საფრანგეთი

სოციალისტებმა ორმაგი მანდატი მიიღეს

სოციალისტური პარტიის ლიდერი მარტინ ობრი

სოციალისტური პარტიის ლიდერი მარტინ ობრი
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 57.70%-იანი გამარჯვებით სოციალისტურმა პარტიამ ქვედა პალატის აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუმ განაცხადა, რომ პარლამენტში 331-მანდატიანი წარმომადგენლობა მათ ცვლილებების ახალი კანონებით განხორციელების საშუალებას მისცემს.

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებს ხშირად საპრეზიდენტო არჩევნების „მესამე ტურსაც” უწოდებენ. 2002 წლიდან, იმისათვის, რომ ახალ პრეზიდენტსა და მის მთავრობას „ორმაგი მანდატი” გადაეცეს, ერთმანეთის მიყოლებით საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ქვეყნის ახალ ლიდერს უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში საკუთარი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა ეძლევა.

წელს საპარლამენტო არჩევნები ორ ტურად, 10 და 17 ივნისს გაიმართა. პირველ ტურში, სოციალისტების ალიანსმა 39.9% და 25 მანდატი მოიპოვა, მემარჯვენეებს 34% და 11 ადგილი ერგოთ, ხოლო ნაციონალურმა ფრონტმა 6,91%-ით ვერცერთი მანდატის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა მისთვის მეორე ტური უფრო წარმატებული აღმოჩნდა – პირველად 1980-იანი წლების შემდეგ, 2 მანდატი მიიღო, რაც, კრიტიკოსების შეფასებით, ანტიემიგრაციული და ანტიევროპული პარტიების მიმართ მზარდ მხარდაჭერაზე მიუთითებს. თავად პარტიის ლიდერი, მარინ ლე პენი, ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ ენან-ბომონში სოციალისტ კანდიდატთან დაახლოებით 100 ხმით დამარცხდა. მიუხედავად ამისა, მან არჩევნების შედეგები „უზარმაზარ წარმატებად” შეაფასა.

ლე პენის 22 წლის დისშვილი მარიონ მარეშალ-ლე პენი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარი გახდა მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელთა ხმები გაიყო – სოციალისტმა კატარინ არკილოვიჩმა კონსერვატორი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურის მოხსნაზე უარი თქვა, რამაც ნაციონალური ფრონტის წარმომადგენელს გამარჯვების საშუალება მისცა.

დასკვნით ტურში ნიკოლა სარკოზის ყოფილ თანაპარტიელებს ხმების 44,13% და 229 ადგილი ერგოთ, მწვანეთა პარტიამ კი სოციალისტებთან ალიანსით 18 მანდატის მოპოვება შეძლო და საფრანგეთში პირველად ჩამოაყალიბებს მწვანეთა საპარლამენტო ჯგუფს.

არჩევნებს ინტრიგების გარეშე არ ჩაუვლია – დასავლეთში მდებარე ქალაქ ლა როშელში, ოლანდის ყოფილი მეგობარი ქალი და მისი ოთხი შვილის დედა, სეგოლენ რუაიალი დამარცხდა. მისი საარჩევნო კამპანიის დროს, საფრანგეთის პირველმა ლედიმ ვალერი ტრიერვეილერმა სოციალური ქსელის, Twitter-ის საშუალებით თავისი მხარდაჭერა ოლივიე ფალორნის, რუაიალის მეტოქის მიმართ გამოხატა. დამარცხების აღიარებასთან ერთად სეგოლენ რუაიალმა „პოლიტიკურ ღალატზეც” ისაუბრა.

სენატისა და პარლამენტის ქვედა პალატის გაკონტროლებით ფრანსუა ოლანდმა გადასახადების გაზრდის მანდატი მოიპოვა. პრეზიდენტის თქმით, ახალ პარლამენტში მისი უპირველესი პრიორიტეტები დაბალანსებული ბიუჯეტის 2017 წლამდე გადადება, საშემოსავლო გადასახადების გაზრდა და 60 ათასი ახალი მასწავლებლის დასაქმება იქნება.

ფრანსუა ოლანდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, რთული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მწვანეების,

სოციალისტური პარტიის კანდიდატი ლა როშელში სეგოლენ რუაიალი
უკიდურეს მემარცხენეთა და მემარცხენეთა ფრონტისგან დამოუკიდებლად აძლევს. საფრანგეთის ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ ბიუჯეტის 10-მილიარდევროიანი დეფიციტის შევსებას, ძირითადად, გადასახადების გაზრდით მოახერხებს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნიდან კაპიტალის გადინების საფრთხეს შექმნის.

შეიძლება ითქვას, რომ ოლანდის პარტიას ფრანგი ამომრჩევლისგან საპრეზიდენტო დონეზე, სენატში, ეროვნულ ასამბლეაში, რეგიონებისა და დეპარტამენტების უმრავლესობაში, ასევე დიდ ქალაქებსა და კომუნებში პოლიტიკური ძალაუფლების ყველა ბერკეტი გადაეცა. ამჟამად ევროპელ ლიდერებს შორის ოლანდი ყველაზე ძლიერ პოზიციაში იმყოფება.

ევროკომისიის პროგნოზით, საფრანგეთის ბიუჯეტის დეფიციტი 4.2%-ია, ხოლო ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდეს. ამის ნაცვლად, ოლანდი 120 მილიარდით ზრდის ხარჯებს და ქამრების შემოჭერის პოლიტიკას უპირისპირდება.

კომენტარები