წმინდა სინოდი

წმინდა სინოდი: სად­ღე­ი­სოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ID ბა­რა­თის ვერ­სია არ არის ან­ტიქ­რის­ტეს ბე­ჭე­დი

საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა, რომელშიც გუშინ გამართული სხდომის შედეგად მიღებული განჩინებაა მოყვანილი. სინოდის მიერ განხილულ თემებს შორის პოლიტიკურ აქციებში ღვთისმსახურთა მონაწილეობის, ID ბარათების და ბაგრატის ტაძრის საკითხებია.

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისს სხდომის ოქმის სრულ ვერსიას აქვეყნებს:

„2012 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.

იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:

1. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მოკლედ მიმოიხილა დღევანდელი საერთო ვითარება, ის პრობლემები, რაც მცირე ერებს ემუქრებათ გლობალიზაციის პირობებში; ხაზი გაუსვა სკოლებში მომავალი თაობის სწორად აღზრდის მნიშვნელობას და ამ პროცესში ეკლესიისა და ოჯახის ჩართვის აუცილებლობას, ახალგაზრდების დასაქმების საკითხს და მათთვის გარკვეული პროფესიული უნარ-ჩვევების სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში დაუფლების საჭიროებას;

2. წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს, – არჩევნების წინაპერიოდში, – განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს.

ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის ნეიტრალური, საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი.

3. წმინდა სინოდმა იმსჯელა ბაგრატის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებითაც და განაჩინა: ეკლესია მომხრეა ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენისა, მაგრამ, ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია, აქ სამუშაოები გაგრძელდეს საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით.

4. განხილული იყო საკითხი ახალი ტიპის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. წმინდა სინოდი აცხადებს: სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.

5. სხდომაზე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) წარდგინებით, წმინდანად შეირაცხა საინგილოში მოღვაწე, რწმენისთვის თავდადებული მღვდელი, მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი (1842-1918 წ.წ.). მისი ხსენების დღედ დადგინდა 5 ივლისი.

6. წმინდა სინოდმა მოისმინა მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) მოხსენება საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემატიკასთან დაკავშირებით და განაჩინა: ვინაიდან XIX საუკუნის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით, XX ს-ში, – კომუნისტების მმართველობის ხანაში, მიზანმიმართულად შეიცვალა და გაყალბდა შეხედულება საქართველოს ეკლესიის საზღვრების შესახებ, მკვიდრდებოდა რა აზრი, თითქოს დასავლეთ საქართველო IV-X საუკუნეებში, ანუ 600 წლის მანძილზე, არ იყო ქართული ეკლესიის იურისდიქციაში, ამასთან, თითქოს, ჩრდილო, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში ასევე არ შედიოდა ჩვენი ზოგიერთი ისტორიული რეგიონი, დაევალოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტს, გადადგას რეალური, დროული და ქმედითი ნაბიჯები ათეისტურ პერიოდში შემუშავებული იდეოლოგიის ნაცვლად საქართველოს ეკლესიის ნამდვილი ისტორიის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის.

ხელი შეეწყოს მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) მიერ წარმოდგენილი მასალების დაბეჭდვას და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობილი იმ ჭეშმარიტი აზრის განმტკიცებას, რომ “წმინდა მოციქულმა ანდრიამ იქადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა,” ხოლო წმინდა ნინომ “განანათლა ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა.” (დიდი სჯულის კანონი, 1974, გვ.545-546) და რომ ამას მოწმობენ უცხოური წყაროებიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აზრს სრულად იზიარებს ბატონი ივანე ჯავახიშვილი. იგი წერს: “ანდრია მოციქულიც და წმიდა ნინოც საერთო ქართული ეკლესიის დამაარსებლად და მთელი ერის განმანათლებლად იყვნენ ცნობილნი, საქართველოს სხვადასხვა ნაწილების ცალკე მქადაგებლების გამოძებნის სურვილიც არ ჰქონიათ, რადგან ისინი მთლიანი და განუყოფელი საქართველოს განმტკიცებისა და აღორძინებისათვის იღვწოდნენ.” (ქართველი ერის ისტორია, ტ. III, გვ.47.)

7. წმინდა სინოდზე ითქვა, რომ დღეს აფხაზებიც და ოსებიც უკვე ხშირად გამოთქვამენ აზრს, რომ საქართველოსგან გამოყოფამ საფრთხე შეუქმნა მათ არსებობას. დადგა დრო აფხაზებმაც და ოსებმაც ნათლად გააცნობიერონ, რომ სწორედ ქართველებთან კავშირშია მათი თვითმყოფადობისა და გადარჩენის გარანტია, რისი დადასტურებაცაა ჩვენთან ამ ერების მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება.

დაადგინეს: საქართველოს ეკლესიამ შესაძლებლობისამებრ გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის ძველი ურთიერთობის აღდგენას.”

 

კომენტარები