წმინდა სინოდი

სინოდის განჩინებით, ღვთისმსახურთა მონაწილეობა პოლიტიკურ აქციებში მიუღებელია

დღეს საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომიდან რამდენიმე საათში სინოდის განჩინება, მათ შორის ღვთისმსახურთა მონაწილეობაზე პოლიტიკურ აქციებში და ID ბარათების საკითხზე, მედიას გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გააცნო.

სინოდის გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პოლიტიკური პარტიის აქციაში მიუღებელია. ”წმიდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს - განაცხადა მიტროპოლიტმა და დაამატა: ”ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი”.

რაც შეეხება ID ბარათებს, წმინდა სინოდი აცხადებს, რომ სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. თუმცა, სინოდის განჩინებით, რადგან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, სთხოვენ საქართველოს მთავრობას, თუ შესაძლებელია, დაუშვან ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.

წმინდა სინოდმა იმსჯელა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებითაც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენის მომხრეა, თუმცა, აცხადებენ : ”ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია, აქ სამუშაოები გაგრძელდეს საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით.”

 

კომენტარები