ბუნებრივი სტიქია

სტიქიის შედეგად რაიონებში მოსახლეობა დაშავდა და მოსავალი განადგურდა

თელავში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა ქარიშხალმა 18 ადამიანის დაშავება გამოიწვია. თელავის საავადმყოფოში გადაყვანილთა უმრავლესობა ქარიშხლის დროს დამტვრეული შუშით დაიჭრა.

გასულ ღამით ძლიერი წვიმის შემდეგ მოვარდნილმა ქარიშხალმა ქალაქში ნგრევა გამოიწვია. რამდენიმე სახლის კედელი ჩამოინგრა, ქარიშხალმა ათეულობით სახლს სახურავი გადახადა. თელავში ამ დროისთვის შეწყვეტილია ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება.

სტიქიის შედეგად გურჯაანის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსავალი 100%-ით განადგურდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაიტბორა ეზოები. სამცხე-ჯავახეთში წვიმამ და სეტყვამ ათობით სახლი დააზიანა. ამ დროისათვის სამაშველო სამსახურები სტიქიის შედეგების აღმოფხვრას ცდილობენ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა. პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევა დაავალა, რათა სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ბიუჯეტში ცვლილებები შევიდეს. 

რაიონების მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია უკვე ითვლის.

 

კომენტარები