ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა

რეზოლუცია საქართველოს შესახებ პოლიტიკურმა კომიტეტმა მოიწონა

მონაკოში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს საქართველოს შესახებ.

დოკუმენტი, რომელიც პოლონელმა დეპუტატმა მიხაელ შჩერბამ მოამზადა, მოუწოდებს რუსეთს შეარულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მოსკოვსა და „დეფაქტო ხელისუფლებებს“ დაუშვან ევროკავშირის საერთაშორისო დამკვირვებლების მისია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე - უზრუნველყონ დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. რეზოლუცია მოუწოდებს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს აღადგინონ ორგანიზაციის მისია საქართველოში, როგორც ნდობის აღდგენის ერთ-ერთი მექანიზმი.

დოკუმენტის მე-10 პუნქტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზება ეუთოს ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად.

დღევანდელი განხილვისას რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთი გამოვიდა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა დოკუმენტს არაობიექტური უწოდა, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - „სუვერენული სახელმწიფოები“.

საბოლოო კენჭისყრა რეზოლუციაზე ასამბლეის ხვალინდელ სხდომაზე არის დაგეგმილი.

 

კომენტარები