საპატრიარქო

სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტსა და გიგი უგულავას ირგვლივ განვითარებული მოვლენები არ განიხილება

საპატრიარქოში 5 ივლისს დაგეგმილ წმინდა სინოდის სხდომაზე სტუდია GNS-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის შედეგად შექმნილ ვითარებაზე არ იმსჯელებენ. ამის შესახებ ტაბულას საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრში განუცხადეს. საპატრიარქოში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუასა და გიგი უგულავას ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილება.

საპატრიარქოს თანამშრომელმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ წმინდა სინოდის მიერ საერო პირებთან დაკავშირებულ ვითარება არ განიხილება.

გადაცემა "კვირის რეპორტაჟში" პირველ ივლისს გავიდა სიუჟეტი, რომელშიც, გადაცემის წამყვან ნანა ლეჟავას ინფორმაციით, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ფარულად არის ჩაწერილი. მიტროპოლიტი ჟურნალისტს უყვება, რომ "საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი გიგი უგულავასგან, პატრიარქის მიმართ ხშირად ადგილი აქვს ხმამაღალ საუბარს და ზოგჯერ ყვირილსაც".

აღნიშნული საკითხის კომენტირებისას გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ”ძალიან დასანანი და სამწუხაროა, როდესაც სასულიერო პირი ასეთი ტყუილისა და ცილისწამების უფლებას აძლევს თავს".

თავად მეუფე სერაფიმეს კი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს.

 

 

კომენტარები