გამოფენა

By Night, ანუ ხელოვნება ღამით

0 კომენტარი

ზუსტად ერთი თვის წინ, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ქუჩაზე – შარდენზე, ღამის გამოფენების ციკლი გაიხსნა. პროექტი, რომლის ძირითადი მიზანიც ხელოვნების სამყაროს ღამის ცხოვრებაში ინტეგრირება გახლდათ, ოთხ სტუდენტურ ნამუშევარს აერთიანებდა.

ოთხი თანმიმდევრული ექსპოზიცია, რომლებიც არქიტექტურით დაწყებული, ვიდეოარტით დამთავრებული, განსხვავებული მედიების საშუალებით იყო გადმოცემული, დღევანდელ სოციუმში, ინდივიდის ეგოსა თუ ურბანულ სამყაროში არსებულ პრობლემებს ეძღვნებოდა.

თითოეული პროექტი იყო ერთგვარი ინტერაქტიული ინსტალაცია, რომელიც დამთვალიერებელს ექსპოზიციის ნაწილად აქცევდა და საგამოფენო პროცესი განსაკუთრებით საინტერესოც სწორედ ამ დროს ხდებოდა.

მაშინ, როდესაც სახსრების, შთაგონების, მუზის, შესაბამისი სივრცის თუ კიდევ ათასი რამის დეფიციტის გამო, თანამედროვე ქართული არტი ყველაზე მეტად სწორედ ინტერაქციას არის მოკლებული, “აკადემია+”-ის მომცრო, კვადრატული ფორმის საგამოფენო სივრცეში შექმნილი პოპარტული, კლაუსტროფობიული ექსპოზიციები შარდენის ქუჩაზე, კოქტეილის მოსაწრუპად მისულ საზოგადოებაზე მცირე შოკური თერაპიის ეფექტს ახდენდა.

ბესო ლეჟავასა და კონსტანტინე კაკაბაძის გამოფენა, სახელწოდებით “ფული ყველაფერია?!”, დამთვალიერებელს ფულის კუპიურების კუბში აქცევდა, სადაც კედელი, იატაკი, ჭერი – ერთი სიტყვით, საგამოფენო დარბაზი, პირობით სივრცედ იქცეოდა და ძვირადღირებულ ჩარჩოში მოქცეული ნამუშევრით დაწყებული, ჰორიზონტისა და კომპასის ოთხივე მხარით დამთავრებული, სამყაროს ყველა საგანს ფულად აქცევდა.

ინსტალაცია, რომელსაც საზოგადოება ფულის ძალასა და მნიშვნელობაზე, საგნების მათი საფასურის ჭრილში დანახვაზე, სულიერი, კულტურული თუ ყოფითი სამყაროს მატერიალიზებასა და, ზოგადად, კაპიტალისტური სისტემის პრობლემებზე უნდა დაეფიქრებინა, გამოფენიდან მესამე დღეს ჩამოიხსნა. მიზეზი მარტივია – ფულის კუპიურის მსგავსი მიზნებისთვის გამოყენებისას, მისი ზომა შესამჩნევად უტრირებული უნდა ყოფილიყო, ექსპოზიციაზე კი კუპიურები ზედმეტად რეალური ზომითა და პრინტით წარმოადგინეს.

“თუ დაიღალე ყველაფერი “დახვეწილისგან”, ხმამაღლა გაიხსენე ფაშიზმი. რენტგენის ფაილზე გამჟღავნებული

ვიდეოპროექცია თანამედროვე მხატვრის არტისტული ქმედების ფუნქციურ რაობაზე მიგითითებს”, – ასე წარადგინა ეთო დავითაშვილის პროექტი “ფაშიზმი – რომელმაც კაცობრიობაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა” By Night-ის კურატორმა და იდეის ავტორმა, ნინო გუჯაბიძემ. ვიდეოინსტალაცია, რომლის ავტორიც სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ეთო დავითაშვილი გახლდათ, განსაკუთრებული ნუგეში საზოგადოების იმ ნაწილისთვის იქნებოდა, რომელსაც კარგად ახსოვს გასულ წელს, ქართული მოდის მრავალრიცხოვან კვირეულთაგან ერთ-ერთზე წარმოდგენილი ჰიტლერისა და სტალინის ინსპირაციით შექმნილი კოლექცია. თანაც, გალერეის ლოკაციიდან გამომდინარე, მსგავსი დამთვალიერებელი ინსტალაციას უხვად ეყოლებოდა.

ციკლის რიგით მესამე გამოფენა, სათაურით “დიალოგი”, მედიაინტეგრირებული ქანდაკების, ვიდეოპროექციისა და ფერწერის შერწყმით შექმნილი ექსპოზიციაა, რომლის ავტორიც ანდრია დოლიძე გახლავთ. “ყოფიერების განცდის მედიტაციურ-კრეატიული იმპულსები საკუთარ თავთან საუბარს ცდილობს, სადაც არტისტული თოქშოუს ხელოვნებად ქცევის მცდელობა სამყაროსთან მუდმივი დიალოგის შეთანხმების აქტით მანიფესტირდება”, – ახასიათებს ნინო გუჯაბიძე “დიალოგს”.

დაბოლოს, ფერწერის, ვიდეოარტის, ქანდაკებისა თუ ინტეგრირებული მედიაინსტალაციის მეშვეობით გამოხატული ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკის, გაპროტესტებული სისტემის, თანმდევი ისტორიული წარსულისა თუ თანამედროვე ინდივიდის საკუთარ თავთან დისონანსის შემდეგ, ჯერი ურბანულ თემატიკაზეც მიდგა:

ციკლის უკანასკნელი ექსპოზიცია გახლავთ ელენე ცერცვაძისა და გიორგი ჩინჩალაძის არქიტექტურული ინსტალაცია,

რომლის კლაუსტროფობიული ესთეტიკა დამთვალიერებელს ერთ მთლიან, უჰაერო, ბნელ ლაბირინთად ქცეულ სივრცეში აგდებდა და დათვალიერებას თავის დაღწევის, გადარჩენის ინსტინქტის გაღვიძების პროცესად აქცევდა.

აღქმის სიმძაფრისა და დამთვალიერებლის ექსპოზიციაში ინტერაქციის თვალსაზრისით, ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი ინსტალაცია, რომელიც არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი პრობლემის – სივრცის დამახინჯების პროცესის მანიფესტაციას ეძღვნებოდა. “ეს პრობლემა ხშირად თავს იჩენს თბილისის არქიტექტურაში, განსაკუთრებით, საცხოვრებელ უბნებში. არასწორი ჩარევის შემთხვევაში კი ისტორიულ ზონებშიც. ჩვენ შევეცადეთ, წარმოგვედგინა ამ პრობლემის შედეგად შექმნილი სივრცის იმიტაცია. სივრცე, რომელშიც თავს შებოჭილად და არაკომფორტულად ვგრძნობთ”, – ამბობენ პროექტის ავტორები.

შესრულების ხარისხსა და აღქმის სიმძაფრეს რომ არ შევეხოთ, ციკლი By Night ორი მიზეზითაა საინტერესო: პროექტები სტუდენტებს ეკუთვნით და დამთვალიერებელს მაქსიმალური ინტერაქცია აქვს ექსპოზიციასთან.

სანამ ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩენილი გრაფიტი “Sorry, where is the museum of contemporary art?” რეალურ გამოხმაურებას ჰპოვებს და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაჩნდება, მანამ By Night-ის მსგავსი პროექტები ორმაგად აქტუალური უნდა იყოს, რადგან სწორედ ისინია ე.წ. contemporary art-ის პოპულარიზაციის, პრაქტიკულად, ერთადერთი საშუალება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები