ცვლილებები მთავრობაში

თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ აკაკი სეფერთელაძე დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს მისი ახალი მოადგილეები წარადგინა.

თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ აკაკი სეფერთელაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტებს იკავებდა.

მინისტრის მოადგილე იქნება დავით ახალაია, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

დიმიტრი შაშკინმა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე ასევე წარადგინა თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი დავით ნარდაია და მაია სიფრაშვილი.

მაია სიფრაშვილი 2009 წელს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინსტროში მინისტრის მრჩეველი იყო, ხოლო 2010 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა.

დღევანდელ შევედრაზე თავდაცვის მინისტრმა თანამშრომლებს, ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც გააცნო. 

კომენტარები