ჩრდილოეთ კორეა

გულაგი სახელმწიფო

0 კომენტარი

ღრმა სოციალიზმში ჩაძირული ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოსთვის დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. საერთაშორისო ასპარეზზე ატომური შესაძლებლობებით მანიპულირების გარდა, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიო საზოგადოებას ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობითაც აშფოთებს – საკუთარი ხალხის კასტებად დაყოფითა და საკონცენტრაციო ბანაკების შექმნით, კიმის დინასტიამ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები მიწასთან გაასწორა.

ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა უარყოფს საკუთარ ტერიტორიაზე საკონცენტრაციო ბანაკების არსებობას, თუმცა ამის, რა თქმა უნდა, არავის სჯერა. აპრილში, ადამიანის უფლებების დაცვის ამერიკულმა ორგანიზაციამ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს მთიან რეგიონში ჩამალული საკონცენტრაციო ბანაკები, რომლებიც სამ ძირითად ნაწილადაა დაყოფილი: ყაზარმები, ძალადობრივი შრომის მონაკვეთები და სიკვდილით დასჯის საჯარო მოედნები. საკონცენტრაციო ბანაკები, დღეს არსებული მონაცემებით, 150 ათასიდან 200 ათასამდე

იოდოკის საკონცენტრაციო ბანაკის სატელიტური ფოტო
პატიმარს ითვლის.

პროექტის ავტორებმა ბანაკებში არაადამიანურ ვითარებაზე ისაუბრეს: „მსოფლიო, სადაც ადამიანის უფლება უნივერსალური ღირებულებაა, არ უნდა ეგუებოდეს ჩრდილოეთ კორეაში არსებულ მდგომარეობას”…

საბჭოთა კავშირის ძალადობრივი შრომის ბანაკების ექსპერტის ენ ეფლბომის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის საკონცენტრაციო ბანაკები საბჭოთა გულაგების ანალოგია: „სწორედ ისე, როგორც სტალინის დროს, ჩრდილოეთკორეელები ისჯებიან უცხოური მედიის გაცნობისთვის, სამხრეთკორეული მუსიკის მოსმენისთვის, ან “დიადი ბელადის” სახელის შებღალვისთვის. სწორედ ისე, როგორც საბჭოთა კავშირში, პატიმრებს, სქესის და ასაკის მიუხედავად, გაუსაძლის პირობებში ამყოფებენ და აწამებენ. და ისე, როგორც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას, კიმის დინასტიასაც არ სურს, ვინმემ ამ დეტალების შესახებ იცოდეს, რადგან ამ შემთხვევაში რეპუტაციის შელახვასთან ერთად მისი ხელისუფლებაში ყოფნაც რისკის ქვეშ დგება”.

მიუვალ ადგილებში აშენებული საკონცენტრაციო ბანაკები, გაძლიერებული კონტროლი, შეიარაღებული ზედამხედველები და სიკვდილის შიში პატიმრებისთვის ციხიდან გაქცევას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. გულაგების არსებობის მრავალწლიან ისტორიაში მხოლოდ ერთეული ადამიანები არსებობენ, რომლებმაც ტყვეობას თავი დააღწიეს. საკონცენტრაციო ბანაკებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროს სწორედ ისინი წარმოადგენენ.

გულაგებში ადამიანისთვის გაუსაძლისი პირობებია შექმნილი. ტყვეებს კვირაში 7 დღე, დღეში 12 საათი ამუშავებენ და ამასთან, თითქმის არ აძლევენ საკვებ პროდუქტს. პატიმრები ვირთხებს, გველებს და ბალახებს ჭამენ. ასეთ პირობებს, როგორც წესი, დიდხანს ვერავინ უძლებს. დატყვევებულები ხშირად შიმშილით ან გადაღლილობით იხოცებიან. ყოფილი პატიმრების აღწერით, გულაგებში ძალადობრივი სამუშაო რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი: პირველი kwan-li-so პოლიტიკური პატიმრების ბანაკია, საიდანაც თავის დაღწევა პრაქტიკულად გამორიცხულია. მეორე kyo-hwa-so, ჩვეულებრივი დამნაშავეებისთვის, ან დამნაშავე მშობლების შვილებისთვის შექმნილი ზონაა. მესამე, ყველაზე მკაცრ ბანაკში ისინი იმყოფებიან, ვინც ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა სცადა.

საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრები გარე სამყაროს მთლიანად არიან მოწყვეტილნი. არავის აქვს მათი ნახვის უფლება. ეკრძალებათ ოჯახის წევრებისგან ამანათების ან წერილების მიღება. ქრონიკულად მშიერი პატიმრები ძირითადად მაღაროებში მუშაობენ. საჭმლის მოპარვის, ვინმესთან კამათის, ან შემთხვევით რაიმეს დაზიანების შემთხვევაში, პატიმარი ხანგრძლივი წამებით ისჯება.

ზედამხედველები ქმრების და შვილების წინაშე აუპატიურებენ პატიმარ ქალებს, ორსულობის შემთხვევაში კი აბორტის გაკეთებას აიძულებენ. პატიმრები ხშირად ხდებიან სხვადასხვა ბიოლოგიური თუ ქიმიური ექსპერიმენტის მსხვერპლნი. ყოფილი მსჯავრდებულები ჰყვებიან, რომ ზედამხედველებისთვის მცირედი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაშიც კი სასჯელი რამდენიმეკვირიანი წამებაა. სერიოზული დანაშაულის ჩადენისთვის ადამიანები სიკვდილით ისჯებიან. სიკვდილით დასჯაზე დასწრება ყველა პატიმრისთვის სავალდებულოა!

საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეული უკანასკნელი გმირი 30 წლის შინ დონგ ჰიუკია. იგი საკონცენტრაციო ბანაკში დაიბადა და იქ 22 წელი გაატარა. შინი, ბლენი ჰარდენის წიგნის “გაქცევა მე-14 ბანაკიდან” გმირად იქცა.

“მისი დასახიჩრებული სხეული, მისი ცხოვრების ერთგვარ რუკას წარმოადგენს. მაგალითად, საჩვენებელი თითი მაშინ მოაჭრეს, როდესაც 6 წლისამ საკერავი მანქანა შემთხვევით გააფუჭა”, – განაცხადა ჰარდენმა. შინი 14 წლის იყო, როდესაც დედისა და ძმის ციხიდან გაქცევის გეგმის შესახებ ზედამხედველებს შეატყობინა, იმედოვნებდა, რომ ამით უფროსობის კეთილგანწყობას დაიმსახურებდა და მათგან საჩუქრად საკვებს მიიღებდა. სინამდვილეში ის სასტიკად აწამეს და დედისა და ძმის საჯაროდ სიკვდილით დასჯას აყურებინეს. “დღეს ვაანალიზებ საკუთარ საქციელს და ვხვდები, რომ უპატიებელი დანაშაული ჩავიდინე”… თუმცა, მისი განცხადებით, დროთა განმავლობაში საკონცენტრაციო ბანაკის მკვიდრნი უემოციო და ცხოველური ინსტინქტების მქონე არსებებად ჩამოყალიბდნენ. ადამიანის წამება, გაუპატიურება ან სიკვდილით დასჯა სხვებში არანაირ ემოციებს არ იწვევს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები