თეატრი

რუსთაველის სცენა მინის თეატრს უმასპინძლებს

14, 15 ივლისს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მინის თეატრის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. თეატრი მაყურებლის წინაშე ჯონ ოსბორნის პიესით “მოიხედე მრისხანების ჟამს” წარსდგება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი რეზო შატაკიშვილია.

წარმოდგენაში წამოჭრილია თანამედროვე ახალგაზრდობის, ადამიანის მრისხანების, გაუცხოების, ეგოიზმის პრობლემები.

მინის თეატრს, რომელიც კერძო, სარეპერტუარო, დრამატულ თეატრს წარმოადგენს, არ აქვს შენობა, საკუთარი სცენა. თეატრალური დასი მუდმივმოქმედი, ახალგაზრდა პროფესიონალი მსახიობებით არის დაკომპლექტებული. მინის თეატრის შემოქმედებით ჯგუფს მონაწილეობა აქვს მიღებული კიშინოვისა და მინსკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში. თეატრმა უკვე მოიწვია მსახიობები ლიტვიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან. იგეგმება ახალგაზრდა უცხოელი მსახიობების მოწვევა საერთაშორისო, ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.

სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის მხარდაჭერით. წარმოდგენა დაიწყება 19 საათზე.

 

კომენტარები