ევროპალიგა 2011-2012

უეფამ 150.36 მილიონი გადაანაწილა

0 კომენტარი

უეფამ 2011-12 წლების სეზონის ევროპალიგის მონაწილე კლუბებზე საერთო ჯამში 150.36 მილიონი ევრო გადაანაწილა. ყველაზე მეტი, 10.5 მილიონი ტურნირის გამარჯვებულს მადრიდის ატლეტიკოს ხვდა წილად. ფინალისტს, ბილბაოს ატლეტიკს შედარებით ნაკლები, 9.5 მილიონი ერგო.

ოფიციალური ინფორმაციით, ჯგუფური ეტაპის თითოეულმა მონაწილემ - 48 კლუბი - 640 ათასი ევრო მიიღო, დამატებით 60 ათასი კი ყოველი მატჩისთვის შედეგის მიუხედავად. საერთო ჯამში, გუნდებს მხოლოდ ჯგუფურ ტურნირში მონაწილეობისთვის მილიონი ევრო დაერიცხათ.

ამას გარდა, გუნდებმა ყოველი მოგების სანაცვლოდ 140 ათასი მიიღეს, ფრეზე კი 70 ათასი. ერთადერთი ბრიუსელის ანდერლეხტი იყო, რომელმაც ყველა, ექვსივე თამაში მოიგო და ზემოხსენებული მილიონი გარდა მაქსიმალური საპრიზო თანხა - 840 ათასი დაერიცხა.

1/32 ფინალში გასულებმა დამატებით 200 ათასი მიიღეს, 1/16-ფინალისტებმა - 300 ათასი, მეოთხედფინალის საგზურის მფლობელებმა 400 ათასი, ნახევარფინალისტებმა კი 700 ათასი.

მადრიდის ატლეტიკომ მხოლოდ ფინალის მოგებისთვის 3 მილიონი მიიღო, ბილბაოელებს კი მილიონით ნაკლები ერგოთ.

გასული სეზონის ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპების მონაწილე გუნდებმა თითოეული წრის სანაცვლოდ უეფასგან 90 ათასი ევრო მიიღეს, ხოლო იმ კლუბებმა, რომლებიც ფლეი-ოფში გამოეთიშნენ ტურნირს, დამატებით 90 ათასი.

ქართული გუნდებიდან გასულ სეზონში გაგრა მეორე, ხოლო რუსთავის მეტალურგი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდნენ. თბილისის დინამო ტურნირს ფლეი-ოფში გამოეთიშა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები