არქივი

ძველი ახალი მინისტრები WikiLeaks-ში

0 კომენტარი
ფოტო: ფოტო: REUTERS

პრემიერმინისტრად დანიშნული ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში თავდაცვის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ჩაანაცვლა. ახალაიას და მერაბიშვილის მუშაობას ძველ პოსტებზე რამდენიმე წლის წინ გაჟონილ აშშ-ის დიპლომატიურ წერილებში, ე.წ. Wikileaks-ის დოკუმენტებში აფასებდნენ. ყველაზე ხშირად წერილებში ბაჩო ახალაიაა ნახსენები, რადგან სამხედრო სფეროში აშშ-თან თანამშრომლობა ინტენსიური იყო. რამდენიმე წერილში ნახსენებია ვანო მერაბიშვილიც. თავდაცვის მინისტრი შაშკინი, განათლების მინისტრი დეკანოიძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი ხომერიკი წერილებში ფაქტობრივად არ გხვდებიან.

კონფიდენციალური წერილებიდან ჩანს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის გამო, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა და მისი თანამშრომლობის უნარი და ეფექტიანობა შეაქო.

2009 წლის აგვისტოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუმ ვაშინგტონისთვის მიწერილ კონფიდენციალურ წერილში აღელვება გამოხატა ახალაიას დანიშვნის გამო და მასთან დაკავშირებულ „ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე” გაამახვილა ყურადღება. „ქეიდენაუ ეცადა პრეზიდენტისთვის აეხსნა, თუ რა გავლენა ექნება ახალაიას მინისტრად დანიშვნას საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე და ხაზი გაუსვა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მნიშვნელობას”, წერია წერილში. სააკაშვილმა დაიცვა ახალაიას დანიშვნის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ მან წარმატებულად შეძლო მაფიის დამარცხება, მისმა წინამორბედმა კი ვერ შეძლო რეფორმაში რეალური პროგრესის შენარჩუნება.

2009 წლის სექტემბერში აშშ-ის ელჩმა ტეფტმა ვაშინგტონს მისწერა, რომ ახალაიას NATO-ს დიპლომატებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა სურდა, რადგან ბევრი მათგანი მისი დანიშვნის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი.

2009 წლის ოქტომბერში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე ალექსანდრ ვერშბოუს თბილისის საელჩოდან მისწერეს, რომ ახალაია ყველაზე აქტიური თავდაცვის მინისტრი იყო აშშ-ის თავდაცვის მრჩევლების და სამხედრო ატაშეებისგან რჩევების მიღების და მათი გათვალისწინების მხრივ. „აქამდე ახალაიას კანდიდატურის მიმართ სკეპტიკურად განწყობილებიც კი აღიარებენ, რომ ახალაიას არ ეშინია გადაწყვეტილებების მიღება და ამ გადაწყვეტილებებს ექსპერტებთან შეთანხმებით იღებს. ახალაია ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პერსონალთან და შემდეგ ამ რჩევებს ითვალისწინებს”; “ჩვენი აზრით, [ახალაიას] მიერ შემოტანილი ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში და სამხედრო ნაწილების სტრუქტურებში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისკენ იყო მიმართული”, წერია წერილში. იმავე წერილში საუბარი იყო იმაზეც, რომ ახალაია უფრო ნაკლებად მომთხოვნი იყო აშშ-ის მიმართ იარაღის ყიდვის სფეროში.

მერაბიშვილი აშშ-ის თბილისი საელჩოს კონფიდენციალურ წერილებში რამდენჯერმე არის მოხსენიებული. განსაკუთრებით აქტიურად აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები მერაბიშვილს კონფლიქტებთან დაკავშირებით ესაუბრებოდნენ. ელჩ ტეფტის შეფასებით, მერაბიშვილი კონფლიქტების მოგვარებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თუმცა მისი გავლენა ამ სფეროზე მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს ეხება, დიპლომატიურ სტრატეგიას კი სააკაშვილი ქმნიდა.

ელჩთან საუბრისას მერაბიშვილმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ბაღაფშს, საბჭოთა კავშირის სტილის მმართველი უწოდა. მისი თქმით, ბაღაფში არცერთ ნაბიჯს არ დგამდა მოსკოვთან შეთანხმების გარეშე. აშშ-ის ელჩი ტეფტი დაეთანხმა მერაბიშვილის შეფასებას და სკეპტიციზმი გამოხატა ბაღაფშის მხრიდან დასავლეთთან საუბრის „მცდელობაზე”.

მიუხედავად, რუსეთის აქტიურობისა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მერაბიშვილი გამორიცხავდა რუსეთის მხრიდან კონფლიქტებში აქტიურ სამხედრო ჩარევასა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას. 2007 წლის მაისში გაგზავნილ წერილში ტეფტი წერს, რომ მერაბიშვილის განცხადებით, საქართველო შემდეგი წლის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობაზე კონცენტრირდებოდა და მის გაუმჯობესებას ეცდებოდა.

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები