მუსიკა

ელექტრონული მუსიკა და თუშეთი

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ჰიმალაის მთებმა კიდევ ერთხელ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება – 16 მაისს, მერას მწვერვალზე, ზღვის დონიდან 6476 მეტრის სიმაღლეზე, ისტორიული კონცერტი გაიმართა. ბრიტანელი მუსიკოსის, ოზ ბაილდენის და მისი საქველმოქმედო ფონდის – Music4children მიერ ინიცირებულმა ცოცხალმა შესრულებამ სიმაღლის ყველა რეკორდი მოხსნა და ამით ნეპალის ობოლთა თავშესაფარს არსებობა შეუნარჩუნა.

საქართველოში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტისა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის ორგანიზებით ქართული რეკორდი დამყარდა: ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ზღვის დონიდან 1880 მეტრის სიმაღლეზე ელექტრონული მუსიკა გაისმა. იდეა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, გოგა ხაჩიძეს ეკუთვნოდა.

კონცერტი „თუშეთობა 2012”-ის ფარგლებში ახმეტის რაიონის მაღალმთიან სოფელ ომალოში გაიმართა. მასში ელექტრონული მუსიკოსების გარდა მონაწილეობდნენ ჯგუფი „მგზავრები”, მოძრაობის თეატრი ცეცხლოვანი შოუთი, ადგილობრივი მომღერლები და მოცეკვავეები. თუმცა საღამოს კულმინაცია მაინც ორსაათიანი DJ სეტი იყო.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის ეზოში შეკრებილი სტუმრების წინაშე ქართველი დიჯეები – ლევან ლოლიშვილი, აჩი თაბუკაშვილი და ეკატერინა (ეკალა) მაჭავარიანი წარდგნენ.

„მუსიკის კეთება 2003 წელს დავიწყეთ. მას შემდეგ ძალიან ბევრ ადგილას დაგვიკრავს. 2008 წელს წლის საუკეთესო ელექტრონული პროდიუსერები გავხდით. მიუხედავად ამისა, ომალოს სეტი მაინც აბსოლუტურად გამორჩეული იყო და სამუდამოდ დაგვამახსოვრდება. ეს იყო პირველი ქართული DJ სეტი ასეთ სიმაღლეზე, რაც, იმედია, ტრადიციად გადაიქცევა”, – განუცხადა ტაბულას ლევან ლოლიშვილმა.

GREENBEAM & LEON ძირითადად ტექნო მუსიკას უკრავს, რაც მუსიკოსებმა თუშეთის გარემოსთან შეუსაბამოდ ჩათვალეს და მაყურებლის წინაშე მეორე პროექტით, Autumn Tree წარდგნენ. Autumn Tree-ის რბილმა და მელოდიურმა, deep house ჟღერადობამ პუბლიკა აიყოლია – ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა.

ელექტრონული მუსიკისგან განსხვავებით, ტრადიციული თუშური მუსიკა მინორული ტონებით გამოირჩევა. ისტორიულად, თუშებს გარესამყაროსგან იზოლირებულად უწევდათ ცხოვრება, რამაც მათი უნიკალური იდენტობა ჩამოაყალიბა. იქ ითვლებოდა, რომ ადამიანი გულისა და გონების მუდმივ ჭიდილში იწრთობა, ხოლო ის, ვინც ამ ორი მამოძრავებელი საწყისის სწორ დაბალანსებას – „გულსგონდატანას” – შეძლებდა, სულიერ სიმშვიდესა და გარშემომყოფთა პატივისცემას მოიპოვებდა.

XX საუკუნის 60-იანი წლებიდან საბჭოთა ხელისუფლება გამიზნულად აცარიელებდა თუშურ სოფლებს და მოსახლეობის კახელებთან ასიმილაციას ცდილობდა. დღესდღეობით, თუშეთის 48 სოფლიდან მუდმივი მოსახლეობა მხოლოდ რამდენიმეს შემორჩა. მიუხედავად ამისა, თუშური იდენტობის წაშლა ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ცისთვის ნაპირის ჩამოტეხვა – „ვინა სთქვა თუშთა დალევა, ნაპირმოტეხა ცისია”. წლევანდელი „თუშეთობაც” ხომ სწორედ ამ დევიზით ჩატარდა. ერთი მხრივ, არქაული რიტუალები, მეორე მხრივ კი – ბუმბერაზ მწვერვალებს შორის მფრინავი პარაპლანები და ელექტრონული მუსიკა, თუშეთს კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას სძენდა.

ფიცვერცხლნაჭამი დობილ-ძმობილების ბედით, მაჯლაჯუნა თებჟორიკების ოინებით, დევების წყაროს წყლის გემოთი, დორაის ხეველების ძალით, თუშური ცეკვა-სიმღერითა და ახლა უკვე ელექტრონული მუსიკით დაინტერესებულ პირებს, თუშეთში მოხვედრა ავტომანქანით ოქტომბრის ბოლომდე შეუძლიათ. მანამ, სანამ თოვლი გზებს დაფარავს და ისედაც ცაში გამოკეტილებს, კიდევ უფრო შორეულად არ აქცევს.





 

კომენტარები