არაბული გაზაფხული

პოსტრევოლუციურ ეგვიპტეში ღრმა სახელმწიფო ბრუნდება

0 კომენტარი

მუსლიმური საძმოს მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ. ტაჰრირის მოედანი
-17 ივნისს ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, მუსლიმური საძმოს კანდიდატმა მოჰამედ მორსიმ ხმათა 52 პროცენტით გაიმარჯვა – ექსპრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის უკანასკნელი პრემიერმინისტრი, საჰაერო ძალების ყოფილი გენერალი და სამხედროების ფავორიტი აჰმედ შაფიქი დაამარცხა. მორსი, რომელიც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ფართომასშტაბიან ეკონომიკურ რეფორმებს ჰპირდებოდა, არაბული ქვეყნების პირველი არჩეული ისლამისტი ლიდერი იქნება. მისი პროგრამის საკვანძო ასპექტები თავისუფალი ბაზრის წახალისება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო, მაგრამ რეფორმების გასატარებლად, მუსლიმურ საძმოს, პრეზიდენტის პოსტის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობაც სჭირდება.

საზეიმო განწყობა მუსლიმურ საძმოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14 ივნისის და ეგვიპტის სამხედრო ძალების უზენაესი საბჭოს 17 ივნისის გადაწყვეტილებებმა გაუფუჭეს. სასამართლომ, რომლის წევრებიც პოსტებზე ჯერ კიდევ

პრეზიდენტობის კანდიდატი მოჰამედ მორსი
მუბარაქმა დანიშნა, ქვეყნის საარჩევნო კანონი არაკონსტიტუციურად ცნო და 6 თვის წინ არჩეული პარლამენტი დაშალა. 508-წევრიანი პარლამენტის ქვედა პალატაში მუსლიმურ საძმოს (უფრო სწორად, თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიას) 235 წევრი ჰყავდა, ჯამში კი ისლამისტური პოლიტიკური ძალები პარლამენტის 80 პროცენტს აკონტროლებდნენ. ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

სასამართლომ იმავე დღეს გააუქმა კანონი პოლიტიკური იზოლაციის შესახებ, რომელიც მუბარაქის დროინდელ ჩინოვნიკებს პოლიტიკურ უფლებებს უზღუდავდა. კანონის გაუქმებით შაფიქს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

ეგვიპტის საკონსტიტუციო სასამართლოს ადრეც დაუშლია პარლამენტი. ასე მოხდა 1987 და 1990 წლებში, როდესაც სასამართლომ სამი წლით ადრე არჩეული პარლამენტების წინააღმდეგ გამოიტანა განაჩენი. 2000 წელს სასამართლომ არაკონსტიტუციურად მაშინ ცნო საარჩევნო კანონი, როდესაც ამ კანონით არჩეული პარლამენტი თავის ვადას უკვე ამთავრებდა. როგორც ჩანს, წელს სასამართლომ უფრო ოპერატიულად მოქმედება არჩია.

17 ივნისს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, სამხედრო ძალების უმაღლესმა საბჭომ, რომელიც ქვეყანას უკვე წელიწად-ნახევარია მართავს, კონსტიტუციური დეკრეტი გამოსცა. მისი მეშვეობით სამხედროებმა პოლიტიკური ძალაუფლებები გაიფართოვეს, პრეზიდენტის კონტროლიდან გამოიყვანეს თავდაცვის სამინისტრო და მისი ბიუჯეტი, პრეზიდენტს კი უფლება-მოვალეობები შეუმცირეს. ამას გარდა, დეკრეტის მიხედვით, საბჭო შექმნის ახალ კომისიას, რომელიც ქვეყნის მომავალ კონსტიტუციაზე იმუშავებს. საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამხედროების გადაწყვეტილება ეგვიპტელმა და დასავლელმა მიმომხილველებმა კონტრრევოლუციად შეაფასეს. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ნათან ბრაუნმა საბჭოს მოქმედებებს სამხედრო გადატრიალების კონსტიტუციონალიზაცია უწოდა.

ნაკლებად სავარაუდოა, მუსლიმური საძმო და სხვა ისლამისტური პოლიტიკური ძალები არაბული გაზაფხულის შედეგად მოტანილი პოლიტიკური უფლებების ასე დაკარგვას შეეგუონ. მუსლიმურმა საძმომ დაგმო პარლამენტის დაშლა, ძველი საკონსტიტუციო კომისიის გაუქმება და სამხედრო საბჭოს დეკრეტი. ის პროტესტის ნიშნად დემონსტრაციების დაწყებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, სამხედროებმა ტონი შეარბილეს და განაცხადეს, რომ არ სურთ ძალაუფლების უზურპაცია. ახლადარჩეულ პრეზიდენტს ისინი თვის ბოლოს ძალაუფლების გადაცემასა და ამის აღსანიშნავად, გრანდიოზულ საზეიმო ცერემონიალს ჰპირდებიან.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ, ისე სამხედროების დეკრეტმა დაადასტურა, რომ ეგვიპტეს რეალურად ისევ ე.წ. ღრმა სახელმწიფო – სამხედროები, უსაფრთხოების ძალები, ბიუროკრატია – მართავს და სასამართლო სისტემასაც აკონტროლებს. ღრმა სახელმწიფოს მმართველობა ეგვიპტეში 1952 წლიდან გრძელდება, როდესაც მუჰამად ალის დინასტია გადავარდა. მას შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტები (მუჰამად ნაგიბი, გამალ აბდელ ნასერი, ანვარ სადათი და ჰოსნი მუბარაქი) სამხედრო პირები იყვნენ, მუსლიმური საძმო კი მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციაში იმყოფებოდა. არაბული გაზაფხულის შემდეგ მისი ერთ-ერთი უპირველესი მიზანი ახალი კონსტიტუციის შემუშავება იყო, ეს კი პირდაპირ შეუქმნიდა საფრთხეს სამხედრო ელიტის ძალაუფლებას.

მუბარაქის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, მისმა გარემოცვამ რეორგანიზება და რეკონსტრუქცია მოახერხა. ბოლო წლინახევრის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სამხედროები ერთიან პოზიციას ინარჩუნებდნენ და ნათლად გამოხატული მიზნები ჰქონდათ. შედეგად, მათ ქვეყნის მასშტაბით განიმტკიცეს ძალაუფლება. ბოლო დეკრეტის მიხედვით, ახალ პრეზიდენტს იმდენი ძალაუფლება ექნება, რამდენსაც სამხედროები დაუთმობენ. მიუხედავად მუბარაქის პერიოდში დაბრუნების საშიშროებისა, აღსანიშნავია ეგვიპტის მოსახლეობის ინდიფერენტულობა ტაჰრირის მოედანზე არაბული გაზაფხულის დროინდელ დემონსტრაციებთან შედარებით. ქვეყანა ამ დემონსტრაციებით გადაიღალა და მოსახლეობამ ერთიანობა დაკარგა.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები და ქალაქების ღარიბი მოსახლეობა თავს უფლებას ვერ მისცემენ, რომ კიდევ ერთხელ ჩაებან გრძელვადიან პოლიტიკურ ბრძოლაში. მათი ეკონომიკური მდგომარეობა ხომ ტურიზმზეა მიბმული, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის სტაბილურობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მოსახლეობის ეს ფენები, შესაძლოა, შედარებით მარტივად დათანხმდნენ (სტაბილურობის სანაცვლოდ) ისეთ პოლიტიკურ სცენარს, რომლის წინააღმდეგაც 2011 წლის დასაწყისში ქუჩაში გამოვიდნენ.

სამხედროები მუსლიმური ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურ როლს თამაშობენ, ვიდრე ქრისტიანულ სახელმწიფოებში. კორუმპირებული და ხარბი სამოქალაქო ჩინოვნიკების საპირისპიროდ, სამხედროები მოსახლეობის ფართო ფენების ინტერესების გამთვალისწინებლებად აღიქმებიან – ეს შეხედულება მუსლიმურ ქვეყნებში მამლუქებისა და იანიჩრების დროიდან იღებს სათავეს. ეგვიპტის მოსახლეობა სამხედრო ელიტას, როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის არბიტრს, უარყოფითად არ უყურებს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეგვიპტის სამხედრო ელიტა სამხედრო გამარჯვებების ნაცვლად, ბიზნესინტერესებით უფროა გამორჩეული. ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭება კი მათივე კეთილდღეობის დაცვით უნდა იყოს ნაკარნახევი.

პოსტმუბარაქისეულ ეგვიპტეში ღრმა სახელმწიფოს სტაბილურობას ლიბერალური პოლიტიკური ძალების სისუსტე და მათი ისლამისტებთან შეუთანხმებლობაც უწყობს ხელს. ეგვიპტის ლიბერალური პოლიტიკური ძალების ნაწილს ქრისტიანი კოპტები შეადგენენ და უმცირესობაში არიან – მათი რაოდენობა 8 მილიონს (მოსახლეობის 10%) არ აღემატება და ისლამისტების მმართველობას ისევ სამხედროები ურჩევნიათ. ისინი ისლამისტებს, უფრო კონკრეტულად კი მუსლიმურ საძმოს, სამხედროებთან გარიგებაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ისლამისტებს ლიბერალურ ძალებთან თანამშრომლობის პერსპექტივა არ ხიბლავთ.

კოპტები და სხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები, მუსლიმურ საძმოზე მეტად მათ მოკავშირე პურიტან სალაფიტებს უფრთხიან. საძმოს სალაფიტები და სხვა (რადიკალი) ისლამური პოლიტიკური ძალები პარლამენტში უმრავლესობის მისაღწევად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად სჭირდება. უმცირესობები ეჭვობენ – როგორ მოიქცევიან ისლამისტები, თუ ისინი მთავრობის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოებს გააკონტროლებენ. სწორედ ამიტომ, ქრისტიანები საპრეზიდენტო არჩევნებზე შაფიქს მიემხრნენ. როგორც ეგვიპტელი ჟურნალისტი ჰანი ნუკრალა აღნიშნავს, ქრისტიანებსა და მოსახლეობის საშუალო ფენას რთული არჩევანის გაკეთება უწევს ქოლერასა და შავ ჭირს – ერთი მხრივ ისლამურ, მეორე მხრივ კი პოლიციურ სახელმწიფოს – შორის.

შესაძლოა, სამხედროებს აქტიურ ქმედებებზე გადასვლა სწორედ ისლამისტების პოპულარობამ და მათ მიერ ძალაუფლების ერთბაშად მოპოვების შესაძლებლობამ აიძულა. მეორე მხრივ, სამხედროებს შეიძლება პრაგმატული გათვლაც ჰქონდეთ. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მუსლიმურ საძმოს არც დრო და არც რესურსი არ ჰქონდა ეგვიპტის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესაცვლელად. მისი და სხვა ისლამისტური პარტიების პოპულარობა იკლებს და არაა გამორიცხული, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ერთპიროვნულ გამარჯვებას ვეღარ მიაღწიონ.

ეგვიპტეში მოვლენების განვითარებას აკვირდება ამერიკაც. სამხედროების გადაწყვეტილებებმა ქვეყანაში ამერიკის გავლენის შემცირება აჩვენა. ამერიკელთა მიზანი ეგვიპტეში შიდა პოლიტიკური კონფრონტაციის გამწვავების თავიდან აცილება იქნება. მათ ეგვიპტელებისთვის 1.3-მილიარდდოლარიანი სამხედრო დახმარების პაკეტი ჰქონდათ გამზადებული. 1979 წელს კემპ დევიდის შეთანხმების ხელმოწერისა და ისრაელთან მშვიდობის დამყარების შემდეგ,

პროტესტი საკონსტიტუციო სასამართლოსთან. კაირო
ეგვიპტე ამერიკისგან ისრაელის შემდეგ ყველაზე მსხვილ ფინანსურ დახმარებას იღებდა ყოველწლიურად. ფინანსური დახმარებების პაკეტი ამერიკის ეგვიპტეზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტია.

ეგვიპტეს ალჟირის არცთუ სასიამოვნო მაგალითი აქვს. 1991 წელს ალჟირში დამოუკიდებლობის მოპოვების (1962) შემდეგ პირველად ჩატარდა მულტიპარტიული არჩევნები, სადაც ისლამისტებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ეგვიპტის მსგავსად, მათი ერთ-ერთი უპირველესი მიზანი ახალი კონსტიტუციის შემუშავება იყო, მაგრამ სამხედრო გადატრიალების შემდეგ არჩევნების შედეგები გაუქმდა, ქვეყანა კი სამოქალაქო ომის ალში გაეხვია. კონფლიქტი 2002 წლამდე გაგრძელდა და მას 200 ათასი ადამიანი შეეწირა. ეგვიპტეში, მოსახლეობის მდინარე ნილოსის გასწვრივ, ვიწრო ზოლში კონცენტრირების გამო, კონფლიქტის შედეგები შეიძლება უფრო მძიმე გამოდგეს.

ალჟირის კონფლიქტი სამთავრობო ძალების გამარჯვებით დასრულდა და არაბული გაზაფხული ამ ქვეყანაში იმიტომაც არ დადგა, რომ მოსახლეობას ჯერ კიდევ ნათლად ახსოვდა 1990-იანი წლების სისხლიანი დაპირისპირება. ალჟირში ისლამისტების დამარცხებამ შეიძლება ეგვიპტელი სამხედროები დაარწმუნოს, რომ რისკის გაწევა ღირს და პრეზიდენტისთვის დაპირებული ცერემონიალის გამართვა გადააფიქრებინოს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები