ბუნებრივი სტიქია

სტიქიის შედეგად რამდენიმე რაიონი დაზარალდა

ღამით მოსულმა სტიქიამ კახეთში გურჯაანის, თელავისა და ლაგოდეხის რაიონები დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვარდა,  დაიხოცა შინაური პირუტყვი და ფრინველი, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ნათესები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თელავში, სადაც რამდენიმე სახლის კედელი ჩამოინგრა. გურჯაანსა და თელავში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა. სამივე რაიონში საგანგებო სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ და სარდაფებიდან წყალს ტუმბავენ.

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ღორღმა კობი-გუდაურის გზა ჩახერგა. ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროისათვის ყველა სოფელთან მისასვლელი გზა გახსნილია. ყველაზე მეტად სოფელი ბულაჩაური დაზარალდა, სადაც ძლიერმა სეტყვამ მოსავალი გაანადგურა. სტიქიამ სერიოზული პრობლემები შექმნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც, სადაც წყალი სახლებში შევარდა და მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

ძლიერი წვიმის გამო სამაშველო სამუშაოები თბილისშიც მიმდინარეობდა. სამაშველო ჯგუფებმა 85 ადგილას ამოტუმბეს წყალი, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დედაქალაქში საგანგაშო მდგომარეობა არ შექმნილა.

 

კომენტარები