Pussy Riot

მოსკოვში Pussy Riot-ის წევრების მხარდამჭერები დააკავეს

მოსკოვში პოლიციამ სასამართლოსთან, სადაც პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის წარმომადგენლების საქმესთან დაკავშირებით წინასწარი მოსმენა მიმდინარეობს, ჯგუფის წევრების მხარდამჭერები დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, დაკავებულ პიროვნებებს ხელში აბრები ეჭირათ და რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებდნენ.

გამოცემის ცნობით, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ჯგუფის წევრებს, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, ეკატერინა სამუცევიჩს და მარია ალიოხინას პატიმრობის ვადა კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივეს. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურორების მოთხოვნა დააკმაყოფილა. გოგონებს თავისუფლების აღკვეთა 2013 წლის 12 იანვრამდე შეეფარდათ.

Pussy Riot-ის წარმომადგენლებს, რომლებიც საგამოძიებო იზოლატორში მარტიდან იმყოფებიან, ბრალი ხულიგნობასა და რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივებაში ედებათ, 21 თებერვალს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში შესრულებულიპანკ-ლოცვისათვის - „ღვთისმშობელო გააგდე პუტინი.“

ცოტა ხნის წინ რუსეთის კულტურის სფეროს ასზე მეტმა წარმომადგენელმა პანკ-ჯგუფ Pussy Riot - ის წევრების მხარდასაჭერად, ღია წერილს ხელი მოაწერა.

 

კომენტარები