Flying Bach

Red Bull Flying Bach თბილისში

0 კომენტარი

„დაე, Das wohltemperierte Klavier თქვენს დღიურ პურად იქცეს!” – წერდა შუმანი თავის ნაშრომში „მუსიკის სახლი და ცხოვრების კანონები”. მერწმუნეთ, იოჰან სებასტიან ბახის ეს „ძველი აღთქმა პიანისტებისათვის” დღიურ პურზე ბევრად დიდი შემოსავლის მომტანი აღმოჩნდა რამდენიმე ბერლინელი ქუჩის მოცეკვავისათვის, რომლებიც თბილისს ესტუმრნენ.

მატონიზირებელი სასმელის კომპანია Red Bull-ისა და ბერლინელი ბრეიქდანსერების ერთობლივი პროექტი ქუჩის ცეკვისა და იოჰან სებასტიან ბახის კლასიკური მუსიკის სინთეზია, რომელიც მოსაწყენ კამერულ კონცერტს დინამიკურ სანახაობად აქცევს; ბრეიქდანსს კი მეტროპოლისის ჩიხებიდან კონსერვატიულ თეატრალურ დარბაზებში შეღწევის საშუალებას აძლევს და ამით პოტენციური მაყურებლის ასაკობრივ (ისევე, როგორც სოციალურ) ამპლიტუდას ზრდის.

საქართველო, ჯგუფის – Flying Steps მსოფლიო ტურნეს მეორე გაჩერება იყო. რუსთაველის თეატრში ბერლინელი მოცეკვავეების დასმა Red Bull-თან ერთად შექმნილი შოუს, Red Bull Flying Bach-ის წარმოდგენა გამართა.

Flying Steps ბრეიქდანსერების მულტინაციონალური ჯგუფია, რომელიც 1993 წელს ბერლინში, ლიბანელმა ვართან ბასილმა და თურქმა კადირ მემისმა (მეტსახელად „ამიგო”) შექმნეს. Red Bull-თან თანამშრომლობა ბევრად გვიან დაიწყეს – როდესაც მათ, სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად, უკვე მოგებული ჰქონდათ Red Bull Beat Battle და უკვე იყვნენ Battle of The Year-ის ორგზის გამარჯვებულები.

ბერლინურ ჯგუფს მრავალფეროვნად არა მხოლოდ წევრების წარმომავლობა, არამედ ურბანული და თანამედროვე ქორეოგრაფიის თითქმის ყველა მიმდინარეობის შერწყმაც აქცევს. თუმცა ჰიპ-ჰოპის, Contemporary Dance-ისა და ბრეიქდანსის აღრევის შემდეგ, იოჰან სებასტიან ბახის მუსიკაზე ბალერინას გამოჩენა ჩვენს პოსტმოდერნისტულ ეპოქაშიც კი ერთგვარი კულტურული შოკის გამომწვევი აღმოჩნდა.

ერთი მხრივ, სადა, დეკორაციისგან თითქმის სრულიად დაცლილი მიზანსცენა, მხოლოდ ორი პიანისტი სცენის კუთხეებში, ბახის ფუგები, Das wohltemperierte Klavier, იაპონელი ბალერინა იუი კავაგუში; მეორე მხრივ კი, გამოკვეთილად ურბანულ, აფრო-ამერიკულ სტილში ჩაცმული რამდენიმე ბრეიქდანსერი ბიჭი და სიურრეალისტური ვიდეოები სცენის უკანა კედელზე – ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კომპონენტები წარმოდგენის დაწყებიდან პირველივე წუთზე იმდენად ჰარმონიულ სანახაობას ქმნიდნენ, რომ მომავალი 70 წუთის მანძილზე, მაყურებლისთვის ბახის კლასიკური მუსიკა და თავზე ბზრიალა ქუჩის ბიჭები განუყოფელ ელემენტად იქცნენ.

ბერლინელი ბრეიქდანსერები, რომლებიც ბახს „ერთ-ერთ თავისიანად” მოიხსენიებენ და მის შესახებ ზუსტად ისე საუბრობენ, როგორც, მაგალითად, Flying Steps-ის წევრ Lil Rock-ზე, ამბობენ, რომ ბახმა ისინი აქამდე უცნობი სამყაროთი – კლასიკური მუსიკით დააინტერესა და თითქმის ყოველთვის, როდესაც კლასიკას უსმენენ, ფიქრობენ, როგორ შეიძლება ამა თუ იმ ნაწარმოების ქორეოგრაფიასთან მისადაგება.

ვართან ბასილი: ბრეიქდანსისა და ხელოვნების სხვა მიმდინარეობის შერწყმაზე არაერთხელ გვიფიქრია. არჩევანი კლასიკურ მუსიკაზე შევაჩერეთ. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ბრეიქდანსერებს კლასიკურ მუსიკაზეც შეგვეძლო ცეკვა. შემდეგ გავიცანით ბერლინის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი კრისტოფ ჰაგელი, რომელსაც ჩვენი იდეის შესახებ ვუამბეთ და იოჰან სებასტიან ბახის მუსიკაც სწორედ მან შემოგვთავაზა. ჰაგელის თქმით, თითოეულ ჩვენგანს, ასე ვთქვათ,

თითო მუსიკალური ბგერა, ჟღერადობა უნდა აეღო და ის ქორეოგრაფიულ ენაზე „გადმოეთარგმნა”, რაც შემდეგ შეერთდებოდა და ერთ კომპოზიციად იქცეოდა. თუკი ამას მოვახერხებდით, მაშინ მართლაც შევძლებდით რაღაც ახლის შექმნას. საკითხისთვის ოდნავ მათემატიკური კუთხით უნდა შეგვეხედა. ვცადეთ და საბედნიეროდ, გამოგვივიდა. ამას მოჰყვა დრამატურგიული ხაზის შემუშავება, შემოვიდნენ პერსონაჟები, შეიკრა ამბავი, გაჩნდა კონფლიქტი და მისი გადაჭრის გზა.

ხშირად, კლასიკურისა და თანამედროვეს შერწყმა აუდიტორიის მხრიდან არცთუ ისე ერთგვაროვნად აღიქმება. როგორ რეაგირებს მაყურებელი Red Bull Flying Bach-ზე?

ჩვენი მთავარი მიზანი ახალგაზრდობისთვის კლასიკური მუსიკის ტრენდულად ქცევა იყო. უფროსი თაობა კი უნდა დაგვერწმუნებინა, რომ ბრეიქდანსი არასერიოზული ქუჩის ცეკვა კი არა, ქორეოგრაფიის ისტორიაში თავისი ადგილისა და დატვირთვის მქონე მიმდინარეობაა, რომლის შეხამება კლასიკურ მუსიკასთანაც კი შესაძლებელია.

ქართველმა მაყურებელმა შოუ ძალიან კარგად მიიღო. ზოგადად, Flying Bach ინტერნაციონალური, ყველა წარმომავლობის მაყურებლისთვის მარტივად აღსაქმელი და გასაგები პროექტია – კლასიკური მუსიკა ერთხელ მაინც მოუსმენია ყველას. თანაც, ჩნდება ქორეოგრაფია, რომელიც ვერბალური ხელოვნებისგან განსხვავებით, ყველასთვის გასაგებია. შესაბამისად, ამბავი, რომელსაც ჩვენ მოგითხრობთ, ქართველს, გერმანელს და ნებისმიერ სხვას ერთნაირად ესმის.

უკვე ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომლის პრემიერაც 2012 წელს ბერლინში გაიმართება. თუკი ისიც Red Bull Flying Bach-ივით წარმატებული იქნება, მაშინ ისევ მსოფლიო ტურნეს მოვაწყობთ. იმედი მაქვს, საქართველოშიც ჩამოვალთ.

Red Bull Flying Bach ძალიან სინთეზური პროექტია, რომელიც განსხვავებულ მიმდინარეობებს, ჟანრებს, მედიებსა და ხელოვნების დარგებს აერთიანებს. რით აღმოჩნდა ეს პროექტი საინტერესო პირადად თქვენთვის?

იუი კავაგუში: ბალეტი იაპონიაში ვისწავლე, თუმცა ის, რასაც Red Bull Flying Bach-ისთვის ვაკეთებ, ტრადიციული იაპონური ბალეტისგან განსხვავდება. ბერლინში ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ კლასიკური ევროპული ბალეტიც არ იყო ბოლომდე ის, რისი კეთებაც მინდოდა. დღესაც ვმუშაობ სოლო დადგმებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯერ ისევ საკუთარი თავისა და სტილის ძიებაში ვარ. ხშირად მქონია განცდა, რომ რაღაც ახლის ცდის დრო მოვიდა. ძალიან

გამიმართლა, რომ მოვხვდი ისეთ მრავალფეროვან პროექტში, სადაც შემიძლია ვიცეკვო ბალეტი და, ამავდროულად, შეხება მქონდეს მისგან სრულიად განსხვავებულ ჟანრებთან.

გარდა იმისა, რომ ბრეიქდანსერების გარემოცვაში ერთადერთი ბალერინა ხართ, ჯგუფის ერთადერთი მდედრობითი სქესის წევრიც ხართ. რა პასუხისმგებლობაა ეს თქვენთვის?

მიახლოებით იგივეა, რაც იყო ქალი მამაკაცების საფეხბურთო გუნდში. ეს ხუმრობით. სინამდვილეში, ძალიან რთულია, აჰყვე მამაკაცების ვარჯიშის ტემპს. შემოქმედებითად, მათთან თანამშრომლობა ჩემთვის წარმოუდგენლად საინტერესოა, მაგრამ ფიზიკური თვალსაზრისით, ხანდახან ნამდვილად მიჭირს.

ვინ არის თქვენი სასურველი მაყურებელი?

ჩემი ოჯახი და იაპონელი მეგობრები. და რა თქმა უნდა, ბახი!

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები