ნარკომანია

ნარკოპოლიტიკის გენდერული პრობლემები

მაისის მე-3 კვირას შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნა – 20 მაისს რამდენიმე ქართულმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ დღესთან დაკავშირებით აქცია მოაწყო.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ამ ინფექციების გავრცელების მაღალი რისკის ქვეშ ნარკომომხმარებლები არიან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მკაცრად რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ხორციელდება, რადგან სასჯელის შიშით ნარკომომხმარებლები ხშირად არასტერილურ საინექციო საშუალებებს იყენებენ. ასევე იშვიათად სარგებლობენ ჯანდაცვის პროგრამებით.

მათ შორისაც კი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ნარკომომხმარებელი (ნ/მ) ქალები, რადგან სამართალდამცავი სტრუქტურების რეპრესიებს, ამ შემთხვევაში საზოგადოების არაფორმალური განწყობები და სტიგმაც ემატება. ძალიან ხშირია ნ/მ ქალებზე პარტნიორთა მხრიდან ძალადობის ფაქტებიც.

დღევანდელი მონაცემებით, თბილისში, ნ/მ ქალთა სავარაუდო რაოდენობა 8 ათასს აღწევს. სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, პატიმარი ქალების 35% ნარკოტიკების მოხმარების, ან ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს. ეს ციფრი მამაკაც პატიმრებში არსებულ ნარკოდანაშაულთან შედარებით, გაცილებით მაღალია.

არასამთავრობო ორგანიზაციების (ნაბიჯი მომავლისკენ, ახალი გზა, ქსენონი) ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელ ქალთა დაახლოებით 80% მუდმივად განიცდის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას. მათმა უმრავლესობამ არ იცის კრიზისული ცენტრის, თავშესაფრის, ზიანის შემცირების სერვისცენტრებისა და სხვა არსებული მომსახურების შესახებ, ან თუ იცის, არ მიმართავს შიშის, სირცხვილის, საქართველოში მოქმედი მკაცრი ნარკოპოლიტიკის და ქართული მენტალიტეტის გამო.

დღეს საქართველოში ქალთა ნარკომანია ტაბუდადებული თემაა. საზოგადოების მკაცრი დამოკიდებულება ნარკომომხმარებელი ქალების თვითსტიგმატიზებას და ჩაკეტილობას განაპირობებს.

მიმდინარე წლის მაისში, შიდსის ცენტრის მონაცემებით, რეგისტრირებულია აივ-ინფიცირების 3307 შემთხვევა, რომელთა შორის 886 ქალია. დაინფიცირებულთა 54,9% ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია. ნარკომომხმარებელ ქალთა შორის ძალიან მაღალია ჰეპატიტებითა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დაავადებულთა რაოდენობა, თუმცა, საქართველოში ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

20 მაისის აქციის ერთ-ერთი მონაწილე – ყოფილი ნარკოდამოკიდებული, ამჟამად კი ორგანიზაცია ახალი ვექტორის სოც-მუშაკი ეკა გარდაფხაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ნ/მ ქალები განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში არიან და რეგულარულად ექვემდებარებიან დამცირებას და ძალადობას. ნარკომომხმარებელ ქალთა თანასაზოგადოების ძირითად პრობლემებად გარდაფხაძე მიიჩნევს უნდობლობას (როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისადმი, ასევე მთლიანად საზოგადოებისადმი), ანონიმურობის გარანტიების არქონას (დახმარებისთვის ნებისმიერი ორგანიზაციის ან კერძო პირისთვის მიმართვის შემთხვევაში) და უიმედობას. “უნდობლობა გადაილახება, როცა გამოჩნდებიან ისეთი ლიდერები, რომელთაც ასეთივე პრობლემა ჰქონდათ და გადალახეს, მაგრამ მათ გამოჩენას ხელს უშლის საზოგადოების განსაკუთრებით აგრესიული დამოკიდებულება ასეთი ქალების მიმართ”.

გარდაფხაძის თქმით, ამჟამად საქართველოში ნარკოტიკის მოხმარების პრაქტიკის მქონე ქალებისთვის კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების სერვისები მიუწვდომელია: „გამჟღავნების შიშის გამო, ძალადობის შემთხვევაში, ისინი სრულიად დაუცველები არიან. ამიტომ მათი საზოგადოებისგან სტიგმატიზაცია და იზოლაცია იზრდება, ეს კი პირდაპირ აისახება მათ ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე. ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარში ადმინისტრაცია არასოდეს უშვებს ნარკომომხმარებელ ქალებს. სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მეტადონის პროგრამა ნარკოდამოკიდებული ქალებისთვის არ არსებობს.

საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რა მძიმე შედეგის მოტანა შეუძლია ამას კონკრეტული პატიმრისთვის. ცხოვრებისეული გარემოებების გამო წლების წინ მე ნარკოდამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა, ყოფილმა ქმარმა შემაჩვია ნარკოტიკს, ამის შედეგად ქრონიკული ავადმყოფი – ნარკომანი გავხდი. ამ დროს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, შენი ნებით მოხდა ეს თუ არა, როგორც ყველა ავადმყოფობას, გონება ვერც ნარკომანიას აკონტროლებს. 6 წლის წინ, უკვე პირველი ჯგუფის ინვალიდი, ციხეში მოვხვდი. ჩემთვის აუცილებელი იყო მეტადონის მიღება, ექიმების აზრით, ამ პრეპარატის გარეშე დიდი ალბათობა იყო, რომ ჩემი ავადმყოფობა ლეტალური შედეგით დასრულდებოდა. ციხის ადმინისტრაციამ ეს კარგად იცოდა, მაგრამ აკრძალვის გამო მეტადონი არ მომაწოდეს. მე გადავრჩი, მაგრამ ვიცი არაერთი შემთხვევა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა”.

ნ/მ ქალთა პრობლემებზე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი გზა. პროექტის – “ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა საკეთილდღეოდ” – ფარგლებში შეიქმნა საადვოკაციო ჯგუფი, ექსპერტების, საკრებულოს და მერიის წარმომადგენლების შემადგენლობით. მისი მიზანია ნ/მ ქალების სოციალურ და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობების გამონახვა.

ახალი გზის წარმომადგენელი და ამ პროექტის კოორდინატორი მარინა ასათიანი ამბობს, რომ ოფიციალური სტატისტიკა ძალადობის მსხვერპლ ქალ ნ/მ-ებზე არ არსებობს. ამ პრობლემაზე ნაკლებად მუშაობენ ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციები. ზიანის შემცირების სერვისების მიწოდებისას იშვიათად ითვალისწინებენ ნ/მ ქალების მოთხოვნათა სპეციფიკურობას, რაც განაპირობებს ამ პროგრამებში მათ მინიმალურ ჩართულობას – ეს კიდევ უფრო დაუცველს ხდის ამ პოპულაციას: “საქართველოში საზოგადოების დამოკიდებულება ნარკოტიკის ინექციურ მომხმარებელ (ნიმ) ქალებთან ატარებს უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს, რაც განაპირობებს ქალ ნიმ-ების სტიგმატიზაციას, მაღალ სუბიექტურ კონტროლს და მათ იზოლაციას საზოგადოებისგან”.

მარინა ასათიანის აზრით, სტიგმას და ზიანის შემცირების სერვისების არასაკმარის ხელმისაწვდომობას მივყავართ იქამდე, რომ ქალი ნიმ-ების პრობლემები უფრო შეუმჩნეველია საზოგადოებისათვის: „5-წლიანი მუშაობის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზიანის შემცირების სერვისების მიწოდებისას სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინება. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ ქალთა უმეტესობა თავს ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს. გადატანილი ძალადობა არის როგორც მათი თვითგანადგურების მოტივი, ასევე ცხოვრების წესის განმსაზღვრელი”.

ასათიანი ამბობს, რომ გამოკვლეულ ქალ ნარკომომხმარებლებზე სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას ფიზიკური და სექსუალური ძალადობა ხორციელდებოდა, თუმცა მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არასდროს მიუმართავს პოლიციისთვის, კრიზისული ცენტრისა და თავშესაფრისთვის – იმალებოდნენ მეგობრებთან სახლში, ან ქუჩაში. ამასთან, გამოკვლეულ ქალთა უმეტესობა ბავშვობაში გადატანილი ძალადობის მსხვერპლია, რამაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მათ შემდგომ ცხოვრების სტილზე.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ქალი ნარკომომხმარებლები ერთეულ შემთხვევებში თუ მიმართავენ ჯანდაცვის, სოციალურ და იურიდიულ სამსახურებს, რადგან საკუთარი თავის გამჟღავნების ეშინიათ. პროექტის კოორდინატორი იმედოვნებს, რომ არასამთავრობოების, მერიის და საკრებულოს მონაწილეობით ჩამოყალიბებული კოორდინირებული მუშაობა „წარმატებული იქნება და შეიქმნება გარკვეული პროგრამები, რომლებიც ქალი ნიმ-ების სპეციფიკურ საჭიროებებს გაითვალისწინებს და ხელმისაწვდომს გახდის მათთვის ჯანდაცვის სერვისებს და სოციალურ მომსახურებას”.

 

კომენტარები