საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის შენობით ინვესტორები დაინტერესდნენ

თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობით რამდენიმე საინვესტიციო ჯგუფია დაინტერესებული. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა. მას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ბაქრაძის თქმით, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მისი განმკარგავი სახელმწიფო იქნება.

ბაქრაძის განცხადებით, მოლაპარაკებებს ამ საკითზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმართავს და შესაბამის ინფორმაციასაც გაავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოები რამდენიმე დღეა ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები სამუშაო ოთახებს ცლიან. პროტესტი პარლამენტის შენობის შესაძლო გასხვისების წინააღმდეგ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა გამოთქვა.

როგორც, თავის მხრივ, დავით ბაქრაძე აცხადებს, დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები შენობაში პარლამენტის ქუთაისში გადასვლამდე დარჩებიან. ამასთან, მისი თქმით, პარლამენტი სამუშაოდ მზად არის და თანამშრომლების პირადი ნივთები და არქივი შენობაში იქნება თუ არა, ეს სესიის მუშაობას ხელს ვერ შეუშლის.

დავით ბაქრაძემ დასძინა, რომ კანონმდებლობით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პარლამენტი მუშაობას წყვეტს. მისი თქმით, არჩევნები ოქტომბრის პირველ დეკადაში რომ დაინიშნოს, საშემოდგომო სესიის სხდომები აღარ გაიმართება. “დიდი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ საშემოდგომო სესია არ იქნება,“ – აცხადებს დავით ბაქრაძე. 



 

 

კომენტარები