აშშ

აშშ-ში გლოვა გამოცხადდა

აშშ-ში, პრეზიდენტ ობამას განკარგულებით, დროშები დაშვებულია. შტატები კოლორადოში, ბეთმენის პრემიერაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს გლოვოვობს. მწუხარების გამოსახატავად ასობით ადამიანი შეიკრიბა და გარდაცვლილების ხსოვნას პატივი სანთლებით, ყვავილებითა და წერილებით მიაგო.

გუშინ, 20 ივლისს,  შეიარაღებულმა მამაკაცმა კინოდარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვა და შემდეგ დარბაზში მსხდომებს ცეცხლი გაუხსნა. როგორც თავად ყვებიან, ფილმის საყურებლად შეკრებილებს თავდაპირველად ეს სცენა პრემიერის ნაწილი ეგონათ და აპლოდისმენტებითაც კი შეეგებნენ.

უკანასკნელი მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი, 58 კი დაშავებულია. 11 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ცნობილია მკვლელის ვინაობა - 24 წლის ჯეიმს ჰოლმსი პოლიციამ მალევე, კინოთეატრის ეზოში დააკავა. ის სასამართლოზე ორშაბათს დილით გამოცხადდება.

რამდენადაც ცნობილია, ჯეიმს ჰოლმსს იარაღი ლეგალურად ჰქონდა შეძენილი, მის ბიოგრაფიაში არც კრიმინალური ჩანაწერები მოიძებნება. ოფიციალური პირები ამ ეტაპზე ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირს გამორიცხავენ.

ნიუ-იორკის პოლიციაში აცხადებენ, რომ მკვლელობამდე ჰოლმსმა თავი წითლად შეიღება, პოლიციას უთხრა, რომ ფილმის ერთერთი პერსონაჟი, ჯოკერი იყო და კინოთეატრის ბილეთები სხვებთან ერთად შეიძინა.

მომხდარით შეშფოთებულია ფილმის რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი: „კინოთეატრი ჩემი სახლია. ჩემთვის გამანადგურებელია ის აზრი, რომ ვიღაცამ ასე აუტანლად ველური გზებით იძალადა ამ უდანაშაულო და იმედიან ადგილზე,“.

დატრიალებული ტრაგედიის გამო ბეტმენის დაგეგმილი პრემიერა გადაიდო პარიზში.

 

 

კომენტარები