მახათას მთა

მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის პირველი ეტაპი დაიწყო

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის პირველი ეტაპი დაიწყო. ტაბულასთან საუბარში ტაძრის მშენებლობის ფონდის - ”ივერიისა” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დღეიდან პირდაპირი ეთერის რეჟიმში მშენებლობის პროცესისთვის თვალყურის დევნება ფონდის ვებგვერდის www.makhata.ge-ს საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ფონდმა ”ივერიისა” მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის პირველი ეტაპის განსახორციელებლად ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ანაგი” გამოავლინა.

სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით დღეს ტაძრის საძირკველში ჩაბრძანებული იქნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით აქციის მონაწილეთა მიერ მიტანილი ქვები, რომლებზეც მათი ოჯახის წევრების სახელებია დატანილი. ტაძრის მშენებლობის სახალხო აქციაში უკვე 202 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.

მახათას მთაზე პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებს ფონდ ”ივერიისას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძეც გაეცნობა. როგორც ტაბულას ტაძრის მშენებლობის ფონდში განუცხადეს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის პირველი ეტაპი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

 

კომენტარები