საქართველო-რუსეთი

ალექსანდრ ლუკაშევიჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრ ლუკაშევიჩი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ადამიანის უფლებების კუთხით საკუთარ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მიხედოს.

ფედერაციის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ლუკაშევიჩი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს რუსეთის მისამართით მწვავე განცხადებების გაკეთებისგან.

აღნიშნული კომენტარით ფედერაციის უწყების წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გასცა პასუხი, რომელშიც არაკომერციულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტზეა საუბარი, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს.

"ჩვენ ცოტა ხნის წინ მოგვიწია რეაგირება აშშ-ის მხრიდან რუსეთის ფედერაციის სუვერენულ საკანონმდებლო პროცესში ჩარევაზე. ახლა რუსეთში დემოკრატიის გადარჩენაში საკუთარი წვლილის შეტანა მოულოდნელად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწვიტა და არაკომერციულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს, მწვავე განცხადება გააკეთა. თბილისს ვურჩევთ, შეწყვიტოს საერთაშორისო ორგანიზაციების პრეტენზიების იგნორირება საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ალექსანდრ ლუკაშევიჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მსოფლიოში დემოკრატიის გასაძლიერებლად ერთი რამის გაკეთება შეუძლია – ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტოს დემოკრატიულ თავისუფლებებთან, ადამიანის უფლებებსა და ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები.

"ამ პრობლემებზე მათ არაერთხელ მიუთითა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ და სხვა უფლებადამცველმა სტრუქტურებმა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პრეტენზიას, შეასრულოს საერთაშორისო მენტორის როლი ადამიანის უფლებების საკითხში, ეს უბრალოდ სასაცილოა", - აღნიშნა ლუკაშევიჩმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ "უცხო აგენტის ფუნქციის მქონე არაკომერციული ორგანიზაციების" საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტის შესახებ განცხადება 16 ივლისს გაავრცელა.

"კანონი და მისი დასახელება სრულად ასახავს რუსეთის ამჟამინდელი მმართველი ელიტის წარმოდგენას იმ უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ასე თუ ისე ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას. ნიშანდობლივია, რომ თვით სიტყვა "აგენტი" მათთვის განუყოფლად ასოცირდება "უცხო ქვეყნის ჯაშუშთან" და შესაბამისად - მტერთან. ტერმინის - "არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს უცხოური აგენტის ფუნქციას" გამოყენება მიზნად ისახავს მოსახლეობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი უნდობლობისა და უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივებას. აღნიშნული ცვლილებების პაკეტი არის გაგრძელება პუტინის რეჟიმის პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების საბოლოო დამორჩილებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევების დამალვისკენ", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

 

კომენტარები