ისრაელი-რუსეთი

პუტინის ვიზიტი ისრაელში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პოსტზე მესამე ვადით არჩევის შემდეგ პირველი საგარეო ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვია. 25 ივნისს პუტინი თელ-ავივში საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან და სხვა 400 ჩინოვნიკთან და ბიზნესმენთან ერთად ჩავიდა. ვიზიტის ოფიციალური მიზეზი ისრაელის ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქ ნეთანიაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მონუმენტის გახსნა იყო.

ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და რუსეთს გარკვეული საერთო ინტერესები აქვთ. ორივე მათგანი ყურადღებით აკვირდება რეგიონში თურქეთის გავლენის ზრდას. ისრაელიც და რუსეთიც საფრთხედ მიიჩნევენ ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელებას. ამას გარდა, რუსეთს ისრაელის სამხედრო ტექნოლოგიები, პირველ რიგში, უპილოტო საფრენი აპარატები აინტერესებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსები მზად არიან 50 მილიონის საფრენი აპარატები შეიძინონ მართვის ცენტრებთან ერთად. რუსეთი აგრეთვე ინტერესდება ისრაელის სანაპიროს გასწვრივ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის საბადოებით. ორ ქვეყანას შორის იზრდება ვაჭრობის მოცულობაც.

მიუხედავად საერთო პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესებისა, ისრაელისა და რუსეთის დაახლოების გზაზე სირია და ირანი დგანან. ორივე მათგანს რუსეთი ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით ეხმარება. მის მიერ სირიისთვის მიწოდებული იარაღი ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლას ხელში აღმოჩნდებოდა ხოლმე, რაც ისრაელის უსაფრთხოებას ემუქრებოდა. რუსები ირანს ბირთვული პროგრამის განვითარებაშიც ეხმარებოდნენ და გაეროში მასზე საერთაშორისო სანქციების დაწესებასაც ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ეს ქმედებები ისრაელის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ამერიკასთან ოპონირებითაა გამოწვეული.

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ირანის და სირიის გამო, ისრაელელი პოლიტიკოსების ნაწილი რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას სკეპტიკურად უყურებს. ისრაელური გამოცემა Haaretz-ის მიხედვით კი, ქვეყნის პრეზიდენტ შიმონ პერესსა და პუტინს შორის ირანის შესახებ საუბარმა ცივად ჩაიარა. ოპოზიციურმა პარტიამ Meretz პუტინის ვიზიტი გააპროტესტა, სირიაში ასადის რეჟიმის რეპრესიების გაგრძელებისა და მსხვერპლის მატების ფონზე კი პრემიერმინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუსა და პუტინის შეხვედრას მორალურად გაუმართლებელი უწოდა.

ისრაელელ პოლიტიკოსებს სკეფსისს გაუძლიერებდა პუტინის ვიზიტის მეორე დღე. 26 ივნისს პუტინი დასავლეთ ნაპირზე გადავიდა, პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდა და ისრაელთან უკვე 4 წლის მანძილზე გაყინულ მოლაპარაკებებში დაკავებული „პასუხისმგებლობით სავსე“ პოზიცია შეუქო. რუსეთის პრეზიდენტმა ისრაელიც გააკრიტიკა ცალმხრივი მოქმედებების, უფრო კონკრეტულად კი, დასავლეთ ნაპირზე ახალშენების მშენებლობის გამო და აბასს განუცხადა, რომ რუსეთს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების პრობლემა არ აქვს.

 

კომენტარები