კანონპროექტი

მოლდოვა კომუნისტურ სიმბოლიკას კრძალავს

მოლდოვას პარლამენტი ქვეყნის ტერიტორიაზე კომუნისტური სიმბოლიკის, განსაკუთრებით კი ნამგლის და უროს გამოსახულების გამოყენების აკრძალვას აპირებს.

ლიბერალური პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტი ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებულ 2010 წლის დოკუმენტს დაეფუძნა. დოკუმენტი მოლდოვაში საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ კომუნისტურ რეჟიმს კაცობრიობის წინააღმდეგ კრიმინალის ჩადენაში ადანაშაულებს.

კანონპროექტის მიხედვით, ტოტალიტარული იდეოლოგიის პროპაგანდირება და კომუნისტური სიმბოლიკის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება იკრძალება. მის მიხედვით, მოლდოვას ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა ემბლემის გარეშე რჩება: კომუნისტური პარტიის მთავარი სიმბოლო სწორედ ნამგალი და ურო, ასევე გადაშლილი წიგნია.

პარლამენტში კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, კომუნისტური სიმბოლიკის აკრძალვას ქვეყნის პრეზიდენტიც უნდა დაეთანხმოს. მეორე მხრივ, თუ რესპუბლიკის პირველი პირი დოკუმენტს პარლამენტში დააბრუნებს, დეპუტატებს შეუძლიათ ის ხელმეორედ მიიღონ. ამის შემდეგ, პრეზიდენტი ვალდებული იქნება დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

კომენტარები