13 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ,17 მოსამართლის შემადგენლობით, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეთა რუსეთიდან დეპორტაციის საქმეზე მოსმენა დაასრულა.

როგორც ტაბულას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა უთხრა, დიდმა პალატამ საქმე განსახილველად მისი პრეცედენტული მნიშვნელობიდან გამომდინარე მიიღო. „მოსმენაზე წარვადგინეთ ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია და არგუმენტები, თუ რატომ უნდა დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის დარღვევისათვის”, – აღნიშნა ბურჯალიანმა.

პირველი განაცხადი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ 2007 წლის მარტში შეიტანა. თბილისი მოსკოვს საქართველოს მოქალაქეების დევნაში ადანაშაულებს, მათ შორის – არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, საკუთრების უფლებების დარღვევაში.

დადგენილება საქმის არსებითი განხილვის თაობაზე სტრასბურგის სასამართლომ 2009 წლის ივნისში მიიღო. მას შემდეგ გაიმართა რამდენიმე მოსმენა, რომლებზეც თავიანთი არგუმენტები მხარეების წარმომადგენლებმა წარადგინეს, ასევე დაიკითხნენ დაზარალებულები.

თინა ბურჯალიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს სარჩელი სულ ორასამდე ადამიანის შემთხვევას მოიცავს. მისი თქმით, კონკრეტული შემთხვევების მოხსენიება „მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ ვაჩვენოთ ერთიანი პოლიტიკა და ტენდენცია. შესაბამისად, სარჩელი მოიცავს არა ყველა დაზარალებულის ამომწურავ სიას, არამედ არის სამაგალითო საქმეების ნაკრები, რომელთა გამოყენება პრობლემის ილუსტრაციისთვის ხდება”.

2006 წლის 27 სექტემბრიდან, საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე რუსი ოფიცრის დაკავების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპორტაციის კამპანია დაიწყო, რამაც ზოგ შემთხვევაში ეთნიკური ნიშნით დევნის სახე მიიღო. მაგალითად, სამართალდამცავები სკოლების ხელმძღვანელებს ავალდებულებდნენ, ქართველი ეროვნების მოსწავლეთა სიები მიეწოდებინათ. რეიდები ქართველი „არალეგალების” გამოსავლენად მოსკოვის ქართულ ეკლესიასთანაც ეწყობოდა.

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ინფორმაციით, რუსეთის საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია ხშირ შემთხვევაში უკანონოდ მოქმედებდნენ. მაგალითად, ანადგურებდნენ იმ ადამიანთა დოკუმენტებს, რომლებსაც ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლება ჰქონდათ. სასამართლოებში, სადაც დეპორტაციის საქმეები განიხილებოდა, საქართველოს მოქალაქეები ხშირად ვერ სარგებლობდნენ დაცვის უფლებით.

უამრავი დარღვევაა თავად დეპორტაციის პროცესში, მათ შორის – არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რის გამოც გარდაიცვალა საქართველოს სამი მოქალაქე: თენგიზ ტოგონიძე, რომელიც ასთმით იყო დაავადებული და გადაყვანის პროცესში სუფთა ჰაერზე გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ; ასევე მანანა ჯაბელია და ზურაბ მუზაშვილი, რომლებიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო საიმიგრაციო სამსახურის იზოლატორებში დაიღუპნენ.

საპარლამენტო კომისიამ გამოავლინა 21 ფაქტი, როდესაც ბავშვებს მშობლებს აცილებდნენ ისე, რომ ოჯახებმა მათი ადგილსამყოფელი არ იცოდნენ.

საქართველოს ბევრი მოქალაქე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან გამოძალვისა და ძარცვის მსხვერპლი გახდა, მრავალმა მათგანმა პირადი ქონება სრულად დაკარგა. სულ, 2006 წლის ბოლოს, რუსეთიდან 4 500-მდე საქართველოს მოქალაქე გააძევეს. მათი დიდი ნაწილი – კანონდარღვევით.

თინა ბურჯალიანის თქმით, საბოლოო მოსმენაზეც რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქეთა დაკავების და გამოძევების დროს მათი უფლებები არ დარღვეულა და დეპორტაცია კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა. ეს იმის მიუხედავად, რომ საპირისპიროს ადასტურებენ როგორც ქართველი მოწმეები, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, რუსი უფლებადამცველები და რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებული ადამიანის უფლებათა საკითხებში.

თინა ბურჯალიანის განცხადებით, თბილისი მოითხოვს „დადგინდეს რუსეთის პასუხისმგებლობა და დაეკისროს ყველა დაზარალებული პირისათვის კომპენსაციის გადახდა. თუმცა, სასამართლოს ფართო დისკრეცია აქვს, განსაზღვროს, ამ შემთხვევაში რა იქნება ადეკვატური სანქცია”.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ საქმეზე ევროსასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოცხადების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ამას რამდენიმე თვე დასჭირდება.

სტრასბურგის სასამართლო ამჟამად განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მეორე სარჩელსაც, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების შელახვას შეეხება როგორც უშუალოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან, რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. ეს სარჩელი სასამართლომ განსახილველად გასული წლის დეკემბერში მიიღო.

თბილისმა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოშიც, რომელიც ჰააგაში მდებარეობს – 2008 წლის აგვისტოში რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის დარღვევისათვის. თუმცა შარშან აპრილში სასამართლომ მის არსებით განხილვაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ მხარეებს, თითქოს, დავის გადაწყვეტა სხვა საშუალებებით არ უცდიათ. ამასთან დაკავშირებით ბურჯალიანი განმარტავს, რომ „რუსეთთან ყველა პროცედურის ამოწურვის შემდეგ” საქართველო გეგმავს, კვლავ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს.

გარდა ამისა, 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეთა კერძო სარჩელებსაც იხილავს.

საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოს სახელით შეიტანა სარჩელი. მანამდე სასამართლოს სახელმწიფოთა შორის არაერთი დავა აქვს განხილული. ზოგიერთი მათგანი მორიგებით დასრულდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი სასამართლომ უფლებების დარღვევის ფაქტი დაადგინა. მაგალითად, 2001 წელს დააკმაყოფილა კვიპროსის სარჩელი და თურქეთს ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის 27-წლიანი ოკუპაციის დროს ბერძენი კვიპროსელების უფლებების შელახვის გამო დააკისრა პასუხისმგებლობა. სასამართლომ დაადგინა, რომ ეფექტურ კონტროლს ჩრდილოეთ კვიპროსზე თურქეთი ახორციელებს, ანკარა კი ამას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სასამართლომ თურქეთს ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტების ამოფხვრა დააკისრა.

მოსკოვმა საქართველო-რუსეთის პროცესზე თავისებური პასუხი გასცა – იმავე დღეს, როდესაც სტრასბურგში დასკვნითი მოსმენა გაიმართა, თბილისს საქართველოს მოქალაქეთა ახალი გაძევებით დაემუქრა. რუსული საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინ რომოდანოვსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სავიზო რეჟიმის დარღვევით იმყოფება საქართველოს 9 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელთა საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

ამ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა. თბილისმა „საქართველოს მოქალაქეთა დევნის მორიგი კამპანიის” შესაძლო დაწყება რუსეთში „ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების მორიგ სერიოზულ ტალღას” დაუკავშირა.

 

კომენტარები