ჩინეთი

ივნისში ჩინეთის სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა

ივნისის თვეში ჩინეთმა 32 მილიარდდოლარიანი დადებითი სავაჭრო ბალანსი აჩვენა. მაისში ეს რიცხვი 19 მილიარდი იყო. ბალანსი ექსპორტის ზრდისა და იმპორტის შემცირების ხარჯზე შეიცვალა.

ივნისში ჩინური იმპორტი მხოლოდ 6.3 პროცენტით გაიზარდა მაშინ, როდესაც თითქმის 13 პროცენტიანი ზრდა დაფიქსრიდა მაისში. ივნისისთვის ექსპერტები ორჯერ მეტ ზრდას ელოდნენ.

იმპორტისგან განსხვავებით, გაიზარდა ექსპორტი. ივნისში ზრდამ 11.3% შეადგინა ექსპერტების ვარაუდის, 9.9 პროცენტის საპირისპიროდ.

ჩინეთი 2012 წლისთვის (შარშანდელთან შედარებით) ვაჭრობის 10 პროცენტით გაზრდას ისახავს მიზნად. ამაში მას ხელს შეუშლის ევროზონის კრიზისი. 2012 წლის დასაწყისისთვის ჩინეთის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ევროკავშირი იყო, ამჟამად კი ყველაზე მეტი პროდუქცია ჩინელებს ამერიკაში გააქვთ.

2012 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში ჩინეთის ექსპორტმა დაიკლო 0.8 პროცენტით და 163 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. გერმანიაში ჩინური ექსპორტი ბოლო 4, საფრანგეთში - 3, იტალიაში კი ზედიზედ 10 თვის მანძილზე იკლებდა.

ევროკავშირი ამერიკამ ჩაანაცვლა, თუმცა ამერიკის ეკონომიკური ზრდა ჯერ ვერ დასტაბილურდა. შესაბამისად, ჩინურ პროდუქციაზე მოთხოვნაც ჯერჯერობით ვერ დაუბრუნდა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდელ დონეს. 2012 წლის პირველ ნახევარში ამერიკაში ჩინურმა ექსპორტმა 165 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 13.6 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს. ამერიკიდან ჩინელებმა 2012 წლის პირველი 6 თვის მანძილზე 66 მილიარდი ამერიკული დოლარის პროდუქცია შემოიტანეს, რაც წინა მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 8 პროცენტიანი ზრდაა.

კომენტარები