კანონი

ახალი ინიციატივა: სესხების კონტროლის ალტერნატიული სერვისი

0 კომენტარი

პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას შეიძლება სესხების რეგისტრაცია და მონიტორინგის მომსახურება დაემატოს. ეს ინიციატივა საკამათო გამოდგა.

კანონის მიხედვით დგინდება, რომ პირველი სექტემბრიდან, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება ექნება მოახდინოს სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და შემდეგ, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება გააკონტროლოს. სერვისით სარგებლობა სავალდებულო არ არის: ხელშეკრულების მხარეები ალტერნატიული მომსახურებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებენ, თუ ამის სურვილს ორივე მხარე გამოთქვამს – მსესხებელიც და გამსესხებელიც.

კანონპროექტის ავტორთა აზრით, ასეთი ალტერნატიული სერვისი განსაკუთრებით ხელსაყრელი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, როცა მსესხებელს სესხის გამყარება იპოთეკით ან/და გირავნობით არ შეუძლია. შესაბამისად, მონიტორინგი შეეხება მხოლოდ ისეთ სასესხო ხელშეკრულებებს, რომელთა უზრუნველსაყოფად არ იქნება გამოყენებული უძრავი ან მოძრავი ქონება, ავტომობილი ან საცხოვრებელი სახლი, ბინა ან მიწის ნაკვეთი.

თუ ხელშეკრულება დაირღვევა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას, რომელიც ჩაბარდება მოვალეს. მას აქვს უფლება ბიუროს გადაწყვეტილება ყველა არსებული წესით გაასაჩივროს.

თუ არ გაასაჩივრებს, მოვალეს სულ მცირე 15 დღე ექნება, რომ ბიუროს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. ეს არის მინიმალური ვადა, რომელიც მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს. მხარეებს ასევე შეეძლებათ ისარგებლონ ყველა იმ უფლებით, რასაც მათ დღეს სამოქალაქო კანონმდებლობა ანიჭებს. მათ შორის, ვალის პატიების და მორიგების უფლებითაც.

სააღსრულებო წარმოების დაწყების შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო მევალეს 7 დღით ადრე კიდევ ერთხელ გააფრთხილებს, რომ ვადა იწურება და ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

კანონპროექტის ავტორთა აზრით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ალტერნატიული მომსახურებით სარგებლობისას ხელშეკრულების მხარეები ხარჯებს დაზოგავენ: მათ აღარ მოუწევთ სანოტარო პროცედურების გავლა თუ სასამართლოში დავის განხილვა. ამით დაიზოგება არა მხოლოდ ფული, არამედ დროც. შემცირდება საკრედიტო რისკებიც, რასაც, პროექტის ავტორთა შეფასებით, დღეს ქართულ საბანკო სისტემაში მაღალი საპროცენტო განაკვეთი აბალანსებს. კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამავლობა შეიძლება ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთების შემცირების წინაპირობა გახდეს.

გაცილებით ბევრია ადამიანი, რომელიც ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებს. მათი უმრავლესობისთვის მსესხებელსა და გამსესხებელს შორის მესამე პირის ჩადგომის პრეცედენტის დაშვება თავისთავად უარყოფითი მოვლენაა: სესხებისა და დაზოგვის ხარისხი თავისუფალმა ბაზარმა უნდა დაადგინოს. ასევე თავისუფალმა ბაზარმა უნდა განსაზღვროს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესებს თან ახლავს.

საპროცენტო განაკვეთი ეკონომიკას ყველაზე უკეთ არეგულირებს იმ გაგებით, რომ ბიზნესმენებს უადვილებს სწორად განსაზღვრონ ინვესტიციების დონე. საპროცენტო განაკვეთების ხელოვნურად შემცირების ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს ინვესტირებას ისეთ პროექტებში, რომლებიც მოგებიანი არ არის.

თავისუფალ ბაზარზე ჩარევის პირობებში, სწორად ვერ შეფასდება იმ ადამიანების მიერ ეკონომიკაში დატოვებული კაპიტალი, რომლებმაც საკუთარი ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტეს – დღეს გაიჭირვონ და მეტი დაზოგონ იმისთვის, რომ ხვალ უფრო მეტის მოხმარება და მეტი სარგებლის მიღება შეძლონ. თუკი კრედიტი ხელოვნურად გაიაფდება, მაშინ ფულზე მოთხოვნა გაიზრდება, შესაბამისად ფული გაძვირდება და შედეგად, მაღალ ინფლაციას მივიღებთ.

შესაბამისად ილუზია, რომ კაპიტალის სახით იმაზე მეტი ფულია, ვიდრე რეალურად არსებობს, ინვესტორებს უბიძგებს ფული უფრო გრძელვადიან პროექტებში დააბანდონ და გაუმართლებელი რისკები აიღონ.

ამდენად, რისკების მენეჯმენტი ყველაზე უკეთ სწორედ კომერციულ ბანკებს შეუძლიათ, რადგან მათ კარგად იციან, რამხელა მოთხოვნა არსებობს ბაზარზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები