ფოკუსი

ჩრდილები შუადღისას ქრებიან

0 კომენტარი

ფოტო: ფოტო: REUTERS
ხანდახან ძნელია გაექცე შთაბეჭდილებას, რომ თანამედროვე ქართული პოლიტიკური სინამდვილე თითქოს უძრაობის პერიოდის საბჭოთა კინოს ჟანრის კანონების მიხედვით ვითარდება. შუაგულ საარჩევნო კამპანიაში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც კაბინეტის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა წევრმა ვანო მერაბიშვილმა მისი ჩრდილოვანი გავლენის შესაბამისი ფორმალური თანამდებობა დაიკავა.

ზურაბ ჟვანიას შემდეგ, მერაბიშვილი პირველი პოლიტიკური პრემიერია. მთავრობის ხელმძღვანელის როლი საქართველოს სახელმწიფოებრივ მოწყობაში ახალი კონსტიტუციით ისედაც იზრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკური სინამდვილის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა წინმსწრები ტემპით დაიწყო.

ძნელი სათქმელია როგორ განვითარდება მოვლენები 2013 წლის შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება და საკონსტიტუციო რეფორმა ძალაში შევა, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მართვის მოდელზე გადავა. ერთი წლის მანძილზე საქართველოში ზოგჯერ იმაზე მეტი რამ იცვლება, რასაც სხვა ქვეყნები 10 წელიწადს ანდომებენ. მიუხედავად ამისა, ერთი რამ უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას – პუტინიზაციის სცენარმა დამაჯერებლობა დაკარგა.

მართალია, მერაბიშვილის გაპრემიერებამ ერთი კონკრეტული შეთქმულების თეორია გარკვეულწილად გააქარწყლა, მაგრამ კონსპიროლოგი კასანდრები იხტიბარს არ იტეხენ და მორიგი აპოკალიფსის შესახებ გვამცნობენ – მათი მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრის გაპრემიერება საქართველოს პოლიციურ სახელმწიფოდ ქცევის ავბედითი ნიშანია. ისინი თავიანთ მთავარ ფუნქციას, როგორც ამას უინსტონ ჩერჩილი განმარტავდა, ზედმიწევნით კარგად ასრულებენ –

ფოტო: ფოტო: REUTERS
წინასწარმეტყველებენ მომავალს და შემდეგ ხსნიან, თუ რატომ არ ახდა იგი.

გულთმისნობა რომ გვერდზე გადავდოთ, თავისთავად საინტერესოა, რას მოასწავებს შინაგან საქმეთა მინისტრის დაწინაურება. მერაბიშვილის სახელი პოლიციის წარმატებულ რეფორმასთან ასოცირდება, მაგრამ მისი კარიერა ამით არ დაწყებულა. სამხრეთ საქართველოში დაბადებული, კათოლიკური უმცირესობის წარმომადგენელი პრემიერმინისტრი საზოგადოებრივ ასპარეზზე 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნული მოძრაობის რიგებში გამოჩნდა. შემდგომში მან საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა, რომლის მიზანიც გლეხებისა და მეწარმეების მიწაზე ახლადგაჩენილი კერძო საკუთრების უფლების დაცვა იყო.

პოლიტიკაში, შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევით მოხვდა. 1999 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მოქალაქეთა კავშირის სიაში ვანო მერაბიშვილი ბოლო აღმოჩნდა მათ შორის, ვინც აირჩიეს. ცოტა ხანში, ის ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

მოქალაქეთა კავშირის რიგებიდან, პირველმა ვანო მერაბიშვილმა განუცხადა დასავლურ მედიას, რომ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება არ გააჩნდა. 2001 წელს ის ამ საკითხზე Washington Post-ს ესაუბრა. ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში მერაბიშვილი აღნიშნავდა, რომ საქართველოში შეუძლებელი იყო სერიოზული ბიზნესის კეთება, თუ პრეზიდენტის ნათესავი არ იყავი.

2003 წელს მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. ის დღესაც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიას უდგას სათავეში. ეს საარჩევნო ციკლი ივანიშვილის 6 მილიარდის გარეშეც გარდამტეხია: მიხეილ სააკაშვილი თავის ორ საპრეზიდენტო ვადას ასრულებს, ახალ კონსტიტუციას კი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი პარლამენტში გადააქვს.

ივანიშვილის გამოჩენისას, ბევრი იმედოვნებდა, რომ მმართველი პარტიის ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი და საარჩევნო კონკურენციის ზრდა პოლიტიკურ ცხოვრებას გააჯანსაღებდა. ამის ნაცვლად, სულ უფრო იზრდება საფრთხე, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა შესაძლოა უპასუხისმგებლო სოციალისტურ შეჯიბრებაში დეგენერირდეს.

შორსმიმავალი დასკვნები ჯერ ნაადრევია, თუმცა მთავრობის ახალი პროგრამა სახელწოდებით “მეტი სარგებელი ხალხს” ამგვარი შიშების გაფანტვას ხელს ნამდვილად არ უწყობს – განსაკუთრებით, ისეთი ინიციატივები, როგორიცაა 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგება. ზუსტი გათვლები ჯერ გამოქვეყნებული არაა, მაგრამ უკანასკნელი აღწერის მონაცემებით თუ ვიხელმძღვანელებთ, მთავრობას ვაუჩერებზე 4 წელიწადში მილიარდ ორასი მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს.

მიუხედავად არაერთი რეფორმისა, რომელმაც საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის გარემო გააუმჯობესა, დასაქმების სფეროში არსებითი გარდატეხა ჯერ არ მომხდარა. ვარდების რევოლუციის შემდგომ მშპ თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. თუმცა, ეკონომიკური ზრდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე განხორციელდა. დღეს უმუშევრობის მაჩვენებელი 15%-ია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მაჩვენებელმა პიკს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს მიაღწია და ბოლო ორი წელია განუხრელად მცირდება. ანალოგიური მაჩვენებელი 2003 წელს 11% იყო.

ამ ფონზე და საარჩევნო კონკურენციის პირობებში, გასაკვირი არ არის, რომ მთავრობამ დასაქმების საკითხს გვერდი ვერ აუარა. ამ პრობლემის პრიორიტეტულობის ხაზგასასმელად, მან ახალი უპორტფელო – დასაქმების სახელმწიფო მინისტრის – პოსტიც შექმნა. თუმცა საეჭვოა, ახალმა ბიუროკრატიულმა სტრუქტურამ სიტუაცია არსებითად შეცვალოს. გარდა იმისა, რომ ამომრჩეველთა ნაწილში უმუშევრობის ბეჭებზე დადების იმედს, ხოლო სხვებში – პოპულიზმის ასოციაციას გააჩენს.

ახალი პრემიერის თქმით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება, რაც მმართველ ძალას შესაძლებლობას მისცემს, მომავალი 4 წლის ბიუჯეტმა ჯამში 38-40 მილიარდს მიაღწიოს. ამ თანხის ნახევარი ახალ პრიორიტეტებს – პენსიებს, სამედიცინო დაზღვევას, სოციალურ დახმარებებს, სოფლის მხარდაჭერასა და განათლებას მოხმარდება.

ეს საპროგრამო მიზნები სარკისებური სიზუსტით ასახავს სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით გამოკვეთილ საზოგადოებრივ პრიორიტეტებს. NDI-ის უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, უმუშევრობის დაძლევის გარდა, მომავალ 6 თვეში რეფორმების გატარების საჭიროებას მოქალაქეები სწორედ ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობასა და საპენსიო სფეროში ხედავენ.

იმისთვის, რომ წარმოდგენა შევიქმნათ იმაზე, თუ რამდენად შესრულებადია ახალი პრემიერის დაპირება, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები გავაანალიზოთ.

თუკი შემდეგი 4 წლის მანძილზე ჩვენი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდება ისე, როგორც მატულობდა ვარდების რევოლუციიდან დღემდე ანუ საშუალოდ ნომინალური 12%-ით, მაშინ ის 2016 წლისთვის 47 მილიარდზე მეტი იქნება.

მთავრობის პროგრამის მიხედვით, 2013 წლიდან პენსია 100 დოლარი ხდება. ამასთან, დაზღვეული იქნება ყველა პენსიონერი. ამჟამად, 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით, პენსიებზე მილიარდ 72 მილიონი ლარი ანუ მშპ-ის 3.97%-ია გათვალისწინებული. ახალი გეგმა კი ამ მონაცემის წლიური ხარჯის მილიარდ-ნახევრამდე გაზრდას გულისხმობს, რაც 2016 წლისთვის მშპ-ის 3.16%-ს შეადგენს.

თავის მხრივ, სამედიცინო დაზღვევაზე მთავრობა წლიურად 750 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2016 წლისთვის მშპ-ის 1.58% იქნება. მიმდინარე წელს დაზღვევისთვის ბიუჯეტში 168 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, რაც მშპ-ის 0.62%-ს შეადგენს.

ფოტო: ფოტო: REUTERS
გარდა ამისა, მთავრობის პროგრამის მიხედვით, კიდევ უფრო მასშტაბური გახდება სოციალური შემწეობები. ყოველწლიურად ამ მიმართულებით 750 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც 2016 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.58%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში სოციალური დახმარებებისთვის 274 მილიონი ლარი ანუ მშპ-ის 1.02% იყო გათვალისწინებული.

ყოველწლიურად თითო მილიარდი ლარი დაიხარჯება განათლებაზე და სოფლის მეურნეობაზე. ეს თანხა, 2016 წლისთვის, მშპ-ის 2.1% იქნება. მიმდინარე წლის ბიუჯეტით, განათლების ხარჯები 616 მილიონ ლარს ანუ მშპ-ის 2.28%-ს აღწევს. ხოლო სოფლის განვითარებაზე მიმართული ხარჯები 580 მილიონი ლარი ანუ მშპ-ის 2.15%-ია.

თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზრდის ამ მაჩვენებლის მიღწევა იოლი არ იქნება. პოსტრევოლუციური ეკონომიკური აღმავლობა ციდან არ მოვლენილა. ის იმ კონკრეტული პოლიტიკის შედეგი იყო, რომლის ფარგლებშიც, ერთდროულად 70 სფეროში რადიკალური რეფორმა გატარდა.

ამ გარდაქმნების იდეოლოგიის გადმონაშთი მმართველი პარტიის პოლიტიკურ რიტორიკაში ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის შემორჩენილი, მაგრამ დროის მსვლელობასთან ერთად, სიტყვა და საქმე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო შორდება.

ცხადია, რომ მმართველი გუნდი თუ არჩევნებს ვერ მოიგებს, ვერც რეფორმატორული ჩანაფიქრების გახორციელებას შეძლებს. სწორედ ეს განაპირობებს ორიენტაციას ამომრჩევლის სხვადასხვა ჯგუფების გულის მოსაგებ ინიციატივებზე. მეორე მხრივ, ამ ინიციატივების რეალიზება ვერ მოხერხდება, თუკი სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ გვექნა.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პოპულარულ ინიციატივებთან ერთად მტკივნეული გარდაქმნების მთელი წყება არ განხორციელდა, ეკონომიკა შეიძლება ვერ განვითარდეს ისე, რომ გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯებისათვის აუცილებელი შემოსავლები მთავრობამ უმტკივნეულოდ მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ან საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე უარის თქმა მოუწევს, ან შემოსავლის ისეთი წყაროების ძიება, როგორიც გაზრდილი ვალი, დეფიციტი და გადასახადებია. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღეზე.

მმართველ პარტიას სულ უფრო მეტად უჭირს ბალანსირება პოლიტიკური თვითგადარჩენის მოკლე და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს შორის.

ამ თითქმის ურთიერთგამომრიცხავი ამოცანების შეხამება დახვეწილ აკრობატობას მოითხოვს. აქამდე, ნაციონალურ მოძრაობას ამ სახიფათო პოლიტიკური ვირაჟების შესრულება, გარკვეული დანაკარგებით, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლები წარმატებით გამოსდიოდა. თუმცა, რისკები სულ უფრო იზრდება და ნებისმიერი, ერთი შეხედვით უწყინარი, შეცდომა შეიძლება გამოუსწორებელი აღმოჩნდეს.

ძვე­ლი ახა­ლი მი­ნის­ტრე­ბი WikiLeaks-ში

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები