კორუფცია

ევრობარომეტრი: საქართველო – ევროპაში ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა

0 კომენტარი

ევროკომისიის კვლევის, ევრობარომეტრის 2012 წლის შედეგების მიხედვით, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების 99%-ისთვის ქრთამი არავის მოუთხოვია. ამ შედეგიდან გამომდინარე, საქართველოს ევროპის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მოქალაქეებზე 4-ჯერ ნაკლებად აწყდებიან კორუფციას ყოველდღიურად. მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა კი თვლის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში კორუფციის დონე შემცირდა.

ეს კვლევა საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებული დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის ფარგლებში ჩატარდა. მეთოდოლოგია ევროპულის იდენტური იყო – საქართველოს მოქალაქეები იმავე კითხვარის გამოყენებით გამოკითხეს, როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კვლევაში სულ 3000 რესპონდენტი მონაწილეობდა.

ევრობარომეტრი საქართველოს ყველაზე არაკორუმპირებული ევროპული ქვეყნების კალათაში შემდეგ სახელმწიფოებთან ერთად აქცევს: ბელგია, დანია, ფინეთი, ჰოლანდია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი და ირლანდია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით გაცილებით მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საჯარო და კერძო სექტორში მექრთამეობას ადგილი არ აქვს.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 42% კორუფციული საქმეების გამოძიებაში ნდობას უცხადებს პოლიციას, რაც ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ემთხვევა.

კორუფციის შესახებ კითხვებს მოიცავდა IFC-ის ორი კვლევაც, რომლებიც ასევე 2012 წელს ჩატარდა – პირველი წლის დასაწყისში, მეორე – გაზაფხულზე. პირველში გამოიკვლიეს საქართველოს ბიზნესგარემო – გამოკითხეს საწარმოების მფლობელები და მენეჯერები. დაახლოებით 1000 გამოკითხულიდან მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა (0.11%-მა) დაასახელა კორუფცია პრობლემად საბიუჯეტო ორგანოებთან ურთიერთობაში. ამავე კვლევის მონაცემებით, რესპონდენტთა მხოლოდ 6%-ს სმენია სამთავრობო ორგანიზაციებში არსებული კორუფციის შესახებ, რასთანაც შეხება სხვა კომპანიებს ჰქონიათ.

IFC-იმ მეორე კვლევის ფარგლებში უკვე ტვირთის გაფორმების პროცედურები გამოიკვლია. გამოიკითხა დაახლოებით 500 იურიდიული პირის წარმომადგენელი, რომლებიც გეზში (გაფორმების ეკონომიკური ზონა) იმპორტ-ექსპორტის გასაფორმებლად იმყოფებოდნენ. მათგან მხოლოდ ორმა (0.4%-მა) თქვა, რომ იქ ქრთამის გადახდა მოუწია.

მსგავს შედეგებს აჩვენებდა 2010 წლის კვლევებიც. მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ამ დროს ჩატარებული კვლევის Life in transition II-ის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქრთამის მიცემა მოქალაქეთა 2%-ს მოუწია. თავის მხრივ, 5%-ზე დაბალი იყო კორუფციის აღქმაც, რაც საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ქვეყნებში აერთიანებდა. გარდა ამისა, საქართველო იყო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული NATO-ში გაწევრიანების მსურველ ევროპულ ქვეყნებს შორის. მას გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე, მაგალითად, უკვე NATO-ს წევრ ალბანეთს.

რაც შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევას, კორუფციის გლობალურ ბარომეტრს, რომელიც ასევე 2010 წელს ჩატარდა, მის ფარგლებში, კითხვაზე – გადაუხდია თუ არა ქრთამი ბოლო 12 თვის მანძილზე, გამოკითხულთა 3%-მა გასცა დადებითი პასუხი. მაშინ მხოლოდ თბილისის მოსახლეობა გამოკითხეს. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77% თვლიდა, რომ კორუფციის წინააღმდეგ მთავრობის ბრძოლა საქართველოში ეფექტიანია. ეს საგრძნობლად აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები