ღვინო

მოსავლის წელი თუ ჩამოსხმა?

0 კომენტარი

დღეს ერთ მნიშვნელოვან პრობლემას მინდა შევეხო, რომელსაც, შესაძლოა, ბევრი ამჩნევს, მაგრამ ამის შესახებ ცოტა საუბრობს. ვინტაჟის თემას ვგულისხმობ, ანუ მოსავლის წლის აღნიშვნას ეტიკეტზე. მართალია, დღესდღეობით მოსავლის წელი საქართველოში ძალიან ბევრ ღვინოს აწერია, მაგრამ ყველა როდი შეესაბამება თავის ასაკს და ტიპს.

მოგეხსენებათ, ყველა ღვინოს თავისი შესაძლებლობა აქვს – ზოგიერთი ძალიან მალე ბერდება და კვდება, სხვები კი დიდხანს ცოცხლობენ, ვითარდებიან, აღწევენ საუკეთესო ფორმას, შემდეგ იწყება დაღმართი, ღვინო კარგავს ინდივიდუალობას, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ერთ ჩვეულებრივ, უფერულ და უგემურ სითხედ გადაიქცევა.

ღვინის დაძველების ვადები და შესაძლებლობები ადგილზე, ჯიშზე, ღვინის დაყენების მეთოდზე და შენახვის პირობებზეა დამოკიდებული. ცნობილია, რომ ზოგიერთი საფერავი დიდხანს ინახება, ასევე კარგად ინახება კახურად, ქვევრში დაყენებული ღვინოები. ე.წ. თეთრი ევროპულად დაყენებული სუფრის მაინცდამაინც კარგად ვერ ინახება, თუმცა არსებობს ადგილწარმოშობის ღვინო, რომელიც უძლებს დროს და რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო და ღრმა ხდება. და რაც მთავარია, დაძველებულ, დავარგებულ ღვინოში ჩანს დროის კვალი, გნებავთ, მისი მსახვრალი ან პირიქით, ნატიფი ხელი.

ცოტა ხნის წინ ერთი კომპანიის 2006 წლის მუკუზანი დავლიე. ამ ღვინოს კარგად ვიცნობ და მომწონს. ის 2008-შიც გავსინჯე, 2009-შიც და შარშანაც. 2011 წლის ბოლოს კარგად დაძველებული ნიმუში შემხვდა, უკვე ფერშიც ჩანდა ეს, რაც წითელი ღვინის შემთხვევაში ინტენსივობის კლებაში (გამკრთალებაში) და ძოწისფერის, ხანდახან კი აგურისფერის მოჭარბებაშიც გამოიხატება. შარშან გასინჯული 2006 წლის მუკუზანი სწორედ ასეთი იყო, დაძველებული, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გასინჯული იგივე ღვინო გაცილებით ახალგაზრდა და ხალისიანი მეჩვენა, რასაც ნამდვილად არ მოველოდი მეექვსე წელში შესული ღვინისგან.

რატომ ხდება ასე? რის გამოა, რომ შარშან და წელს გასინჯული ერთი და იმავე მოსავლის ერთი და იგივე ღვინო ასე განსხვავდება ერთმანეთისგან? პასუხი მარტივია: ეს ღვინოები სხვადასხვა დროს არის ბოთლში ჩამოსხმული. 2006 წლის ღვინის ნაწილი 2008 წელს ჩამოისხა და ბოთლში დაძველდა, ნაწილი კი 2012 წლის მარტამდე, ტემპერატურული რეჟიმის დაცვით ინახებოდა ცისტერნაში და ბოთლში სულ ახლახან ჩამოისხა. ის, ფაქტობრივად, კონსერვირებული იყო, სწორედ ამიტომაც, მისი გასინჯვის შემდეგ ზოგიერთმა ღვინის მოყვარულმა შეიძლება არც კი დაიჯეროს, რომ საქმე 6 წლის და არა ახალგაზრდა ღვინოსთან აქვს.

დღეს საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილწარმოშობის ღვინო ისხმება და ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ღვინო ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან სხვადასხვა დროსაა ჩამოსხმული. ეს თარიღი კონტრეტიკეტზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ ხოლმე. ხშირად ისე გამოდის, რომ 2005 წლის ღვინოს კომპანია 2007-შიც ასხამს, 2009-შიც და 2011-შიც, რის გამოც ვიღებთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ღვინოებს.

მესმის, რომ ყველაზე მეტი მომხმარებელი ხალისიან ახალგაზრდა, ცოცხალ ღვინოებს ჰყავს, ისიც მესმის, რომ ზოგიერთი კომპანია საერთოდაც არ აწერს მოსავლის წელს ეტიკეტზე, გასაგებია, რომ არსებობს გარკვეული ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში ღვინის ცისტერნებში, ტემპერატურული რეჟიმის ქვეშ შენახვას ითვალისწინებს... მაგრამ როდესაც საუბარი განსაკუთრებულ, ადგილწარმოშობის ღვინოებზეა, მაგალითად, მუკუზანზე, ნაფარეულზე, წინანდალზე და სხვა, ალბათ აჯობებს, მთელი მოსავალი ბოთლში ერთ კონკრეტულ დროს ჩამოისხას, რათა ღვინო თანაბრად განვითარდეს და მომხმარებელი არ დააბნიოს. სხვა თუ არაფერი, უცნაურია, როდესაც 2005 წლის ღვინოს დალევ და აღმოაჩენ, რომ 7 წლის ღვინის ნაცვლად საქმე გაქვს კარგად კონსერვირებულ სასმელთან, რომელმაც ამდენი წელი სულ ტყუილად იცადა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთ ღვინოში ღირსება სწორედ დროსთან ერთად მოდის. მას განვითარების, ზრდის კვალი უნდა ეტყობოდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები