სირიის კრიზისი

სირიელი დიპლომატი ოპოზიციის მხარეს გადავიდა

ერაყში სირიის ელჩი ნავაფ ფარესი ქვეყნის ოპოზიციური ძალების მხარეს გადავიდა. ამის შესახებ სირიელმა დიპლომატმა განცხადება თავის სოციალურ გვერდზე განთავსებული ვიდეორგოლის საშულებით გაავრცელა.

ფარესის თქმით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობის ქმედებების პროტესტის ნიშნად მიიღო, რომლებიც მისი განცხადებით, დაპირისპირებული მხარის, ოპოზიციის წინააღმდეგაა მიმართული. დიპლომატის განმარტებით, იგი სირიელი ხალხის რევოლუციურ ძალებს შეუერთდა.

ფარესი მაღალი თანამდებობის მქონე პირველი დიპლომატია, რომელმაც სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ასადის რეჟიმთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა. მან სირიის მთავრობაში მყოფ პოლიტიკოსებსა და სამხედრო პირებს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა. ნავაფ ფარესის ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.

გასულ კვირაში სირიის სამხედრო ძალების წარმომადგენელი, გენერალი მანაფ ტლასი, რომელიც ბაშარ ასადის ერთ-ერთი დაახლოებული პირია, სირიიდან გაიქცა.

გაეროს მონაცემებით, უკანასკნელი 16 თვის განმავლობაში ქვეყნის მთვრობასა და ოპოზიციურ ძალებს შორის არსებული შეიარაღებული დაპირისპირებების შედეგად სირიაში ცხრა ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები