მექსიკა

12 წლის შემდეგ

მექსიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო

პირველ ივლისს მექსიკელები ახალი პრეზიდენტის ასარჩევად გამოცხადნენ საარჩევნო უბნებზე. დაძაბულ საპრეზიდენტო ბრძოლაში ენრიკე პენია ნიეტომ გაიმარჯვა რევოლუციურ ინსტიტუციური პარტიიდან (PRI), მან ხმების 38% მიიღო. მეტოქეს 6 პროცენტით ჩამორჩა დემოკრატიული რევოლუციის პარტიის კანდიდატი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი. ხოსეფინა ვაზკეზ მოტამ ეროვნული მოქმედების პარტიიდან (PAN) კი ხმების მხოლოდ 25,5% მიიღო.

მექსიკის პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი და მისი მემარჯვენე PAN-ი ნიეტოს PRI-მა ჩაანაცვლა. PAN-ი 12 წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას. მექსიკაში პრეზიდენტი ექვსწლიანი ერთჯერადი საპრეზიდენტო ვადით ირჩევა, სწორედ ამიტომ, ფელიპე კალდერონს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდა. არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას საერთაშორისო ორგანიზაციები და პოლიტიკური ექსპერტები მიესალმენ. მათი შეფასებით, ეს მექსიკის მიერ დემოკრატიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

როგორი იქნება პენია ნიეტოს პოლიტიკა ლოს პინოს დაკავების შემდეგ, ძნელი სათქმელია. PRI მექსიკას შვიდი დეკადის მანძილზე მართავდა და ნარკოკარტელებთან კორუფციულ გარიგებებში იყო ჩაფლული. 1977 წელს, კონკურენტის არარსებობის პირობებში, პრეზიდენტად ხოსე ლოპეზ პორტილო აირჩიეს, 1988 წლის არჩევნები კი PRI-მ აშკარა თაღლითობით მოიგო. 1994 წლის არჩევნებში პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ლუის დონალდო კოლოსიოს მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის სათავეში მოვიდა ერნესტო ზედილო, რომელმაც პოლიტიკური რეფორმების ტალღა დაიწყო. პარტიამ 90-იან წლებში რეფორმა განიცადა, რამაც ნიადაგი მოამზადა PAN-ის ხელისუფლებაში მოსასვლელად. იმ პერიოდისთვის მექსიკა შეუერთდა NAFTA-სა და GATT-ს, მთლიანი შიდა პროდუქტი კი ერთ სულ მოსახლეზე 7 000$-დან 15 000 $-მდე გაიზარდა.

ამის შემდეგ, 2000 წელს, საარჩევნო გზით ქვეყნის სათავეში მოვიდა ეროვნული მოქმედების პარტია – ჯერ ვინსენტე ფოქსის, მერე კი ფელიპე კალდერონის მეთაურობით. კალდერონის მიერ ნარკოდაჯგუფებების წინააღმდეგ წამოწყებულმა ომმა პარტიის ბედ-იღბალზე ცუდი გავლენა იქონია, ომის განმავლობაში ხომ 60,000-მდე ადამიანი დაიღუპა. ბევრი თვლის, რომ ხელისუფლება არაეფექტურად წარმართავს ამ ბრძოლას და სწორედ ამით აიხსნება კალდერონის რეიტინგის მკვეთრი კლება.

ნიეტომ საკუთარ საპრეზიდენტო სიტყვაში გაახმოვანა, რომ კარტელებთან ომი გაგრძელდება და არანაირი მოლაპარაკებები თუ ზავი აღარ იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ მექსიკა გააგრძელებს ამერიკასთან მჭიდრო თანამშრომლობას. როგორც ჩანს, პარტია ცდილობს თავი დააღწიოს ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ კორუფციულ იმიჯს.

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის (ამლო) განცხადებით, არჩევნები გაყალბდა. ამლომ 2006 წლის არჩევნებზეც იგივე შეფასება გააკეთა, მაშინ როცა 40,000 ხმით წააგო კალდერონთან და მეხიკოს ქუჩებში აპროტესტებდა შედეგებს. აპირებს თუ არა ამლო დემონსტრაციების გამართვას ამ შემთხვევაში, ჯერ უცნობია. თუმცა, როგორც ჩანს, მექსიკელ ამომრჩეველს მისი ჩავისტული (Chavism) პოლიტიკური კურსი არ ხიბლავს.

საგულისხმოა, რომ PRI-მ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა ვერ მოიპოვა. 1997 წლიდან მოყოლებული აქ არცერთ პრეზიდენტს სრული უმრავლესობა არ ჰქონია. ეს ფაქტი აბრკოლებს რეფორმების პროცესს, რაც აუცილებელია მექსიკის ეკონომიკური თუ პოლიტიკური სისტემის განახლებისათვის. 2000 წლიდან მოყოლებული, ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 2 პროცენტით იზრდება. არაა გამორიცხული, რომ PRI-მ და PAN-მა საერთო ენა გამონახონ და რეფორმებზე შეთანხმდნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ PAN-ის მსგავსად ნიეტო თავისუფალი ბაზრის მომხრეა, რთული სათქმელია, როგორ შეძლებს ეს ორი მხარე პროფკავშირებისთვის და მუშათა გაერთიანებებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას. ეს უკანასკნელნი კი PRI-ის უჭერენ მხარს. ბოლო წლების მანძილზე ორივე პარტია აქტიურად ბლოკავდა ერთმანეთის ინიციატივას, რამაც კონგრესის პარალიზებაც კი გამოიწვია და იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური რეფორმები გატარდეს, მნიშვნელოვანია ნიეტომ კოალიციის შექმნაზე იფიქროს.

მიუხედავად კონკურენტულ და კანონიერ გარემოში ჩატარებული არჩევნებისა, მექსიკას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი დემოკრატიზაციისკენ. Transparency International-ის მიხედვით, ქვეყანაში მაღალია კორუფცია, Freedom House-ის მონაცემებით კი, პრესა ნაწილობრივ თავისუფალია. გარდა ამისა, მექსიკა ერთ-ერთ ყველაზე უთანასწორო ქვეყანათა რიცხვში ხვდება – 6 მილიონამდე არალეგალური იმიგრანტი აშშ-ში ცხოვრობს. არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, ახალი პრეზიდენტის დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო.

კომენტარები