არქივი

ნიკო ნიკოლაძის ციტატები

ნიკო ნიკოლაძე

“მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა”.

“როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და რა მოუხდება, საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას ჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც, თუ ამისთვის ჭკუა-გონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება. ერიც ასევე შეიძლება მასხარა გახდეს კაცობრიობის თვალში”.

“ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას. უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს”.

“მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებები, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენ თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდაოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს”.

“ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიწევნება, გადაჭარბებული რადიკალიზმი დამღუპველია საქართველოსათვის”.

“ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს. აზიაში და ჩვენთანაც, სადაც ყველას დედა-აზრი ის არის, რომ “მე ვარ და სხვა არავინო”, ყოველი ახალი თაობა ყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს”.

“გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკურ საქმეების მოგვარების საშუალებით იგროვებს უმაღლესი სახელმწიფო საკითხის გადასაწყვეტად”.

კომენტარები