ჰიგსის ბოზონი

ყველაზე ახლოს ღმერთის ნაწილაკის აღმოჩენასთან

დიდი ადრონული კოლაიდერი

დიდი ადრონული კოლაიდერი
ცერნის მეცნიერებმა წინა კვირას განაცხადეს, რომ დიდ ადრონულ კოლაიდერში აღმოაჩინეს ნაწილაკი, რომლის თვისებებიც ე.წ. ღმერთის ნაწილაკის – ჰიგსის ბოზონის თვისებებს ემთხვევა. ჰიგსის ბოზონი თანამედროვე ფიზიკის სტანდარტული მოდელისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჰიპოთეტური ნაწილაკია. ამ თეორიის მიხედვით, ის მატერიას მასას აძლევს და მის გარეშე ჩვენთვის ნაცნობი სამყარო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა.

ამ ნაწილაკს მეცნიერები უკვე ნახევარი საუკუნეა ეძებენ. თავად სამყაროს სტანდარტული მოდელი კი თანამედროვე ფიზიკოსებისთვის იგივეა, რაც ბიოლოგებისთვის ევოლუციის თეორია.

„ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით სამყაროს უკეთ გაგებისკენ”, – თქვა ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა როლფ ხოიერმა ჟენევაში გამართულ სპეციალურ კონფერენციაზე. ჰიგსის ბოზონის პოვნამ შეიძლება ახსნას მასის წარმოშობა, ერთ-ერთი უპასუხო კითხვა სამყაროს შესახებ. მეცნიერები შედეგების წინასწარ ხასიათზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ აღნიშნული მონაცემების საბოლოო გადამოწმებას ჯერ კიდევ ბევრი კვლევა სჭირდება. მართალია, ისინი დასკვნების გაკეთებისას ფრთხილობენ, მაგრამ სამყაროს „წონის პრობლემაში” დამნაშავის აღმოჩენის პერსპექტივამ ყველა მოხიბლა.

ჰიგსის ბოზონს საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, 328 ფუტის სიღრმეში აშენებულ დიდ ადრონულ კოლაიდერში, 17 მილის სიგრძის გვირაბში ეძებენ უმცირესი ნაწილაკების დაჯახებით. პროტონების დაჯახების მაღალი სიჩქარე უფრო მცირე ნაწილაკების გენერირებას ახდენს, ამაზე დაკვირვებით კი ჰიგსის ბოზონის აღმოჩენაა შესაძლებელი.

ეს მოუხელთებელი ნაწილაკები ედინბურგელი ფიზიკოსის, პიტერ ჰიგსის იმ თეორიის ნაწილია, რომელიც მან 1960 წელს წამოაყენა და ასე შეეცადა აეხსნა, თუ როგორ მიეცა ნაწილაკებს მასა. ამ თეორიის მიხედვით, ე.წ. ჰიგსის ენერგეტიკული

ველი მთელ სამყაროში არსებობს, ყველაფერს მოიცავს და ნაწილაკები მასთან ურთიერთობაში მასას იძენენ.

ამ პროცესის კარგად დასანახად National Geographic-ი ყოფით მაგალითს გვთავაზობს. წარმოვიდგინოთ, რომ სამყარო წვეულებაზე შეკრებილი ხალხით სავსე ოთახია. უცნობი სტუმრები ხალხში შეუმჩნევლად და სწრაფად გაივლიან, ხოლო პოპულარული სტუმრები ბევრ ადამიანს მიიზიდავენ და მათი სიჩქარეც ნელი იქნება.

ამ სურათს ძალიან ჰგავს ჰიგსის ველში მოძრავი ნაწილაკების სიჩქარეც. ზოგიერთი ასეთი ნაწილაკი იზიდავს ჰიგსის

ფიზიკოსები პიტერ ჰიგსი, ფრანსუა ენგლერტი და CERN-ის დირექტორი როლფ ხოიერი
ბოზონის ბევრ კლასტერს და რაც მეტია მათი რაოდენობა, მით უფრო დიდი მასა ექნება.

ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ გვეტყვის ჩვენი სამყაროს მუშაობის მექანიზმის შესახებ. მიუხედავად ამისა, ის ამოავსებს დიდ ხვრელს, რომელიც უკვე ორმოცდაათი წელია სტანდარტული მოდელის თეორიაში არსებობს.

თუმცა, არსებობს ეგრეთ წოდებული არაჰიგსური მოდელებიც, რომელთა მომხრეებიც, თავის მხრივ, მეინსტრიმში გადასასვლელად, ცერნის მეცნიერებს წარუმატებლობას უსურვებენ. ჰიგსის ბოზონს, ამ უმცირეს ნაწილაკს, კიდევ იმ აზრით შეგვიძლია ვუწოდოთ „ღმერთის”, რომ მისი არსებობის დამტკიცებაცა და არარსებობის დადასტურებაც, მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს წარმოდგენებს სამყაროს შესახებ.

 

კომენტარები