კახა ბენდუქიძე

"უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის გზას არ გადაუხვიოს"

გთავაზობთ თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელ კახა ბენდუქიძის საუბრის ნაწილს ტელეკომპანია ПИК-ის გადაცემაში 50 Минут. გადაცემის ამ ნაწილში ბენდუქიძე ოპოზიციის დაპირებებსა და პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბრობს.

კახა ბენდუქიძე: იმ ბანაკიდან (ოპოზიციიდან) კარგი რაღაცეები მესმის ხოლმე - ადამიანის უფლებები, დემოკრატია. მაგრამ წიგნები წამიკითხავს და ვერ ვხვდები, როგორი უნდა იყოს დემოკრატია, ევროპა რომ გააკვირვოს? თუნდაც ხუთ წელიწადში. როდესაც მესმის, რომ ამ ხელისუფლების აშენებული ბევრი რამე უნდა დაინგრეს (თუმცა, რაღაცეები მეც არ მომწონს), ეს მაშინებს. როდესაც მეუბნებიან, რომ პარტიის ლიდერმა შეიძლება ბიუჯეტს საკუთარი ჯიბიდან დაამატოს, არ მესმის, ეს საერთოდ რა წყობაა. იმიტომ რომ ასეთი შემთხვევები არ მახსოვს. ალბათ, იყვნენ რაღაც დაჯგუფებები ვიკინგებს შორის, სადაც ბელადს ირჩევდნენ და ის საკუთარ ფულს დებდა. ქვეყნების მართვის გავრცელებულ მოდელებს შორის ასეთი რამ არ არსებობს და ამას ნამდვილად არ ჰქვია დემოკრატია - როდესაც გამარჯვებულკი პარტია ფულს ჯიბიდან ამოიღებს და ამ გზით ახორციელებს თავის პროგრამას. მსგავსი რამ ძველ რომში არსებობდა, როდესაც ხალხს პურს ურიგებდნენ, ხმა რომ მიეცათ... ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის დემოკრატია ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით. ამიტომაც წყალგამყოფი აქ გადის და არა იქ, თუ როგორი იქნება ვაუჩერი, რამდენი დაიხარჯება თავდაცვაზე, უფრო მეტი ვიდრე პოლიციაზე თუ ნაკლები. ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ ამ თემებზე დავა შეიძლება. მე მოგიყვანთ მაგალითს - არსებობს ქვეყანა ისრაელი. ეს ქვეყანა ჩვენთვის სანიმუშოა მტრულ გარემოში საკუთარი ინტერესების დაცვისა და გადარჩენის მხრივ. თუმცა, ისრაელში დროის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 60 პროცენტი, ხელისუფლებაში იყვნენ ძალები, რომელთა შეხედულებებს მე კატეგორიულად არ ვეთანხმები.

მიხეილ თავხელიძე: იქ ასპროცენტიანი, აბსოლუტური სოციალიზმი იყო.

კახა ბენდუქიძე: იყო. მაგრამ მათ თავში არ მოსვლიათ, რომ აუცილებელია მყისიერად ურთიერთობების აღდგენა არაბულ ქვეყნებთან. რომ უნდა დათანხმებოდნენ ტერიტორიების გადაცემას. რომ შეიარაღებაზე ნაკლები უნდა დაეხარჯათ. რომ რა საჭიროა თანხების ხარჯვა, არაბები ხომ მაინც ბევრნი არიან და ისრაელი ვერ მოერევა... მოსახლეობის რიცხოვნობის თანაფარდობა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შირის დაახლოებით ისეთია, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის. მაგრამ, არც ერთ ჭკუათმყოფელ პოლიტიკოსს ისრაელში აზრად არ მოუვა ხალხს მოუწოდოს დანებებისკენ. ეს გარკვეულწილად ჩემი პასუხია მათ, ვინც ამბობს, რომ მთავრობის ახალი პროგრამა ქვეყანას დაღუპავს. ისრაელს დღეს ჰყავს მთავრობა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს იცავს. ამ მთავრობის პრემიერია მემარჯვენე ბინიამინ ნეთანიაჰუ, რომელსაც სწორი ეკონომიკური შეხედულებები აქვს, თავდაცვის მინისტრი კი სოციალისტი ეჰუდ ბარაკია, რომელიც იმავდროულად ომის გმირია. მთავრობას, სადაც ერთდროულად მემარჯვენეები და მემარცხენეები არიან, აზრად არ მოუვა თქვას, რომ უნდა აღადგინოს ურთიერთობა არაბულ ქვეყნებთან, რაც შეუძლებელია, რამეს თუ არ დაუთმობენ. დღეს ჩვენთან დავა სწორედ ამაზეა. ციფრები ამ დავის მხოლოდ ცალკეული გამოვლინებებია. თავად დავა კი გაცილებით უფრო სიღრმისეულ საკითხებზეა. მე მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში ასე იქნება მოწყობილი: იქნება ერთი პარტია, მეორე, ერთმანეთს მკაცრად გააკრიტიკებენ. მაგრამ ორივე პარტია საქართველოს დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს. როდესაც ამაში დავრწმუნდები, დავწყნარდები.

მიხეილ თავხელიძე: მითხარით, რატომ არ შეგიძლიათ დაწყნარდეთ? რატომ ხდება სულ საქართველოში ისე, რომ ყოველ წელს რაღაც ჯგუფი ჩნდება და ე. წ. ოპოზიციას უბრალოდ სურს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება? ეს რუსეთის გამო ხდება თუ ჩვენ ვართ ასეთი არანორმალურები?

კახა ბენდუქიძე: რუსეთი ძალიან დიდი, უზარმაზარი სახელმწიფოა, რომელიც არ არის რეფორმირებული და არადემოკრატიულია. საკმაოდ მდირდარია, არც ისე ძლიერი, როგორც 30-50 წლის წინ იყო, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერი. ჩემი აზრით, არსებობს ამის რბილი ნოსტალგიის ელემენტი. გარდა ამისა, საქმე გვაქვს პირდაპირ გამიზნულ ქმედებებთან. ჩვენ გვაქვს თუნდაც ხელისუფლების ყოფილი წევრების ქცევის მაგალითი. ეს იგივეა, დავუშვათ, ეჰუდ ბარაკი რონ გადააყენონ და ის სირიაში გაემგზავროს და ასადს დაუმეგობრდეს. მერე თეირანშიც შეიაროს, აიათოლა ხამენეის ხელი ჩამოართვას, ივახშოს აჰმადინეჟადთან და გამართოს შეხვედრა ისლამურ გვარდიასთან. ეს წარმოუდგენელია.

მიხეილ თავხელიძე: ჩვენთან რატომ არის ეს შესაძლებელი?

კახა ბენდუქიძე: ამას დრო სჭირდება, ჩვენ ჯერ მკურნალობა არ დაგვისრულებია. მოსემ 40 წელი ატარა ებრაელები, რათა მათ დავიწყებოდათ, როგორი იყო ცხოვრება ეგვიპტეში. როგორი იყო მონობა და როგორი იყო ფარაონის დაცვის ქვეშ ყოფნა. რათა დაევიწყებინათ კარგიც და ცუდიც. რათა ეს განხლებული ხალხი, რომელიც აღარ იფიქრებდა იმაზე, რა კარგი ან ცუდი იყო წარსული, აღთქმულ ქვეყანაში შეეყვანა. ეს 40 წელი ჯერ არ გასულა, მათ შორის დროის რეალური ათვლით. ამიტომაც, ძალა უნდა მოვიკრიბოთ და, ისევ ბიბლიურ ანალოგიას თუ მოვიშველიებთ, კიდევ 20 წელი ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის გზას არ გადაუხვიოს. 20 წლის შემდეგ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.

მიხეილ თავხელიძე: ამ არჩევნებით ეს არ დასრულდება?

კახა ბენდუქიძე: არა. არ დასრულდება.

 

კომენტარები