სახალხო დამცველი

გიორგი ტუღუში: სასჯელაღსრულების სისტემასთან ასე თამაში უპატივცემულობაა ადამიანების მიმართ

პარასკევს, 6 ივლისის ღამეს, სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობა იყო და ციხეში სპეციალური დანიშნულების რაზმიც იმყოფებოდა. ახსენეს გარდაცვლილი პატიმრებიც. ინფორმაცია მალევე გავრცელდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით.

გლდანის ციხესთან მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. ცოტა ხანში ომბუდსმენის აპარატმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მისმა წარმომადგენლებმა ამ ვიზიტის ფარგლებში დაწესებულების ყველა კორპუსი შემოიარეს, ციხე ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებდა და არც მასობრივი არეულობის ან რაიმე ინციდენტის ნიშნები შეინიშნებოდა. მონიტორინგი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.

მოარული ცნობა მეორე დღეს კატეგორიულად უარყო სასჯელაღსრულების სამინისტრომაც.

სახალხო დამცველმა ყველა დაინტერესებულ მხარეს, ასევე ფიზიკურ პირებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავება სთხოვა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოგვიანებით ადგილზე ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების ყოფნაც დააყენეს ეჭვქვეშ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ღამით გავრცელებულმა ცნობამ საზოგადოების ნაწილში შფოთი გამოიწვია. თემა საკმაოდ სენსიტიურია – როდესაც საქმე დახურულ დაწესებულებას ეხება, ტყუილსა და რეალურ ამბავს შორის ზღვარის მარტივად გავლება რთულია, დეზინფორმაციის შედეგი კი არცთუ სახარბიელო შეიძლება იყოს.

გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების გარშემო ატეხილ ხმაურზე და რეაქციებზე, ტაბულა სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს ესაუბრა.

ეს ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა და შემდეგ არ დადასტურდა. რომ არა მედიისა და არასამთავრობოების რეაქცია, მოჰყვებოდა თუ არა ამხელა აჟიოტაჟი?

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ არაერთმა მედიასაშუალებამ დაგვირეკა და გვკითხა, რა ვიცოდით გლდანის დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ. ხაზგასასმელია, რომ საუბარი იყო არა მხოლოდ მასობრივ არეულობებსა და სპეცრაზმის შესვლაზე, არამედ მსხვერპლზე – რამდენიმე პირი დანამდვილებით წერდა, რომ არის ორი, ათი გარდაცვლილი პატიმარი, არიან დაჭრილები და ასე შემდეგ.

ასეთი ინფორმაციის გამოჩენისგან არავინაა დაზღვეული. ქსელში შეიძლება ვიღაცამ იხუმროს, ან მცდარი ინფორმაცია გაავრცელოს. თუმცა, როდესაც ხდება ამის ატაცება, ტირაჟირება, ინტერპრეტირება და საზოგადოებას მიეწოდება დამახინჯებული, გადაუმოწმებელი ფორმით, ნებისმიერმა პირმა, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავს ახლობელი, შეიძლება იფიქროს, რომ იმ მსხვერპლიდან ერთ-ერთი მისი ოჯახის წევრია.

არ გამოვრიცხავ – სასჯელაღსრულებით სისტემაში შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ. იყო ფაქტები წარსულში, როცა სპეცრაზმი შევიდა. ბუნტიც იყო რამდენიმე წლის წინ და მსხვერპლიც. მაგრამ აქ წავაწყდით მნიშვნელოვან პრობლემას: გავრცელდა ინფორმაცია, ამის შემდეგ, სახალხო დამცველის წარმომადგენლები შევიდნენ დაწესებულებაში, მოიარეს ყველა კორპუსი, სადაც პატიმრების უმრავლესობას ეძინა. როდესაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ დაწესებულებაში სრული სიწყნარეა, ხოლო რამდენიმე პერსონა აგრძელებს იმავეს ტირაჟირებას და ამბობს, რომ იქ გვამებია, ეს არის უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი. ასევე მცდელობა, რომ არარელევანტური მიზეზით გადაფარონ უსუსური ნაბიჯი – დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა.

ამას მივყავართ იქამდე, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული რეალური პრობლემები, სახალხო დამცველის ანგარიშებში ასახული უფლებადარღვევები და კონკრეტული ინციდენტები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც დასტურდება უფლებადარღვევის ფაქტები, თუმცა ხშირად ამგვარი ინფორმაციის გავრცელება საფუძველსაა მოკლებული. სასჯელაღსრულების სისტემასთან ასე თამაში და უპასუხისმგებლოდ მოხსენიება, საუბარი მსხვერპლზე, არის სერიოზული უპატივცემულობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სასჯელს იხდიან ან ასეთი ახლობლები ჰყავთ.

გეთანხმებით, სახალხო დამცველი ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც შეუზღუდავად ახორციელებს მონიტორინგს დაწესებულებებში. თუმცა მე, ერთადერთი, შემიძლია დიდი სინანული გამოვხატო, რომ ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე რაოდენობა, ეგრეთ წოდებული უფლებადამცველები, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას პასუხი მოთხოვონ სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულ დარღვევებზე, ამჯობინებენ, სახალხო დამცველს შემოუბრუნონ ეს საკითხები და მისი საქმიანობა გააკრიტიკონ. ერთხელ მაინც რომ მენახა მათი მხრიდან საფუძვლიანი კრიტიკა, ვეცდებოდი, გამომესწორებინა, თუ რამე ნაკლოვანება არსებობს. მაგრამ ხშირად არაობიექტურობის მორევში ხდება ჩვენი ჩათრევა.

ინფორმაციის ეს კასკადი მიუთითებს, რომ საზოგადოების ნაწილი, ალბათ, მზად არაა, საკუთარ თავზე მცირე პასუხისმგებლობა მაინც აიღოს ინფორმაციის გავრცელებაზე, ან მერე ბოდიში მოიხადოს რამდენიმე ასეული ადამიანის შეცდომაში შეყვანისთვის.

ჩვენ გვირეკავდნენ, გვწერდნენ და გვეკითხებოდნენ, ვინ დააყენებს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხს, რომელთაც მთელი ღამე არ დაგვაძინეს და გვანერვიულეს, იმიტომ, რომ გაავრცელეს ეს ინფორმაცია.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ „მიზანმიმართული დეზინფორმაცია” უწოდა ამ ამბავს. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?

ეს სასჯელაღსრულების სამინისტროს პოზიციაა. არაერთი ფაქტი მახსენდება, როცა მას ინფორმაცია საერთოდ დაუმალავს. ხშირად ყოფილა, რომ სამინისტროს შეეძლო თავად მოეფინა ნათელი მთელ რიგ საკითხებზე, თუმცა ამისგან თავი შეუკავებია. კარგია, თუ ისინი შეიცვლიან მიდგომას და როდესაც საუბარი იქნება კონკრეტულ ფაქტებზე, დარღვევებზე, საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მიაწვდიან. მაგალითად, რამდენიმე გარდაცვლილი პატიმრის შემთხვევაში, მიზეზებზე საუბრის მაგივრად, ძირითადად იმას წერდნენ, რომელი მუხლით იყო იგი მსჯავრდებული. ამიტომაა დაბალი ნდობა უწყების მიმართ.

იყო თუ არა რაიმე საფუძველი, რაც ამ მცდარ ინფორმაციას დაედო საფუძვლად? მაგალითად, საინფორმაციო წყაროები ასევე ავრცელებდნენ ცნობას 5 ივლისის ღამეს ერთი პატიმრის (მიხეილ ბაზაზიანის) გარდაცვალების თაობაზე, რაც შემდეგ დადასტურდა.

მედიის წარმომადგენლები რეკავენ ომბუდსმენის ოფისში და ამბობენ, რომ იმ დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში გარდაიცვალა პატიმარი და მისი გვამი ვერ აღმოვაჩინეთ, გადაგვიმალეს. საინტერესო ისაა, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში გარდაცვლილი ბაზაზიანი საერთოდ ვერ მოხვდებოდა. სავარაუდოდ, იგი გარდაცვლილია 5 ივლისს და 7-ში გადმოსვენებულია სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც მე-18-ეა და არა მე-8. ის გლდანშია, მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არის ცალკე დაწესებულება, უბრალოდ, აქვს მორგი.

გარდაცვლილ პატიმარზე ინფორმაცია ძალიან მარტივად შეიძლება დაიჯერო, როცა სისტემაში წლის განმავლობაში 140-მდე პირია გარდაცვლილი. აქედან მხოლოდ 2-3 ფაქტი მახსენდება, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ყურადღება მიექცა.

სწორედ ეს საკითხები უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. როცა სისტემაში ბევრ უფლებადარღვევას აქვს ადგილი, საზოგადოება ადვილად იჯერებს ნეგატივს. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ მასობრივ არეულობაზე და პატიმრების მასობრივ გარდაცვალებებზე, აქ სხვა პასუხისმგებლობა აკისრია ინფორმაციის გამავრცელებელს – ეს ხომ სერიოზული ზიანის მომტანია.

უსაფრთხოების შეგრძნება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საჭიროა დახურულ სისტემაში. თუ ადამიანი დაუცველად გრძნობს თავს სისტემის შიგნით, ძალიან მარტივი ხდება უპასუხისმგებლო განცხადების ატაცება, გაზიარება და რიგ შემთხვევებში, დაჯერებაც კი.

თქვენ მომდევნო დღეებშიც განახორციელეთ მონიტორინგი გლდანის დაწესებულებაში, რა ვითარებაა იქ?

საერთოდ, წელიწადში ორჯერ, ყველა დაწესებულებას ვამოწმებთ. იმ დღეს მასობრივ არეულობას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ შესაძლოა, იყო ინციდენტი – გლდანის დაწესებულება ერთ-ერთი პრობლემური საპყრობილეა საქართველოში. კვირა დღეს, ჩემი უშუალო მოთხოვნა იყო მონიტორინგის ჯგუფისადმი, რომ მაინც დეტალურად შეგვესწავლა მდგომარეობა. ყველა კორპუსში, კონფიდენციალურ ვითარებაში გავესაუბრეთ 400-მდე პირს. როგორც მათ განაცხადეს, რადიოდან გაიგეს, რომ იქ არის მსხვერპლი, სპეცრაზმი, ბუნტი და ა.შ.

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, დღემდე სახეზეა რამდენიმე სისტემური პრობლემა, რომელიც გლდანის დაწესებულებას ახასიათებდა. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში იქ არეულობას ადგილი არ ექნება და სპეცრაზმის გამოჩენის საჭიროება არ დადგება. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი სამწუხარო რამ მოხდება, ყოველთვის ვიქნებით ადგილზე, რაც კანონითაა განსაზღვრული. ჩვენი უფლებაა, ნებისმიერ დროს შევიდეთ დაწესებულებაში და საზოგადოებას მივაწოდოთ მიუკერძოებელი, ობიექტური ინფორმაცია დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ.

ასეთი ბრალდებაც იყო თქვენი აპარატის მიმართ, რომ არასწორად იმოქმედეთ და დაწესებულებაში შესული ან გამოსული არ დაუნახიხართ. ამას როგორ ახსნით?

ჩვენი თანამშრომლები იმავე ღამეს იმყოფებოდნენ დაწესებულებაში. გამოსვლიდან 10 წუთში ინფორმაცია გავრცელდა ყველასთვის, მათ შორის – დაინტერესებული მედიასაშუალებებისთვისაც. არ ვთვლი, რომ სახალხო დამცველმა კონკრეტულად რომელიმე ჯგუფს პერსონალურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. ჩემი წარმომადგენლები ავტომანქანით შედიან დაწესებულების ეზოში და როდესაც ვკითხე, მათ იქ არავინ დახვედრია და არაფერი უკითხავს.

რაც შეეხება ქსნის ციხეს, ცოტა ხნის წინ მიიღეთ 700-მდე პატიმრის ხელმოწერილი საჩივარი არასათანადო მოპყრობის შესახებ. რა ვითარებაა ამჟამად?

ქსანში ვითარება ახლა შედარებით ნორმალიზებულია. ჩემი თანამშრომლები დღესაც იქ იმყოფებიან. ბოლო კვირების მონაცემებით, ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ, არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა მკვეთრად დაიკლო – ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

საჩივარი ეხება განვლილ 6 თვეს – ანუ საუბარია როგორც ახალ, ასევე ძველ დარღვევებზე, რომლებიც პატიმრებს ადრე არ განუსაჯაროებიათ. თუმცა, ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ერთი წლის წინანდელ დარღვევებზეც კი ესაუბრათ.

ეს ძალიან ხშირად ცუდ სამსახურს უწევს როგორც თავად პატიმრებს, ასევე ზოგადად სიტუაციის გამოჯანსაღებას – მე უნდა მქონდეს საშუალება, დროულად მოვახდინო რეაგირება. როდესაც პატიმარი ამბობს, რომ ერთი წლის წინ სცემეს, და ერთი წლის მერე არ არსებობს დაზიანებების არანაირი კვალი, ცხადია, ამ ფაქტზე ეფექტურ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ. მინდა ყველას მოვუწოდო – ინფორმაცია როგორც მძიმე, ასევე მსუბუქ უფლებადარღვევის ფაქტებზე, სჯობს, დროულად მიეწოდოს სახალხო დამცველს. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ კონფიდენციალობას, თუ ამას პატიმარი მოითხოვს.

თუმცა თითოეულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მაინც ხორციელდება. ამის შედეგად, ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთი პრევენციული ღონისძიება გატარდა და არაერთ პატიმარს აღუდგა დარღვეული უფლება.

 

კომენტარები