ევრო 2012: ფინალი

ესპანეთი 4:0 იტალია

0 კომენტარი

ესპანეთი ევროპის სამგზის ჩემპიონია!

ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე, ევროპირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩეზარე პრანდელის გაწვრთნილი იტალია 4:0 გაანადგურა. სკუადრა აძურა კონტინენტის ჩემპიონატის შესარჩევ და ფინალურ ტურნირზე პირველად დამარცხდა ოთხი ბურთის სხვაობით.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპენინელებს თავიდანვე არ გაუმართლათ, როცა განაპირა მცველი ჯორჯო კიელინი ნაადრევად შესაცვლელი გაუხდათ, ისიც შეგვიძლია ვახსენოთ, რომ შეცვლაზე შესული ტიაგო მოტას ტრავმა და მატჩის ბოლო ნახევარი საათის ათი ფეხბურთელით ჩატარება უიღბლობა იყო, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით: დღეს ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და „წითელმა ხარებმა“ ეს ფინალში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

ესპანეთი პირველი გუნდია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც სამი დიდი ტურნირი ზედიზედ მოიგო. დელ ბოსკეს ნაკრები ამ ფინალამდე გერმანელთა რეკორდის თანაზიარი იყო, მაგრამ კიევური ზეობის შემდეგ, ის პირველია!

უკრაინის დედაქალაქში ესპანეთი მესამედ ავიდა ევრომწვერვალზე და ამით იმავე ბუნდესნაკრების მიღწევა გაიმეორა, თუმცა გუშინდელი მატჩით გერმანელთა სხვა რეკორდი მაინც გააუმჯობესა: გუშინდლამდე ევროფინალი არავის მოეგო ოთხი ბურთის სხვაობით. საუკეთესო მიღწევა 1972 წელს, ბელგიაში დაფიქსირდა, როცა ჰელმუტ შიონის გერმანიამ 3:0 სძლია საბჭოთა კავშირის ნაკრებს.

ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა: ანდრეს ინიესტას წამოწყებული კომბინაცია სესკ ფაბრეგასის საჯარიმოში შეჭრით დასრულდა - ბარსელონას გამთამაშებელმა ადვილად ჩამოიტოვა იტალიელთა მარცხენა მცველი ჯორჯო კიელინი და დავიდ სილვას ჩინებული პასი მიაწოდა, მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა კი თავური დარტყმით გაიტანა გოლი - 1:0. ეს 26 წლის ფეხბურთელის მეთვრამეტე გოლი იყო ქვეყნის პირველ გუნდში. სილვამ, ისევე, როგოროც ნაკრების წევრთა უმრავლესობამ, მეორედ მოიგო ანრი დელონეს სახელობის თასი, ანდრეს ინიესტა კი ევრო 2012-ის ერთ-ერთმა სპონსორმა კარლსბერგმა ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

ტაიმის დასრულებას ოთხი წუთი უკლდა, როცა ესპანელთა უპირატესობა გაიზარდა: ხავი ერნანდესის ბრწყინვალე პასის შემდეგ ხორდი ალბა ჯანლუიჯი ბუფონთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა - 2:0. 23 წლის მცველმა ნაკრებში ჩატარებულ მეთერთმეტე შეხვედრაში პირველი გოლი შეაგდო. მომავალ სეზონში ის ბარსელონაში ითამაშებს: კატალონიურმა კლუბმა მის სანაცვლოდ თოთხმეტი მილიონი ევრო გადაუხადა ვალენსიას.

თამაშის მიწურულს, როცა იტალია უკვე ათი ფეხბურთელით დარჩა და ღირებულს ვერაფერს ქმნიდა, დელ ბოსკეს გუნდმა კიდევ ორი გოლი გაიტანა: 84-ე წუთზე ფერნანდო ტორესმა მესამედ შეარხია ბუფონის კარის ბადე - 3:0. 28 წლის ფეხბურთელმა გუშინ 98-ე შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში და 31-ე გოლი შეაგდო. სხვათა შორის, მან პირველი ბურთი ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით სწორედ იტალიასთან გაიტანა 2004 წლის 28 აპრილს, გენუაში, ამხანაგურ მატჩში. ამ ზუსტი დარტყმის წყალობით ლონდონის ჩელსის ფორვარდი გახდა პირველი, რომელმაც ევროპის ორი ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა: 2008 წელს ესპანეთმა მისი ზუსტი დარტყმით მოუგო გერმანიას.

88-ე წუთზე ჩელსის კიდევ ერთმა მოთამაშემ გაიტანა: შეცვლაზე შესულმა ხუან მატამ გაიხარა - 4:0. 24 წლის ნახევარმცველმა მეთვრამეტე სანაკრებო მატჩში მეექვსე გოლი შეაგდო. სხვათა შორის, მატამ 2006 წელს 19-წლამდელთა შორის, 2011 წელს კი 21-წლამდელებში მოიგო კონტინენტის ჩემპიონის ტიტული!

ხუან მატამ გოლი ფერნანდო ტორესის პასის შემდეგ შეაგდო, ამ ზუსტი გადაცემის წყალობით კი ეს უკანასკნელი ევრო 2012-ის ოქროს ბუცს დაეუფლა - მარიო მანჯუკიჩის, მარიო გომესის, მარიო ბალოტელის, კრიშტიანუ რონალდუს და ალან ძაგოევის დარად ტორესმაც სამი ბურთი გაიტანა, თუმცა კონკურენტებს მეტი ზუსტი პასის წყალობით აჯობა.

მერე მსაჯის საფინალო სასტვენი იყო, რამაც საფეხბურთო სამყაროს ესპანელთა კიდევ ერთი დაუვიწყარი გამარჯვების შესახებ ამცნო. ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილიასმა მეორედ აღმართა მთავარი ევროჯილდო და ამით ტურნირის ისტორიაში შევიდა, პირენეელებმა კი იტალია ოფიციალურ მატჩებში 92 წლის მანძილზე პირველად დაამარცხეს.

„ჩვენ დავმარცხდით გუნდთან, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში, რომელმაც დღეს უკეთესად ითამაშა და ამიტომ ვთვლი, რომ გულდასაწყვეტი არაფერია. ცხოვრებაში ხანდახან ისეთი თამაშებიც გიწევს, როცა თავს ზემოთ ძალაა არაა და ერთადერთი, რაც გრჩება, ეს მოთმინებაა. ვულოცავ მეტოქეს, ისინი ღირსეული ჩემპიონები არიან,“ - განაცხადა დამარცხებულთა კაპიტანმა ბუფონმა, რომელმაც გუშინ ეროვნულ გუნდში 120-ე შეხვედრა ჩაატარა.

„სანამ მომხდარს გავაანალიზებ, გეტყვით, რომ ადრე თუ გვიან ჩვენც წავაგებთ... იტალიამ შესანიშნავად ითამაშა ამ ტურნირზე და ვთვლი, რომ ძალიან გაგვიმართლა ოთხი ბურთით რომ მოვიგეთ. ცხადია, მეტოქეს ძალიან დააკლდა ტრავმირებული მოთამაშე... ეს ესპანეთის ნაკრების ბრწყინვალე ეპოქაა და მიხარია, რომ კვლავ გავიმარჯვეთ! 2008 წელს ლუის არაგონესმა დასახა გზა, რომელსაც მივყვებით და ხედავთ, რომ ჯერჯერობით ისევ ვიგებთ. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, ბრწყინვალე ბიჭები... ჩემპიონობა დიდებული რამაა!“ - ვისენტე დელ ბოსკემ ფიფას ოქროს თასის შემდეგ ანრი დელონეს სახელობის ჯილდოც მოიგო და ამით ლეგენდარული გერმანელი სპეციალისტის ჰელმუტ შიონის რეკორდი გაიმეორა.

მომდევნო შეხვედრას ევროპის ახლა უკვე სამგზის ჩემპიონი ესპანეთი 15 აგვისტოს ჩაატარებს პუერტო რიკოში, პირველი ოფიციალური მატჩი კი კონტინენტის ჩემპიონებს 11 სექტემბერს, თბილისში ელით: ბრაზილია 2014-ის შესარჩევს მსოფლიო ფეხბურთის ლიდერი საქართველოში იწყებს.

* * *

1 ივლისი, 2012. ევრო 2012 – ფინალი. კიევი, ოლიმპიური, 63170

ესპანეთი 4:0 იტალია

გოლები: 1:0 დ.სილვა (14), 2:0 ხ.ალბა (41), 3:0 ფ.ტორესი (84), 4:0 ხ.მატა (88)

ესპანეთი: ი.კასილიასი (კაპ), ა.არბელოა, ს.რამოსი, ხ.პიკე, ხ.ალბა, ს.ბუსკეტსი, ხ.ალონსო, ხავი, ა.ინიესტა (ხ.მატა 87), დ.სილვა (პ.როდრიგესი 59), ს.ფაბრეგასი (ფ.ტორესი 75)

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

იტალია: ჯ.ბუფონი (კაპ), ი.აბატე, ლ.ბონუჩი, ა.ბარძალი, ჯ.კიელინი (ფ.ბალძარეტი 21), ა.პირლო, კ.მარკიზიო, რ.მონტოლივო (ტ.მოტა 57), დ.დე როსი, მ.ბალოტელი, ა.კასანო (ა.დი ნატალე 46)

მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

გაფრთხილება: ხ.პიკე, ა.ბარძალი

მსაჯები: პ.პროენშა (პორტუგალია); ბ.მირანდა (პორტუგალია), რ.სანტუში (პორტუგალია)

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები