სირიის კრიზისი

ისევ რუსულ-ჩინური ვეტო

რუსეთმა და ჩინეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში სირიის საკითზე რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადეს. პროექტი ქვეყანაში გაერო-ს დამკვირვებელთა ყოფნის ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებდა, ასევე მოუწოდებდა სირიის ხელისუფლებას შეეწყვიტა ძალადობა და დასახლებული პუნქტებიდან ჯარი გაეყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბაშარ ასადის რეჟიმისთვის არასამხედრო სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.

მოსკოვი სწორედ სანქციების შემოღებას ეწინააღმდეგება. გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, „ეს გზას გაუხსნიდა სირიის საქმეებში გარეშე სამხედრო ჩარევას“, რაც კრემლისთვის მიუღებელია.

ჩურკინის ბრიტანელმა კოლეგამ ლაიალ გრანტმა განაცხდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის პოზიციით გაოგნებულია. მისი თქმით, ამ ქმედებების შედეგი „სასტიკი რეჟიმის დაცვაა“. „მათ, (რუსეთმა და ჩინეთმა) საკუთარი ეროვნული ინტერესები მილიონობით სირიელის სიცოცხლეზე მაღლა დააყენეს“, - განაცხადა დიპლომატმა.

აშშ-ს ელჩმა გაერო-ში სიუზან რაისმა კი აღნიშნა, რომ რუსული მხარის ვარაუდები, თითქოს რეზოლუციის პროექტი სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას ემსახურება, „პარანოიდული ან თვალთმაქცურია“. მისი თქმით, სირიაში შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამასკოს რეჟიმს, ასევე იმ ქვეყნებს, რომლებმაც ამ რეჟიმის წინააღმდეგ მტკიცე ზომებს მხარი არ დაუჭირეს.

კენჭისყრის წინა დღეს, სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ს პრეზიდენტი ცდილობდა რუსი კოლეგა დაერწმუნებინა პოზიცია შეეცვალა. თუმცა, უშედეგოდ. სირიის საკითხის განხილვა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ქვეყანაში სიტუაციის უკიდურესად გამწვავებას დაემთხვა - 18 ივლისს დამასკოში ტერაქტის შედეგად ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე და ანტიკრიზისული შტაბის უფროსი დაიღუპნენ, მძიმედ დაშავდა შინაგანს საქმეთა მინისტრი. ბრძოლები ქვეყნის დედაქალაქ დამასკოში მიმდინარეობს.

 

კომენტარები