განათლების ეროვნული ცენტრი

მიმინოშვილი პრეზიდენტს პასუხობს

მაია მიმინოშვილი
ირაკლი ბლუიშვილი

მაია მიმინოშვილი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ განათლების ახალი მინისტრის წარდგენისას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი.

სოციალურ ქსელ Facebook-ზე განთავსებულ განცხადებაში მიმინოშვილი მისი და მისი კოლეგების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსამართლოს და დაუმსახურებელს უწოდებს.

მიმინოშვილი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების იდეა ალეკო კარტოზიას მინისტრობისას გაჩნდა, ამ პროექტის განხორციელება  "უდავოდ ამ ხელისუფლების" დამსახურებაა.  

ამასთან, მიმინოშვილი ეხმაურება პრეზიდენტის ბრალდებას, რომ რეალურად ერთიანი გამოცდა სკოლისგან განსხვავებული პროგრამით ტარდება.  განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროს მიერ შექმნილმა კომისიამ დაადასტურა, რომ საგამოცდო პროგრამები სასწავლო გეგმებთან სრულ შესაბამისობაშია.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი იმაზეც საუბრობს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები "პრივილეგირებულებისათვის" არ იყო შექმნილი. "ამაში აბიტურიენტები და სტუდენტებიც დამეთანხმებიან. ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საქართველოს პირველ პირს. ის ამბობდა, და სრულიად ვეთანხმები, რომ ამ გამოცდებმა საქართველოს რაიონების, სოფლების მოსწავლეებს გზა გაუხსნა პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლებისაკენ" - ნათქვამია განცხადებაში.

სააკაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი 11 თვის განმავლობაში არაფერს აკეთებდა და მხოლოდ 1 თვის განმავლობაში მუშაობდა, მიმინოშვილი პირადად მისი და მისი კოლეგების "დაუმსახურებელ შეურაცხყოფად" მიიჩნევს და აცხადებს - "გარდა მისაღები გამოცდებისა, ცენტრი საატესტატო, სასერტიფიკაციო, სამაგისტრო და სტუდენტთა გამოცდებს ატარებს, ასევე ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას (2011 წლის ბოლომდე საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს) კიდევ რამდენიმე აქტივობას, აღარაფერს ვამბობ საცდელ ტესტირებებზე. ეს ყველაფერი ყოველდღიურ, უმძიმეს შრომას მოითხოვს 12 თვის განმავლობაში! ისე, ვერაფრით ვხსნი, რატომ დასახელდა ასეთი უცნაურად დიდი ხელფასები, რომელთაც რეალურთან საერთო არ აქვს..."

კომენტარები