ცვლილებები მთავრობაში

ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნას უცხოური მედია ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის დანიშვნას უცხოური საინფორმაციო სააგენტოები ეხმაურებიან.

Reuters – ი წერს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი ახლო მოკავშირე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დაასახელა.

„სააკაშვილმა, რომელიც არჩევნების წინ ახლად შექმნილ ოპოზიციურ ჯგუფთან სულ უფრო მზარდ კონკურენციას აწყდება, განაცხადა, რომ მერაბიშვილისგან სურს საქართველოს 16%-იანი უმუშევრობის დაძლევა და სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელება. ახალი პრემიერ-მინისტრი შეცვლის ნიკა გილაურს, რომელსაც ეს პოსტი 2009 წლის თებერვლის შემდეგ უკავია და ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის და 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ხანმოკლე ომის დროს მართავდა.“ – წერს სააგენტო.

Reuters – ი აღნიშნავს, რომ 44 წლის მერაბიშვილი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გახდა 2003 წლის უსისხლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რევოლუციის, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. სააგენტო აგრეთვე დასძენს, რომ 2004 წლის დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა პოლიციის რეფორმას და კორუფციასთან ბრძოლას, რის გამოც ზოგიერთი საერთაშორისო ინსტიტუტის და დამკვირვებლების შექება დაიმსახურა.

„საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, ახალი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“, სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამორჩება. მაგრამ კოალიციამ საკუთარ აქციებზე ამ კავკასიურ სახელმწიფოში, სადაც 4.5 მილიონი მოსახლეა, მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა შეკრიბა. ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ნაბიჯის მიზანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებაა.“ – წერს სტატიის ავტორი.

France-Presse კი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მისი ძლევამოსილი შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ახალ პრემიერ-მინისტრად დაასახელა, რაც შემოდგომაზე დაგეგმილი მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ მოულოდნელი ნაბიჯი იყო.

გამოცემა დასძენს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილს წარადგენს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, თანამდებობაზე, რომლის უფლებამოსილებაც დღემდე შეზღუდულია, თუმცა პოლიტიკურად ის წამყვანი პოზიცია ხდება კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ, რომელიც პრეზიდენტის აღმასრულებელ ძალაუფლებას ზღუდავს მომავალი წლიდან.

France-Presse – ი წერს, რომ ივანე მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა პოპულარულ და საერთაშორისოდ აღიარებულ პოლიციის რეფორმას, რამაც აღკვეთა მექრთამეობა, თუმცა ის იმავდროულად ოპოზიციის მკაცრი კრიტიკის ობიექტია 2011 და 2007 წლებში საპროტესტო დემონსტრაციების ძალადობრივი დარბევების გამო.

„დასავლეთის მოკავშირე საქართველომ შემოდგომაზე ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს და ამ ფონზე მთავრობა სერიოზული გამოწვევის წინაშეა მილიარდერი მაგნატის ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გახდა და რომელმაც პირობა დადო, რომ სააკაშვილის პარტიას დაამარცხებს.“ – აღნიშნავს გამოცემა.

 

კომენტარები