აღმოჩენა

მეცნიერები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ჰიგსის ბოზონი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ატომური კვლევების ევროპული ცენტრიდან - CERN, ჟენევაში გამოაცხადეს, რომ ნაპოვნია სუბატომური ნაწილაკი, რომელიც ჰიგსის ბოზონის პარამეტრებს ემთხვევა. ჰიგსის ბოზონი, რომელსაც ”ღმერთის ნაწილაკსაც” ეძახიან, ჰიპოთეტური ნაწილაკია, რომელიც მატერიას მასას აძლევს. მეცნიერები ჰიგსის ბოზონს 45 წლის მანძილზე ეძებდნენ, მის აღმოსაჩენად კი საყოველთაოდ ცნობილი დიდი ადრონული კოლაიდერი აშენდა. ის ათი მილიარდი დოლარი დაჯდა. 

ცერნის ექსპერიმენტი ფიზიკას ახალ საფეხურზე ასვლას ჰპირდება. დიდ ადრონულ კოლაიდერში ფუნდამენტური ფიზიკური თეორიები და ასევე დიდი აფეთქების თეორია ტესტს გაივლის. ფიზიკის ელემენტარული ნაწილაკების თეორიაში, რომელიც სტანდარტული მოდელის სახელით არის ცნობილი, ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იქნება პიკი, რომელიც სტანდარტული მოდელის სისწორეს დაამტკიცებს. როგორც ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკოსმა, ლივერპულის უნივერსიტეტიდან, ტარა შირსმა BBC-ის განუცხადა ”ჰიგსის ბოზონი ჩვენ  გვჭირდება იმისთვის, რომ ავხსნათ რა არის მასა. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ის იმისთვისაც გვჭირდება, რომ ავხსნათ სამყარო - თუ ნაწილაკებს მასა არ ექნებოდათ, არ იქნებოდნენ ვარსკვლავები, გალაქტიკები და ატომებიც კი. ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა დაამტკიცებს, რომ ჩვენ ვიყენებთ სწორ მეთოდს სამყაროს ასახსნელად”.

მეცნიერები ამბობენ, რომ ”ღმერთის ნაწილაკის” აღმოჩენაში საბოლოოდ დასარწმუნებლად მათ დასჭირდებათ დამატებითი მონაცემები და საფუძვლიანი ანალიზი. თუ რეზულტატები ამის შემდეგაც ძალაში დარჩება, მაშინ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენა ამ საუკუნეში.

ჰიგსის ბოზონი წარმოადგენს ნაკლულ ნაწილს სტანდარტული მოდელისთვის - თეორიისთვის რომელიც აღწერს ურთიერმოქმედებებს მიკროსამყაროში. თუმცა ბევრი მკვლევარი ამბობს, რომ სტანდარტული მოდელი, მხოლოდ შესავალია რაღაც სხვა თეორიის, რომელიც შეძლებს ახსნას ე.წ შავი მატერიისა და შავი ენერგიის არსებობა, სუპერსიმეტრია, დამატებითი განზომილებები და ა.შ

მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას M თეორია წარმოადგენს, რომელსაც აქვს პრეტენზია ყველაფერი ახსნას.  

 

კომენტარები