არენა

ირანის მზარდი გავლენა ახლო აღმოსავლეთში

ის, რომ ახლო აღმოსავლეთი, ავღანეთთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე ცხელი რეგიონია, საკამათოც არ არის. ამ რეგიონის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს ირანი წარმოადგენს, რომლის საგარეო პოლიტიკის ყველაზე ყბადაღებული კომპონენტი ბირთვული პროგრამაა. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აჰმადინეჟადის რეჟიმი, ურანის გამდიდრების პარალელურად, საგარეო ასპარეზზე გავლენის გასაფართოებლად სხვა გზებსაც იყენებს.

ირანის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკას ეძღვნება ვრცელი მოხსენება, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრებმა – American Enterprise Institute-მა და Institute for Study of War-მა გამოაქვეყნეს. ტექსტის ავტორები ამომწურავად აღწერენ თუ რას აკეთებს აჰმადინეჟადის რეჟიმი იმისთვის, რომ ხელიდან არ გაუშვას ის შესაძლებლობები, რაც ირანს უკანასკნელ ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა – ერთი მხრივ, ერაყიდან ამერიკული ჯარის გასვლამ, ხოლო მეორე მხრივ, არაბულმა გაზაფხულმა – შეუქმნა.

რეგიონში, სადაც ქვეყნების უმრავლესობას სუნიტური არაბული სახელმწიფოები წარმოადგენენ, შიიტური ირანის ერთადერთი სუვერენული მოკავშირე წლების მანძილზე სირიაა. ძირითადი საყრდენი კი, 1979 წლის ისლამური რევოლუციიდან მოყოლებული, ექსტრემისტული ორგანიზაციები – ჰამასი და ჰეზბოლა არიან.

დაჯგუფებებს, რომლებსაც ტერორისტულად მიიჩნევს შეერთებული შტატები და ევროპის ბევრი ქვეყანა, ირანი აფინანსებს და აიარაღებს. ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერებს ახლო ურთიერთობა აქვთ ირანის სამხედრო მაღალჩინოსნებთან. თუმცა, არაბული გაზაფხულის ტალღაზე ჰამასმა ირანისა და სირიისგან ეგვიპტეზე გადაორიენტირება დაიწყო, სადაც პრეზიდენტად მისი მონათესავე ორგანიზაციის – მუსლიმური საძმოს კანდიდატი მუჰამედ მურსი აირჩიეს.

არაბული გაზაფხულის შემყურე ანალიტიკოსები ირანსა და ეგვიპტეს შორის ურთიერთობების დათბობის პერსპექტივაზე ალაპარაკდნენ. ამ სპეკულაციებს ბიძგი მისცა იმან, რომ მუბარაქის გადადგომის შემდეგ, პირველად ათწლეულების მანძილზე, ეგვიპტის დროებითმა მთავრობამ ირანის ორი კუთვნილი (არასამხედრო) გემი გაატარა სუეცის არხში. ამას მოჰყვა ირანის მიერ ეგვიპტეში ელჩის დანიშვნა, რაც ასევე აღსანიშნავი ნაბიჯია, იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ 1979 წელს გაწყდა, როდესაც კემპ დევიდის შეთანხმებით ეგვიპტემ ისრაელთან მშვიდობა დაამყარა.

მართალია, ამაზე შორს მათი ურთიერთობა არ წასულა, მაგრამ არ ვიცით ეგვიპტის ახლადარჩეული ისლამისტი პრეზიდენტი მომავალში რა პოლიტიკას აირჩევს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მისი ინტერვიუ, სადაც მუჰამედ მურსი კემპ დევიდის შეთანხმების გადახედვაზე საუბრობს, მაგრამ მოგვიანებით, მან ეს ინტერვიუ უარყო – განაცხადა, რომ საერთოდ არ მიუცია. ამის მიუხედავად, ანალიტიკოსები ირანის მიმართულებით სუნიტური ეგვიპტის პოლიტიკის ცვლილებას არ გამორიცხავენ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ საგარეო ფრონტზე აქტიურობისთვის ახალ ლიდერს ბევრი დრო არ დარჩება, რადგან ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას უნდა მიხედოს.

ამასთან, პრეზიდენტის და პარლამენტის ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ეგვიპტელი სამხედროები სერიოზულ ბერკეტებს კვლავაც ინარჩუნებენ, მათ კი სწორება ძველებურად ამერიკაზე აქვთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე მსხვილ დახმარებას შეერთებული შტატებისგან, ისრაელის შემდეგ, სწორედ ეგვიპტე იღებს.

რეალურად, ირანთან თანამშრომლობა ეგვიპტეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დივიდენდებს არ ჰპირდება. ისრაელთან და ამერიკასთან ურთიერთობის გართულების გარდა, მას პრობლემები შეექმნება სხვა არაბულ სახელმწიფოებთანაც. ასადის რეჟიმის მხარდაჭერით, ირანი ისედაც უქრობს სუნიტ სახელმწიფოებს მასთან ურთიერთობის სურვილს.

არაბული გაზაფხულის გამო ირანმა შესაძლოა დაკარგოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი სუვერენული მოკავშირე – სირია, სადაც შიდა პოლიტიკურმა კონფლიქტმა სექტარიანული ხასიათი მიიღო. მმართველი ასადის რეჟიმი ალავიტების მუსლიმურ სექტას ეკუთვნის, მის წინააღმდეგ კი იბრძვიან სუნიტები, რომლებიც სირიის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.

ერთი მხრივ, ირანი ცდილობს, რომ არაბული გაზაფხული ანტიდასავლურ, ისლამურ გამოღვიძებად შერაცხოს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს, მეორე მხრივ, ასადის გამო სირიელი სუნიტების იგნორირება უწევს. სირიის რეჟიმის უპირობო მხარდაჭერამ ირანსა და მის სხვა მოკავშირეებს (მაგალითად, ჰამასს) შორის ბზარი გააჩინა.

ირანი წლების მანძილზე აიარაღებდა სირიას, რისი მიზანიც მისი ისრაელის საპირწონედ გამოყენება იყო. ამას გარდა, სირია ჰეზბოლასა და ჰამასის იარაღით მომარაგებასა და წვრთნაში საკვანძო როლს ასრულებდა. სირიელებს ამჟამად არსენალში აქვთ Scud-ის ტიპის განახლებული რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრზე მეტია, ახალი რუსული SS-21 (მოქმედების რადიუსი 120 კმ) რაკეტები, მობილური და განახლებული გამშვები პუნქტები.

თუ ასადი არაბულ გაზაფხულს გადაურჩა, იგი კიდევ უფრო მეტად იქნება ირანზე და რუსეთზე დამოკიდებული. სირიაში სუნიტური ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, ის სხვა სუნიტურ ქვეყნებსა და თურქეთს დაუახლოვდება. ჰეზბოლასა და ჰამასისათვის იარაღის მიწოდების გზები ირანმა შესაძლოა ჩაანაცვლოს, მაგრამ სირიის დაკარგვის შემთხვევაში ტერორისტული ორგანიზაციების ამარა დარჩება. სირიას ირანს ვერც ერაყი შეუცვლის, რადგანაც ასადის რეჟიმის დაკარგვით ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი ხიდი ჩაიშლება.

სირიის მეზობელ ლიბანში ირანი ჰეზბოლას მეშვეობით დომინირებს პოლიტიკურ სიტუაციაზე. 2006-ში ისრაელი

ლიბანის სამხრეთში შეიჭრა და ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა – რის შემდეგაც ექსტრემისტებმა ყურადღება პოლიტიკაზე გადაიტანეს და მთავრობაში მოსვლაც შეძლეს – 2011 წელს ლიბანის პრემიერმინისტრი ჰეზბოლას სასურველი კანდიდატურა ნაჯიბ მიკარი გახდა.

ჰეზბოლა სახელმწიფოში სახელმწიფოს წარმოადგენს. მან ფაქტობრივად დაიკანონა საკუთარი არმია. აქვს თავისი სატრანსპორტო (აეროპორტის ჩათვლით) და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. ქრისტიანთა გავლენა ლიბანში დღითი დღე მცირდება, ხოლო პოლიტიკური დაპირისპირება, ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების მსგავსად, შიიტებისა და სუნიტების შეჯახების სახეს იღებს.

ირანი ჰეზბოლას გავლენის ზრდას ახალისებს. ისრაელის შეტევის შემდეგ, ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ აჰმადინეჟადის რეჟიმისგან დახმარების სახით 1.1 მილიარდი ამერიკული დოლარი მიიღო, აღადგინა განადგურებული ინფრასტრუქტურა და უფრო მძლავრი შეიარაღებით აღიჭურვა.

ჰეზბოლა იმდენად გაძლიერდა, რომ ირანის კლიენტიდან ლამის მის პარტნიორად გადაიქცა, თუმცა ირანის დახმარებაზე კვლავ დამოკიდებულია და ამას არც მისი ლიდერი, ჰასან ნასრალა მალავს. საერთაშორისო სანქციების გამო, ჰეზბოლას ირანის ფინანსური დახმარება 2011 წლიდან შეუმცირდა. ისრაელსა და ირანს შორის მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, პირველი იმედოვნებს, რომ ჰეზბოლა, ჰამასი და სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციები ისრაელს დამატებით ფრონტებს გაუხსნიან.

ირანის კიდევ ერთი ინსტრუმენტი ჰამასია, თუმცა ეს უკანასკნელი ირანთან არასოდეს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ჰეზბოლა, ეს კი, შეიძლება, ნაწილობრივ, რელიგიური განსხვავებებით (ჰამასი არა ირანის მსგავსად შიიტური, არამედ სუნიტური ორგანიზაციაა) აიხსნას. ისრაელთან ბრძოლისთვის ირანი ჰამასს უხვად აფინანსებდა – 2009 წლამდე. შემდეგ ირანის გულუხვობა საერთაშორისო სანქციებმა შეზღუდა.

ირანის მიერ სირიელი სუნიტების იგნორირება ჰამასთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახა. ორგანიზაციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ირანის გამო ისრაელთან ომში არ ჩაებმებიან. ჰამასსა და ირანს შორის ურთიერთობათა გაციებასთან ერთად, თეირანი პალესტინურ ტერიტორიებზე მოქმედ მეორე ექსტრემისტულ ჯგუფზე, ისლამურ ჯიჰადზე გადაერთო. ეს უკანასკნელი ჰამასზე მცირე ორგანიზაციაა და ფინანსური თვალსაზრისით მთლიანად ირანზეა დამოკიდებული. ამიტომ ირანზე დაწესებული სანქციები მასზე პირდაპირ აისახება.

ირანის საგარეო პოლიტიკამ ბოლო 4 წლის მანძილზე ყველაზე დიდ წარმატებას ერაყში მიაღწია და ამერიკელთა მიერ დატოვებული პოლიტიკური ვაკუუმი შეავსო. ეს ქვეყანა ირანის ანტიდასავლური ე.წ. წინააღმდეგობის ღერძის მნიშვნელოვანი ნაწილია სირიასთან, ჰეზბოლასა და ჰამასთან ერთად. ამას გარდა, ერაყი თავისი, ერთი მხრივ, მსხვილი და მეორე მხრივ, არალეგალური ბაზრით, ირანს მცირედით მაინც უმსუბუქებს ეკონომიკურ სანქციებს.

აჰმადინეჟადის რეჟიმი ერაყში შიიტური ფრაქციების კონსოლიდაციას ცდილობს, თუმცა სუნიტურ და ქურთულ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობასაც არ ერიდება. ის ერაყის ექსტრემისტულ მოძრაობებსაც (კათაიბ ჰეზბოლას, აღთქმული დღის ბრიგადასა და ასაიბაჰლ ალ-ჰაქს) აფინანსებს და აიარაღებს, ხოლო შემდეგ ერაყის ხელისუფლებაზე გავლენის ბერკეტად იყენებს.

ერაყში პოლიტიკური ძალთა ბალანსის შეცვლას ობამას საგარეო პოლიტიკამაც შეუწყო ხელი. ამერიკული ჯარის დაჩქარებულ გაყვანასთან ერთად, მნიშვნელოვნად შემცირდა შეერთებული შტატების ჩართულობა და გავლენა ერაყის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე. ამგვარი პოლიტიკის შედეგი 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვიხილეთ, როდესაც იად ალავის ზომიერი შიიტებისა და სუნიტების კოალიციამ, საპარლამენტო არჩევნებზე პირველი ადგილის მოპოვების მიუხედავად, ხელისუფლებაში მოსვლა ვერ შეძლო. ობამას ადმინისტრაციის პასიურობის პირობებში მთავრობა მაინც პრემიერმინისტრ ნური ალ-მალიქის შიიტურმა პარტიამ ჩამოაყალიბა – ეს უკანასკნელი, თეირანის დახმარებით, მოქთადა ალ სადრის რადიკალურ ძალებს შეეკრა.

მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა 2011 წელს ერაყი დატოვეს, ქვეყანაში კვლავ გამძაფრდა რელიგიური (სუნიტებსა და შიიტებს შორის) და ეთნიკური (არაბებსა და ქურთებს შორის) დაპირისპირებები. ექსტრემისტული მოძრაობების გაძლიერების ფონზე სუსტად გამოიყურება ცენტრალური ხელისუფლება. თუ ამერიკელთა ყოფნის დროს, ნური ალ-მალიქის შეეძლო მათსა და ირანს შორის ლავირება, ახლა ის სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული შიიტ მეზობელზე. საერთაშორისო სანქციებისა და სირიაში გაურკვეველი მდგომარეობის გამო, ირანი ყველანაირად ეცდება, ერაყში მოპოვებული გავლენა არ დაკარგოს.

ირანი საკუთარი გავლენის განვრცობას აღმოსავლეთით, ავღანეთშიც ცდილობს. იქ მისი მიზანი ამერიკელთა გასვლის დაჩქარება და შიიტური პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა გახლავთ.

თალიბანი სუნიტური ექსტრემისტული მოძრაობაა და მას ირანი საფრთხედ აღიქვამს, მაგრამ ამერიკის პოზიციების შესუსტებისთვის ის იდეოლოგიურად განსხვავებული თალიბანის დახმარებას სულაც არ ერიდება. ამას გარდა, WikiLeaks-ზე გაჟონილი მასალების მიხედვით, ირანელებს ავღანელი რელიგიური პირებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მოსყიდული ჰყავთ, მათ შორის არიან ოფიციალური პირები პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, პარლამენტიდან და სამინისტროებიდან.

American Enterprise Institute-ისა და Institute for Study of War-ის მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ ირანის ახლოაღმოსავლური საგარეო პოლიტიკა თანმიმდევრულია. მაშინ როცა შეერთებული შტატების ამჟამინდელ ხელისუფლებას ამ მიმართულებით თანმიმდევრულობა აკლია.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო კონტინგენტის მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ, ამერიკას მანევრირების ნაკლები საშუალება ექნება, მიიჩნევენ მოხსენების ავტორები. ირანის როგორც სამხედრო და პოლიტიკურ, ისე სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მზარდ გავლენაზე ადეკვატური პასუხი, მათი აზრით, ჯერჯერობით, შეერთებულ შტატებს არ გააჩნია.

კომენტარები