გენდერული თანასწორობა

ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში

0 კომენტარი

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობა ეუთოს ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია. ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციამ, რომელმაც 29 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ქალთა ჩართულობა წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთ საყურადღებო საკითხად მონიშნა. განცხადებაში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს მიერ მიღებული კანონი, რომელმაც პარტიები ქალი კანდიდატების წარდგენაში უნდა წაახალისოს, თუმცა სკეპტიციზმია გამოხატული ამ კანონის შედეგებთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტი არაპროპორციულად წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობას: მოსახლეობის 59% ქალია, მაშინ როდესაც ქალთა ხვედრითი წილი პარლამენტში 6%-ია და 150-დან მხოლოდ 9 ქალი დეპუტატი გვყავს. აღსანიშნავია, რომ ამ 9 დეპუტატიდან 8 მმართველ ნაციონალურ პარტიას წარმოადგენს, ერთი კი – ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას. ყველა პარლამენტარი ქალი, რუსუდან კერვალიშვილის გამოკლებით, პარტიული სიით არის არჩეული. კერვალიშვილი სამგორის მაჟორიტარი დეპუტატია.

ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა წარმომადგენლობითობის ხარისხი, უკანასკნელ პერიოდში, სულ უფრო მცირდება. თუ 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დეპუტატთა 9.4% იყო ქალი, 2008 წელს იმავე მაჩვენებელმა 6%-მდე დაიწია. არსებობს მოსაზრება, რომ კლების მთავარი მიზეზი საპარლამენტო მანდატების შემცირება იყო, რის გამოც პარტიებმა ქალი კანდიდატები საარჩევნო სიებში ქვედა პოზიციებზე დაასახელეს.

მსგავსი მდგომარეობა აღინიშნა მუნიციპალურ დონეზეც. ადგილობრივ არჩევნებში 1998 წელს გამარჯვებულ კანდიდატთა მხოლოდ 14% იყო ქალი, 2002-ში – 12%. 2006 წლისთვის ყველა ქალაქის მერი და გამგებელი მამაკაცი იყო, საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში ქალთა რაოდენობა კი – მხოლოდ 5.5%. თუმცა, 2006 წლის შემდეგ, საკრებულოში ქალთა რაოდენობა 11.6%-მდე გაიზარდა.

გასული წლის ბოლოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მოქალაქეთა პოლიტიკური კავშირების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა: პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საარჩევნო სიაში ქალ კანდიდატთა რაოდენობას გაზრდიან, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ წახალისებას მიიღებენ. სიის ყოველ 10 კანდიდატს შორის 2 ქალის დასახელების შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსების სახით პარტია დამატებით 10%-ს მიიღებს. ქალთა ჩართულობის გაზრდაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა კანონში შეტანილი ცვლილება პოზიტიურად შეაფასა. მიუხედავად კანონის პოზიტიურობისა, NDI-ის დელეგაციამ წლევანდელი არჩევნების საშუალებით ქალთა ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით სკეპტიციზმი გამოხატა.

2008 წლის არჩევნებზე წარდგენილ 193-კანდიდატიან სიაში ნაციონალურ მოძრაობას 15 ქალი ჰყავდა (პირველ 50 კანდიდატში 5, პირველ ათში – 1), გაერთიანებულ ოპოზიციას 164-წევრიან სიაში 26 ქალი (პირველ 50 კანდიდატში 10, პირველ 10-ში – 1), რესპუბლიკურ პარტიას 150-კანდიდატიან სიაში 32 ქალი (პირველ 50 კანდიდატში 11, პირველ 10-ში – 1), ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას 177-კანდიდატიან სიაში 44 ქალი (პირველ 50-ში 7, პირველ 10-ში – 1). ყველაზე მცირე რაოდენობით ქალები მმართველი პარტიის სიაში მოხვდნენ: 7.8%, ყველაზე მეტი კი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სიაში: 24%. თუმცა სიის პირველ ათეულში, ყველა პარტიის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ქალი მოხვდა.

პარტიებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიები ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ, თუმცა, ამ მომენტისთვის ქართულმა ოცნებამ დაასახელა ქალი მაჟორიტარი კანდიდატები: თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია და ელისო ჩაფიძე. სავარაუდოდ, მაჟორიტარი ქალი კანდიდატი ეყოლება ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასაც – ინგა გრიგოლია.

ზოგადად, საზოგადოებრივი აზრი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობაზე დადებითია. NDI-ის მიერ 2012 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პარლამენტარის არჩევისას არცერთი გამოკითხული არ აქცევს ყურადღებას მის სქესს. ამასთანავე, გამოკითხულთა 51% თვლის, რომ მამაკაცები და ქალები ერთნაირად ეფექტურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს საჯარო სამსახურში (26% მიიჩნევს, რომ მამაკაცები უკეთ ასრულებენ, 15% კი ქალებს უფრო ეფექტურად ასახელებს).

მოსახლეობის 65% ქალ კანდიდატს ხმას მისცემდა, თუ ის ყველა სხვა აუცილებელ პირობას აკმაყოფილებს. 22% აცხადებს, რომ ქალს მხარს არ დაუჭერდა. ამასთანავე, მოსახლეობის 51%-ის აზრით, ქალთა რაოდენობა დღევანდელ პარლამენტში საკმარისი არ არის, 32% კი თვლის, რომ საკმარისია. მოსახლეობის ასეთი დადებითი დამოკიდებულების პირობებში ქალთა ჩართულობა სახელმწიფოს დახმარების გარეშეც ადვილად გაიზრდება. რამდენად წარმატებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან ამის წახალისება, მომავალი არჩევნები გვაჩვენებს, თუმცა, როგორც ჩანს, NDI-ის მისიაც იზიარებს აზრს, რომ ქალთა ჩართულობის ზრდაზე კულტურულ ასპექტებს უფრო დიდი გავლენა აქვთ, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან წახალისებას.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები