ცვლილებები მთავრობაში

ვანო მერაბიშვილის პრემიერ მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება

პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში საგანგებო ბრიფინგი გამართა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრემიერ მინისტრად ვანო მერაბიშვილი დანიშნა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

„განცხადება, რომელიც ახლა უნდა გავაკეთო, გულისხმობს ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ცვლილებას ჩვენი ქვეყნისათვისა და მთავრობისათვის.

დღეს , საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად ვნიშნავ ვანო მერაბიშვილს და წარვუდგენ მის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტსა და  ჩვენს საზოგადოებას.

გასული წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ბევრი მიმართულებით აჩვენა წინსვლა - იქნება ეს დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ინფრასტრუქტურის შენება, ტურიზმის განვითარება თუ ზოგადად და მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის სახელის გატანა.

მაგრამ ჩვენი უმთავრესი მიზანი და ჩვენი შემდგომი ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა არის ის, რომ უზრუნველყოთ, რომ ქვეყნის განვითარებით უფრო მეტი სარგებელი იგრძნოს ხალხმა.

სწორედ ამიტომ, მე ვნიშნავ ვანო მერაბიშვილს, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ ის არის საუკეთესო კანდიდატურა ამ დიდი მიზნის მისაღწევად.

მე მასთან ერთად უკვე მრავალი წელია ვმუშაობ და ვიცი, რომ ამ შემთხვევაშიც, მისი მიზანდასახულობა, მისი შრომისუნარიანობა და უნარი გადაჭრას რთული პრობლემები, ამჯერადაც ისევე იქნება დემონსტრირებული, როგორც ეს იყო აქამდე ყოველთვის, როდესაც მას მოუწია ურთულეს გამოწვევებზე შეჭიდება.

ვანო არის ადამიანი, რომელმაც შეძლო ის რასაც ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა - მან ბეჭებზე დადო კრიმინალი და კორუფცია. როგორც პრემიერ-მინისტრი, მისი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ბეჭებზე დადოს უმუშევრობა.

მან შეძლო, რომ ათწლეულის განმავლობაში სრულიად დისკრედიტებული პოლიცია ექცია უმაღლესი ეფექტიანობის მქონე, მსოფლიო მასშტაბით სამაგალითო სამართალდამცავ სისტემად, რომელსაც უდიდეს ნდობას უცხადებს ქართული საზოგადოება. მჯერა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, იგი შეძლებს ჩვენი ხალხის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ასევე ეფექტიანი და წარმატებული სისტემის აწყობას.

ვანო განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის ობიექტად აქცევს ჩვენს სოფელს იმიტომ, რომ მას ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება და დიდი ცოდნა აქვს. თავის დროზე იგი ხელმძღვანელობდა ფერმერთა ორგანიზაციას, იცავდა სოფლის მეურნეთა ინტერესებს და მაშინ მისი უშუალო ძალისხმევით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა ჩამოყალიბდა მიწის მესაკუთრეთა ხელშესაწყობლად. სოფელზე ზრუნვა ვანოს ცხოვრების დიდი გატაცებაა.

მე ვთხოვე ვანოს, როგორც ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს მისი გეგმა თუ როგორ უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის წარმატება წარმატებად უფრო მეტი მოქალაქისთვის - მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყნის წინსვლამ საქართველოს თვითოეულ ოჯახამდე - სოფლად და ქალაქად, მთასა და ბარში.

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უკვე ყოფილ პრემიერ მინისტრს - ნიკა გილაურს. მან განსაკუთრებულად რთულ პერიოდში შეძლო საქართველოს მთავრობის მართვა. მისი როლი გადამწყვეტია იმაში, რომ საქართველომ გაუძლო ეკონომიკურ კრიზისს, შეინარჩუნა ფისკალური სტაბილურობა, ეკონომიკის ტრაექტორია შემოაბრუნა ზრდისკენ და ჩვენი ქვეყნისადმი არნახულად გამყარდა ინვესტორების დონე - მაშინ როდესაც ძალიან ბევრი ქვეყანა განიცდის ინვესტიციების კლებასა და ეკონომიკის ვარდნას.

ნიკას ძალისხმევის და გააზრებული მართვის გარეშე ეს ყველაფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა - ამიტომ ის დარჩება ჩვენი გუნდის წევრად და მისი ცოდნა და კვალიფიკაცია ჩვენთვის ყოველთვის იქნება უაღრესად ფასეული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები