ქართული ოცნება

წინასაარჩევნო „ქველმოქმედება”

ივლისს სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნით, ტელეკომპანია მაესტროს კუთვნილი, მოსახლეობისთვის დასარიგებლად განკუთვნილი სატელიტური ანტენები დააყადაღა. ეს გახდა ამომრჩეველთა მოსყიდვასთან დაკავშირებული საქმეების გაგრძელება, რაშიც სამართალდამცავებმა ქართული ოცნება მანამდე რამდენიმეჯერ დაადანაშაულეს.

ბოლო პრეცედენტი მთავარი პროკურატურის მიერ ფონდ ქომაგის მხილება იყო. ივნისის ბოლოს, საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქის პირად ანგარიშზე თანხები უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და ოფშორულმა კომპანიებმა გადარიცხეს. თანხების მიმღებთა უმრავლესობა ფონდ ქომაგში დახმარების მიმღებად იყო რეგისტრირებული.

პროკურატურის ვერსიით, ეს იყო ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემა, რომელშიც ამჟამად ლონდონში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მონაწილეობდა და რომელსაც ქართულ ოცნებასთან ჰქონდა კავშირი.

საქართველოს მოქალაქეებს თანხებს ურიცხავდა ორი იურიდიული პირი – ბრიტანეთში რეგისტრირებული MEDIA HOUSE GEORGIA და Wildbridge Trade L.P., ასევე, ბრიტანეთსა და უკრაინაში მცხოვრები რამდენიმე კერძო პირი, რომლებსაც მანამდე საქართველოსთან კავშირი არ ჰქონიათ.

დღეისთვის MEDIA HOUSE GEORGIA-ს ხელმძღვანელად ნინო თორაძეა რეგისტრირებული. თუმცა, ჯერ კიდევ 11 მაისს, გაზეთ Guardian-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმად, MEDIA HOUSE GEORGIA მაღალი კლასის პიარ-კონსულტანტს ეძებდა. განცხადებაში მითითებული იყო, რომ კონსულტაციები ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის უნდა გაეწიათ.

ამჟამად ბრიტანეთში მყოფი ჩხარტიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადებები იმის შესახებ, რომ ახალი ტელევიზიის დაფუძნება და ტელეკომპანია მზის საკუთრებაში დაბრუნება სურს, ქართულ ოცნებასთან რაიმე კავშირს უარყოფს.

გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ კერძო პირებმა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეებს ფული გადაურიცხეს, ეს თანხები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირებისგან მიიღეს. თითოეული „დონორი” საქართველოს მრავალ მოქალაქეს ერთდროულად უგზავნიდა თანხას (170-დან 1200 აშშ დოლარამდე). გადარიცხვების დანიშნულებად კი ხშირად მიუთითებდნენ ჰონორარს „საკონსულტაციო მომსახურებისთვის”, რომელიც მათ, თითქოს, ამ მოქალაქეებმა გაუწიეს.

საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა თანხის მიმღები 40-მდე პირი. თავიანთ ახსნა-განმარტებებში ისინი აცხადებდნენ, რომ ფონდმა ქომაგმა ურჩიათ, გაეხსნათ ანგარიშები, სადაც თანხების ჩარიცხვას დაჰპირდა. რაიმე კავშირი თანხების გადმომრიცხავ ორგანიზაციებსა თუ პირებთან ამ ადამიანებს არასდროს ჰქონიათ.

ფონდი ქომაგი მიმდინარე წლის მაისში დაფუძნდა. ის „პოლიტიკური დევნით დაზარალებულ” (მაგალითად, სამსახურიდან დათხოვნილ) მოქალაქეებს ადვოკატის მომსახურების და სხვა ხარჯების ანაზღაურებას, ასევე 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას ჰპირდებოდა. მართალია, ფონდის დამფუძნებლები ქართულ ოცნებასთან კავშირს უარყოფდნენ, თუმცა პირველივე განცხადებაში, საბანკო რეკვიზიტების ჩამონათვალში, მიუთითეს საქველმოქმედო ფონდ ქართუს ანგარიში, რომლიდანაც, წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტები ფინანსდებოდა.

ქომაგის დაფუძნებისთანავე, ის გააფრთხილეს როგორც კონტროლის პალატამ (ამჟამად – სახელმწიფო აუდიტის სამსახური), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ. მათი განცხადებით, ამგვარი დახმარება შესაძლოა ამომრჩეველთა მოსყიდვად შეფასდეს, რაც კანონდარღვევაა.

არასამთავრობოების რეაქციამ ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია. მას, ქართული ოცნებისა და ფონდის დამფუძნებელთა მტკიცებით, ქომაგთან რაიმე კავშირი არ ჰქონია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა დაადასტურა, რომ ივანიშვილი, ქომაგთან დაკავშირებით, მისგან პოზიციის შეცვლას მოითხოვდა.

19 მაისს, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნით, ფონდის ანგარიში პირველივე მსხვილი თანხის – 90 ათასი ევროს გადმორიცხვის შემდეგ დაყადაღდა. ამ შემთხვევაში ფონდის დონორი იყო სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ინტერპოლის მიერ ძებნილი და ამჟამად გერმანიაში, პოლიტიკური დევნილის სტატუსით მცხოვრები ბიძინა გიორგობიანი, რომელიც, მისივე განმარტებით, გასული წლის აგვისტომდე კონსერვატიული პარტიის წევრი იყო.

ქომაგის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გადარიცხვა არა პიროვნულად გიორგობიანმა, არამედ გერმანიაში მოქმედმა საქველმოქმედო ფონდმა განახორციელა (რომლის დირექტორი ბიძინა გიორგობიანია), ანგარიშის დაყადაღება კი მიზნად ქომაგის საქმიანობის პარალიზებას ისახავდა. შესაბამისად, ფონდი მოქალაქეთა დახმარებას „სხვა სამართლებრივი გზებით” შეეცადა. კერძოდ, „საზღვარგარეთ მცხოვრებმა კეთილი ნების ადამიანებმა”, ქომაგის მიერ მითითებულ მოქალაქეთა ანგარიშებზე თანხები ჩარიცხეს.

ქომაგში აცხადებენ, რომ სამართალდამცავთა ქმედებები მიმართულია „ფონდ ქომაგის საქველმოქმედო საქმიანობის წინააღმდეგ და მისი სახელის შელახვას ემსახურება”.

მანამდე, 5 ივნისს, ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით ქუთაისში ქართული ოცნების რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ისინი, ქართული ოცნების აქციის დაწყებამდე, ამომრჩევლებს იმ ბლანკების შევსებას სთავაზობდნენ, რომლებზეც საკუთარი „ოცნება” – მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან რაიმე სხვა მატერიალური ფასეულობა უნდა მიეთითებინათ. აქტივისტები მოქალაქეებს „ოცნებების” ასრულებას არჩევნებამდე ჰპირდებოდნენ.

პროკურატურის განცხადებით, მედიაში გავრცელებული აუდიო და ვიდეომასალები, ასევე ოპერატიული ჩანაწერები, საკმარის საფუძველს იძლეოდა სამი დაკავებულის პასუხისგებაში მიცემისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით.

ქართულ ოცნებაში ჯერ განაცხადეს, რომ დაკავებულებთან კავშირი არ ჰქონდათ და ისინი პროვოკატორები იყვნენ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი მართლაც კოალიციას წარმოადგენდნენ და მანამდე არაერთ აქციაში მონაწილეობდნენ. ამის შემდეგ კოალიციამ მიიჩნია, რომ აქტივისტები „ან მოტყუებულები, ან გადაბირებულები” იყვნენ და განაცხადა, რომ მათ საჩუქრების დაპირების დავალება მიცემული არ ჰქონიათ.

მოსყიდვასთან დაკავშირებული ყველაზე მასშტაბური შემთხვევა კი გლობალ TV-ის სატელიტური მაუწყებლობის საქმე იყო.

21 ივნისს პროკურატურამ გლობალ TV-ის 55 ათასამდე სატელიტური ანტენა დააყადაღა. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ამომრჩევლებისთვის გადასაცემად იყო გამიზნული. გლობალ TV, რომელსაც ივანიშვილის ძმა ხელმძღვანელობს, სხვა არხებთან ერთად, მომხმარებელს პაკეტში ივანიშვილის კუთვნილ მე-9 არხსაც სთავაზობდა, ხოლო ანტენების დამონტაჟებას – რამდენიმეწლიანი განვადებით. კონტროლის პალატის ინფორმაციით, გლობალ TV-მ ანტენების დასარიგებლად საჭირო თანხა – 12 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი, ბანკ ქართუსგან მიიღო.

გლობალ TV-ის თანამშრომელები, რომლებიც ანტენებს ამონტაჟებდნენ, ქართული ოცნების სიმბოლიკას ატარებდნენ. მოქალაქეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, კომპანიის პერსონალი მათთან საუბრებში ამბობდა, რომ ანტენები ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია. კონტრაქტი ანტენების განვადებით გაყიდვაზე იმთავითვე კომერციულად არამოგებიანი იყო. ხშირ შემთხვევაში, გლობალ TV-ის თანამშრომლები მოსახლეობას განუმარტავდნენ, რომ განვადების თანხების გადახდა არჩევნების შემდეგ სავალდებულო არ იქნებოდა. სულ გლობალ TV-მ 50 ათასამდე ანტენის დამონტაჟება მოასწრო. მათ შორის ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც სახლში ტელევიზორი არ ჰქონიათ. გამოძიების ინფორმაციით, ამ ადამიანებს გლობალ TV ტელევიზორებსაც ჰპირდებოდა და საამისოდ ტექნიკის შემოტანასაც აპირებდა.

ამ დარღვევის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილს, საბოლოო ჯამში, 63 მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა.

„ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი – საქართველოს რეგიონებში არ დაუშვას სატელიტური თეფშების გავრცელება, რითაც მოსახლეობას უჩნდება ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალება”, – ასე შეაფასეს ეს გადაწყვეტილება ქართულ ოცნებაში.

ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით, კონტროლის პალატამ რეაგირება მოახდინა მმართველი პარტიის წევრებისა და მასთან დაახლოებული პირების აქტიურობაზეც. თუმცა, ამ შემთხვევაში შესაძლო დარღვევების მოცულობა ქართულ ოცნებასთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებულია. როგორც ტაბულასთვის მიცემულ ინტერვიუში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აცხადებდა, უწყებამ სამტრედიაში მოქალაქეების უფასო სამედიცინო მომსახურების დაპირების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა. ასევე – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო შემთხვევა, როცა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ნაციონალური მოძრაობის წევრმა სააღდგომოდ ცხვრები და ღვინო დაარიგა. გარდა ამისა, უწყება სწავლობს დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის საქმეს, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ასურეთში მოქალაქეებისთვის სუფრა გაშალა საკუთარი ხარჯებით. თუმცა ამჟამად, ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, პროკურატურა გამოძიებას არ აწარმოებს.

კომენტარები