სტატისტიკა

გაზრდილი ინვესტიციები

ღარიბი ქვეყნების შემთხვევაში ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი კაპიტალის ზრდაა. ქვეყანამ დამატებითი კაპიტალი სხვადასხვა გზით შეიძლება მოიძიოს – მაგალითად, აიღოს ვალი უფრო მდიდარი სახელმწიფოსგან, ან დაბეჭდოს მეტი ადგილობრივი ვალუტა. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ქვეყანა თავს მოიტყუებს და პრობლემებს კი არ გადაჭრის, დაიმატებს.

ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ თუ ქვეყანას უნდა, რომ სტაბილური და დივერსიფიცირებული დამატებითი კაპიტალი მოიძიოს, მაშინ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საჭირო პირობები უნდა შექმნას და მაღალკონკურენტულ გარემოში მათ მისაღებად უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკა შეიმუშაოს. სწორედ ამიტომ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ქვეყანაში არა მხოლოდ დასაქმებას უწყობს ხელს, არამედ ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების და საინვესტიციო პოლიტიკის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საზომიც ხდება.

2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით ქვეყანაში 62%-ით მეტი ინვესტიცია შემოვიდა.

ინვესტიციების უდიდესი წილი – 76.6% – საწარმოებზე მოდის. ეკონომიკის სამინისტრო საინვესტიციო წყაროებიდან ასევე გამოყოფს საფინანსო სექტორს – 22.3%-ით და პრივატიზაციას – 1.0%-ით.

უცხოელ ინვესტორებს ყველაზე მეტად დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი აინტერესებთ. 2012 წლის პირველ კვარტალში ამ სექტორში მთლიანი ინვესტიციების 24% შემოვიდა. ასევე რეიტინგული სექტორებია საფინანსო – 23%, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 14%, უძრავი ქონება – 8%, სამთომოპოვებითი მრეწველობა და ენერგეტიკა – 7-7%.

საქსტატის მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში მოზიდულ ინვესტიციებთან ერთად, გაიზარდა ინვესტორი ქვეყნების რიცხვიც. ამ წელს მათ დაემატა: ფინეთი, სლოვაკეთი, მოლდოვა, ბაჰამები, ლიბანი და საუდის არაბეთი. მათ მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა ჯამში 10.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

61 ქვეყნიდან, ყველაზე აქტიური ინვესტორი გერმანიაა, საიდანაც 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მილიონი აშშ

დოლარი შემოვიდა. ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი, 97.8%, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორზე მოდის.

მსხვილი ინვესტორების ათეულში ასევე შედიან: თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ვირჯინიის კუნძულები, იაპონია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კვიპროსი, საფრანგეთი და საუდის არაბეთი. ამ ქვეყნებისთვის ყველაზე მიმზიდველია დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორები.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკით უფრო მეტად განვითარებული და მდიდარი ქვეყნები ინტერესდებიან. მთლიანი ინვესტიციების 99.5% ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ქვეყნებზე (OECD) მოდის. ამ ორგანიზაციაში შემავალი ოთხი ქვეყნის (იაპონია, აშშ, ავსტრალია და კანადა) გარდა, ყველა ევროკავშირის წევრია. ინვესტიციების 44.3% ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდის, დსთ-ს წილი კი მთლიანი ინვესტიციების 12.7%-ია. რაც შეეხება საქართველოს უშუალო მეზობლებს, თურქეთი და აზერბაიჯანი ინვესტორი ქვეყნების ათეულში, რუსეთი და სომხეთი კი – ოცდაათეულში შედიან.

2011 წელს საქართველოში სულ 980.6 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, 2011 წელი იყო პირველი, როცა გლობალურმა პირდაპირმა უცხოურმა

ინვესტიციებმა 2008 წლის კრიზისამდელი პერიოდის მაჩვენებლებს გადააჭარბა: 17%-იანი წლიური ზრდის შედეგად, 1.5 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

იმავე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, 2012 წელს, გლობალურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. ამ ინვესტიციებისთვის აზიის ქვეყნები შეიძლება აღარ იყოს ძველებურად მიმზიდველი და არაა გამორიცხული, ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის ქვეყნებმა ჩაანაცვლონ. ამ ანალიზის მიხედვით, განვითარებულ სახელმწიფოებზე მეტი მიმზიდველობა განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ.

2012 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ყველაზე დიდი ბარიერი განვითარებულ ქვეყნებში არსებული ვალის მძიმე მდგომარეობა, ფინანსური ბაზრების კრიზისის პირველი ნიშნები და ევროს ჯერ კიდევ გაურკვეველი მომავალი იქნება.

კომენტარები