U19: ევრო 2012

ესპანეთი 19-წლამდელებშიც ჩემპიონია!

ესპანეთის ნაკრებმა ბოლო 11 წელიწადში მეექვსედ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული 19-წლამდელთა შორის. ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ლა როხიტამ გადამწყვეტ მატჩში 1:0 დაამარცხა საბერძნეთი და შარშან, რუმინეთში მოგებული თასი შეინარჩუნა.

ესპანეთის და საბერძნეთის 19-წლამდელები ევროპირველობის ფინალში პირველად 2007 წელს შეხვდნენ და პირენეელებმა მაშინაც 1:0 გაიმარჯვეს. ესტონურ ფინალში ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გაიტანა მადრიდის რეალის თავდამსხმელმა ხესე როდრიგესმა და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 5 გოლით. ესპანელებმა ბერძნები ჯგუფურ ტურნირშიც დაამარცხეს - 2:1.

„თანაგუნდელების ძალიან მადლიერი ვარ - მათ გარეშე ამ ჯილდოს ვერ მოვიგებდი! მიხარია ყველაზე მეტი გოლი რომ გავიტანე, მაგრამ ეს ჩემი მთავარი მიზანი არაა. ვოცნებობ რეალის ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდე და იმედია, ამ მიზანსაც მივაღწევ,“ - განაცხადა ბომბარდირმა. ხესე როდრიგესი ზედიზედ მესამე ესპანელია, რომელმაც ტურნირის „ოქროც ბუცი“ ჩაიბარა: 2010 წელს ყველაზე მეტი გოლი - 4 - დანიელ პაჩეკომ შეაგდო, შარშან კი ალვარო მორატამ - 6. მორატას 6 გოლი 19-წლამდელთა ევროჩემპიონატის ყველა დროის რეკორდია.

„ეს ნამდვილი ფინალი იყო! ჩვენ დავამარცხეთ გუნდი, რომელმაც მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალედ იასპარეზა და ღირსეულად მოიპოვა ფინალში თამაშის უფლება. მეამაყება, რომ ჩემმა ბიჭებმა გაიმარჯვეს - მათ პირველიდან ბოლო წუთამდე ყველაფერი გაიღეს მოსაგებად,“ - განაცხადა ტრიუმფატორთა თავკაცმა ხულენ ლოპეტეგიმ. მისი გუნდის სამმა ფეხბურთელმა: დოლოფეუმ, პაკო ალკასერმა და კამპანიამ 19-წლამდელთა ევროპირველობა მეორედ მოიგეს. მათ შარშანაც ითამაშეს ფინალში.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდი მეორე ადგილზე დაასრულა და ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა. საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩვენმა გუნდმა გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით იასპარეზა და თურქეთს, პოლონეთს და ლუქსემბურგს გაასწრო, ელიტ-რაუნდში კი მთავარი მწვრთნელი ოთარ კორღალიძე იყო - საქართველომ ავსტრიას და ბოსნია-ჰერცეგოვინას კი აჯობა, მაგრამ ხორვატიას ჩამორჩა.

U19: ევროპის ჩემპიონები

2002 - ესპანეთი, 2003 - იტალია, 2004 - ესპანეთი, 2005 - საფრანგეთი, 2006 - ესპანეთი, 2007 - ესპანეთი, 2008 - გერმანია, 2009 - უკრაინა, 2010 - საფრანგეთი, 2011 - ესპანეთი, 2012 - ესპანეთი

კომენტარები