ბუნებრივი სტიქია

სტიქიით დაზარალებულები მთავრობისგან კომპენსაციის სახით 300-დან 1500 ლარამდე მიიღებენ

პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თელავში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტიქიით დაზარალებულებისთვის საკომპენსაციო ღონისძიებები რამდენიმე მიმართულებით წარიმართება. პრემიერის თქმით, დაზარალებული მოსახლეობა სამ კატეგორიად დაიყოფა.

პირველი კატეგორიაში შევლენ ის ადამიანები, რომლებმაც სტიქიური უბედურების შედეგად მოსავლის 100 პროცენტი დაკარგეს. მათ მთავრობა კომპენსაციის სახით 1300-დან 1500 ლარამდე გადასცემს. მეორე კატეგორიაში ისინი მოხვდებიან, ვინც მოსავლის 70-80 პროცენტი დაკარგა, ისინი კომპენსაციის სახით, 800-დან 900 ლარამდე მიიღებენ. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელთაც სტიქიამ მოსავლის 50 პროცენტი გაუნადგურა, 300-დან 500 ლარამდე კომპენსაციას მიიღებს.

პრემირის განცხადებით, კახეთის რეგიონში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის აღებული საბანკო კრედიტის დაფარვა ერთი წლით გადაუვადდება. ამ პერიოდში დაგროვილ საპროცენტო თანხას სახელმწიფო დაფარავს. მისივე თქმით, დაზარალებულები მიიღებენ სასურსათო პაკეტს, რომელშიც შედის ზეთი, ფქვილი და შაქარი.

19 ივლისის სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა თელავი, გურჯაანი, ასევე ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების ნაწილი.

 

კომენტარები