ჩრდილოეთ კავკასია

აბრაამ შმულევიჩი: პირველი ნაბიჯი ჯერ გადასადგმელია

ცნობილი ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ისრაელელი პოლიტოლოგი აბრაამ შმულევიჩი ტაბულას ჩრდილო კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის იმ კონცეფციის შესახებ ესაუბრა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ საბოლოოდ დაამტკიცა.

რას ფიქრობთ კონცეფციის შესახებ? რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს ის ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკის განვითარებისთვის?

სტრატეგიის ფუნქციას ქაღალდი არ ასრულებს. ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს გამოცდილებიდან ვიცით, რომ ძალიან ლამაზი დოკუმენტების შექმნა შეიძლება. მთავარია, როგორ შესრულდება ის, რაც იქ წერია. შინაარსი შესანიშნავია. თეორიის თვალსაზრისით, ეს ძალიან სწორი სტრატეგიაა, 90 პროცენტით, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვები მაქვს შესრულებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, თავად ფაქტი, რომ სტრატეგია მხოლოდ ახლა გაჩნდა, მის სასარგებლოდ არ მეტყველებს. მეორე, დღემდე არ გაკეთდა ელემენტარული რამ – არ არსებობს დოკუმენტის ოფიციალური თარგმანი. იძულებული გავხდი, პროექტს გავცნობოდი რომელიღაც ბლოგერის შესრულებული არაოფიციალური თარგმანით. ვინც ამ სტრატეგიის განხორციელებაზე ზრუნავს, ჩრდილო კავკასიის მცხოვრებლებისთვის მისი მიწოდებით არ შეწუხებულა. ეს უკვე ბევრზე მეტყველებს. თუ საქმე ასე წავიდა, სტრატეგიის რაიმე წარმატებებზე ვერ ვისაუბრებთ.

თუ ავიღებთ საქართველოს მუშაობის შედეგებს ჩრდილოკავკასიური მიმართულებით ბოლო თვეების განმავლობაში, ჩავარდნის გარდა ამას ვერაფერს დავარქმევ. თბილისში ჩერქეზული კულტურის ცენტრი შეიქმნა. ეს უნდა ყოფილიყო ორგანიზაცია, რომელიც მთელ ჩერქეზულ დიასპორას, აქტივისტებს გააერთიანებდა, ჩერქეზული კულტურის განვითარების ფლაგმანი გახდებოდა.

სინამდვილეში ცენტრის საქმიანობამ მრავალი ჩერქეზი აქტივისტის უპრეცედენტო უკმაყოფილება გამოიწვია. არადა, ბევრმა მათგანმა, პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, როდესაც საქართველოსთან კონტაქტზე წამოვიდა.

ჩერქეზული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა განცხადება გამოაქვეყნეს ჩერქეზული კულტურის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით. მასში ნათქვამია, რომ ცენტრის მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი ნაშრომის ხარისხი საკმაოდ დაბალია. საუბარია „კავკასიის მთიელ ხალხთა გასახლების რუკაზე“, რომელიც ფაქტოლოგიურ შეცდომებს შეიცავს. ასევე, წიგნზე „ჩერქეზები“, რომელიც რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე გამოიცა. მასში მრავალი შეცდომა და უზუსტობაა. ამავე დროს, ჩერქეზების საკითხთან დაკავშირებული არქივები, რომლებზეც ამდენი ხანია ლაპარაკობენ, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია.

ცენტრის საქმიანობის გამო, საქართველოს აქამდე მისდამი ლოიალურად განწყობილი ჩერქეზებიც დაუპირისპირდნენ. აქტივისტები წერილში აღნიშნავენ, რომ ცენტრის საქმიანობამ, შესაძლოა, გააუფასუროს საქართველოს ყველა ძალისხმევა ჩერქეზებთან დაკავშირებით და დიასპორაში არასასურველი პროცესების პროვოცირება მოახდინოს.

გარდა ამისა, ცენტრის ხელმძღვანელობაში ვერცერთი ჩერქეზი ვერ მოხვდა. დაბოლოს – ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც კავკასიის იმარატმა თურქეთში მოაწყო. იმარატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და გაერო-ს ვერსიით, ტერორისტული ორგანიზაციაა. ჩერქეზული ორგანიზაციები, რომლებიც თბილისის ჩერქეზულ ცენტრთან თანამშრომლობენ, აგრესიულ ისლამიზმსა და ტერორიზმს ეწინააღმდეგებიან.

20 მაისს სტამბოლში ჩერქეზთა გენოციდის ხსოვნის დღე მოეწყო, რომელიც ჩერქეზულმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს. ეს ღონისძიების ისტორიაში ყველაზე მასობრივი მიტინგი გახდა – 20 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ ღონისძიებაზე რეკორდული რაოდენობის აფხაზური დროშები გამოიტანეს, პირველად გამოჩნდა ოსური დროშებიც.

მანამდე, 12 მაისს, სტამბოლშივე გაიმართა კონფერენცია „კავკასიის მომავალი“, რომელიც თურქეთში კავკასიური დიასპორების არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიის ფონდმა მოაწყო. კონფერენცია ძალიან წარმომადგენლობითი იყო, მხარდაჭერას სტამბოლის მერია უწევდა და ის სტამბოლის უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. მასში მკვლევრებმა, ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნებიდან.

არ მგონია, ქართული მხარის მიღწევად ჩაითვალოს ის, რომ წინა ფორუმისგან განსხვავებით, ორგანიზატორებმა უარი თქვეს საქართველოს წარმომადგენელთა მოწვევაზე. როგორც მათ ახსნეს, „აფხაზეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკის გამო“.

გასაგებია, რომ ეს ყველაფერი თავისით არ ხდება – მუშაობს რუსული ФСБ, საგარეო უწყება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეჟიმები, მაგრამ საქართველოც სახელმწიფოა და უნდა შეეძლოს, რომ ამას საკუთარი ძალისხმევა დაუპირისპიროს. ჩერქეზთა კულტურის ცენტრი თბილისში კონკრეტულად იმისთვის შეიქმნა, რომ ჩერქეზული დიასპორისთვის საქართველოს პოზიცია აეხსნა. მაგრამ მისმა საქმიანობამ და სხვა ქართული სტრუქტურების მოქმედებამ თუ უმოქმედობამ, პირიქით, შედეგად საქართველოს იმიჯის გაუარესება მოიტანა. თუ ამას არ ჰქვია ჩავარდნა, მაშინ არ ვიცი სხვა რა ვუწოდო.

რაც შეეხება ჩეჩნეთის მიმართულებას – ხიზრი ალდამოვის გაქცევა საქართველოსთვის დარტყმას წარმოადგენს. მანამდე გაიქცნენ ოსები – ვლადიმირ სანაკოევი და ძმები ქარქუსოვები. გამოდის, რომ საქართველო ბოლო წლის განმავლობაში ჩრდილო კავკასიაში კონტაქტებს კარგავდა.

მაგრამ ალდამოვი ხომ არ ყოფილა მნიშვნელოვანი პერსონა ჩრდილოეთ კავკასიასთან კონტაქტების თვალსაზრისით?

ის სიმბოლური ფიგურა იყო. ის გახლდათ დუდაევისდროინდელი ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, წინააღმდეგობის სიმბოლო. რეალურად, მან ბევრი რამ იცის. რასაკვირველია, რასაც იგი დღეს საუბრობს – რომ საქართველო ტერორიზმს მფარველობს, სისულელეა. მაგრამ მისი არაოფიციალური კონტაქტები ბევრს ნიშნავდა.

არ მგონია, საქართველოს ბრალი იყოს, რომ იგი კადიროვთან გაიქცა...

ეს კავკასიური პოლიტიკის საერთო ჩავარდნის შედეგია. რა შეეძლო საქართველოს შეეთავაზებინა ჩრდილოკავკასიელი ხალხებისთვის? რაც, სხვათა შორის, არ არის კონცეფციაში, არის ალტერნატივა იმ რეჟიმისთვის, რომელიც იქ არსებობს. რით არის მნიშვნელოვანი ალდამოვის ფიგურა? იგი ჩეჩნეთის ლეგიტიმური, არჩეული ხელისუფლების დესპანია, ეს ხელისუფლება კი საერთაშორისო სამართლის მიერ იყო აღიარებული. ის რუსეთის სახელმწიფო სათათბირომაც ცნო. საქართველოს იმ ჩეჩენი დევნილების, ოპოზიციის კონსოლიდირება შეეძლო, რომელიც კადიროვის რეალურ ოპოზიციას წარმოადგენს.

რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ კავკასიაში? პოლიტიკური და ცივილიზაციური კუთხით გაიყვანოს ევროპაში. ჩრდილო კავკასიის პრობლემა შეიძლება გადაწყდეს, თუ საერთაშორისო კონტექსტში მოხვდება. რეგიონში პროდასავლური, დემოკრატიული და არააგრესიული რეჟიმების შექმნა ქართული პოლიტიკის მთავარი ღერძი უნდა გახდეს. ამ მიმართულებით აბსოლუტურად არაფერი კეთდება.

მაგრამ, როდესაც არსებობს დოკუმენტი, დასავლეთის მხრიდან ქართული პოლიტიკის გაგება უნდა გაუმჯობესდეს. ამან კი ხელი უნდა შეუწყოს იმ მიზნებს, რაზეც თქვენ საუბრობთ.

დოკუმენტის არსებობა კარგია, ეს ნიშნავს, რომ რაღაცაზე შეიძლება საუბარი. საქმე ისაა, ვინ ისაუბრებს და ისაუბრებს თუ არა საერთოდ. რამდენად იქნება შესაძლებელი საქართველოს დასავლელი კონტრაგენტების, ჩრდილო კავკასიის ხალხებისა და საქართველოს მოსახლეობის დარწმუნება, რომ ეს სტრატეგია ცხოვრებისეულია და შესრულდება. შესანიშნავი იდეაა საზაფხულო ბანაკები, ასევე ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების გაგზავნა დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ არანაირი მინიშნება ამ გრანდიოზული პროექტების დაფინანსებაზე პარლამენტს არ გაუკეთებია.

არ მჯერა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველო ამ პროექტებზე ფულს გამონახავს. რაღაცები, რაც ბევრად ნაკლებ ფულს მოითხოვს, ან საერთოდ არ მოითხოვს – საინფორმაციო ინტერნეტრესურსი, სოციოლოგიური კვლევები, მუშაობა არქივებში – გაკეთებული არ არის. ჩნდება კითხვა – რა გაკეთდება მომავალში და გაკეთდება კი საერთოდ? არაფერი ხდება პოლიტიკური კომპონენტის კუთხით, რომლის გარეშე ჩერქეზული პროექტი მკვდარია. დღეისთვის ჩერქეზ და ჩრდილოკავკასიელ აქტივისტებს შორის საკმაოდ დიდი იმედგაცრუებაა. დადის ხმები, რომ ჩრდილოეთ კავკასია საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის საგანია. ეს ხმები დღემდე არ გაბათილებულა.

რა გახდა საბაბი ასეთი იმედგაცრუებისთვის? რა პოლიტიკურ ნაბიჯებს ელიან აქტივისტები?

პროტესტის, ეროვნული მოძრაობების პოლიტიკური კომპონენტის სტრუქტურირებას. ჩრდილოკავკასიელ ხალხებს დღეს არ გააჩნიათ რეალური პოლიტიკური ხმა, წარმომადგენლობა და ოფიციალური ხელისუფლებები უბრალოდ მარიონეტები არიან. მათ გარდა, ჩრდილო კავკასიაში არსებობს მხოლოდ კავკასიის იმარატი, მაგრამ ის ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული და მიუღებელია აშშ-სა და ევროკავშირისათვის. სხვა პოლიტიკური ძალები და ხმა არ არსებობს არც კავკასიაში, არც დიასპორებში. ეს განსაკუთრებით ჩერქეზებს ეხებათ.

რუსეთის პირობებში ეს (პოლიტიკური საქმიანობა) რთულია, მაგრამ შესაძლებელი. ყველა ჩრდილოკავკასიელ ხალხს აქვს დიასპორა, ისინი ისეთივე ჩერქეზები, ჩეჩნები, დაღესტნელები არიან, როგორც კრემლის ძალაუფლების ქვეშ მცხოვრებნი. მათაც აქვთ უფლება ისაუბრონ ხალხების სახელით. თუ დაეხმარებით ასეთი წარმომადგენლობის შექმნაში, გაჩნდება პოლიტიკური სუბიექტი. საჭიროა ორგანიზაციების დახმარება, ხალხის მოპატიჟება. გვაქვს უამრავი მაგალითი, როგორ მკვიდრდება დემოკრატიული ფასეულობები ტოტალიტარულ რეგიონებში. იგივე მოხდა საქართველოშიც. საჭიროა ჟურნალისტიკის სკოლა, სემინარები, საინფორმაციო მუშაობა.

მნიშვნელოვანია, კავკასიელები ერთმანეთში არ ავურიოთ. ყველა ხალხის მიმართ მიდგომა ინდივიდუალური უნდა იყოს. ჩერქეზებისთვის, მაგალითად, მნიშვნელოვანია დიასპორაში ჩერქეზული მოძრაობის სტრუქტურირება და კავკასიური დიასპორიდან გამოცალკევება.

ჩრდილო კავკასიაში საინფორმაციო მუშაობისთვის ნაყოფიერი ნიადაგია – უბრალოდ, სიმართლე უნდა ილაპარაკო. მაგრამ საქართველოს წარმატებული მუშაობის მაგალითები აქაც არ გვაქვს. ავიღოთ ტელეარხი ПИК, რომელშიც მორიგი რეორგანიზაცია მოხდა. იმას, რაც გამოვიდა, კავკასიასთან საერთო არაფერი აქვს. ის რუსული ოპოზიციის ტელეარხად გადაიქცა. ეს შესანიშნავია, მაგრამ კავკასია მაინც არაა.

როდესაც ПИК-ის სახე ქსენია სობჩაკი ხდება, ის შეიძლება ძალიან პოპულარული იყოს პეტერბურგსა და მოსკოვში, მაგრამ კავკასიაში ასოცირდება პროგრამა Дом 2-თან, რომელიც, ასე ვთქვათ, კავკასიურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. სობჩაკი იგივდება კადიროვის საინფორმაციო მხარდაჭერასთან, რომელსაც იგი ეწეოდა. ბოლოს და ბოლოს, იგი პუტინის ნათლულია. ეს ნიშნავს, რომ არხი მოსკოვისა და პეტერბურგის საშუალო კლასზეა ორიენტირებული და არა კავკასიაზე. არხის თავდაპირველი ამოცანა კი დაივიწყეს და ამას ყველა ხედავს.

მთავარი საექსპორტო საქონელი, მესიჯი, რომელიც საქართველოს შეუძლია მიაწოდოს ჩრდილოეთ კავკასიას და დასავლეთს, ხავერდოვანი რევოლუციის, პოსტსაბჭოთა საზოგადოების ევროპისკენ სვლის პათოსია. დასავლეთი საქართველოს მხარდაჭერას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ ის შეინარჩუნებს იმპულსს, რომ დემოკრატიული ქვეყანა გახდეს. თუ საქართველო ამას ვერ მოახერხებს, შევარდნაძის დროს დაუბრუნდება. კიდევ ერთი აღმოსავლური დესპოტია კი – აზერბაიჯანი ან თურქმენეთი ნავთობის გარეშე, არავის დასჭირდება. 

რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. თბილისში არსებობს მოსაზრება, რომ მათთან მოლაპარაკება შეუძლებელია, ვინაიდან ისინი რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფებიან. ეს აზრი მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. მოლაპარაკება მათთან, რასაკვირველია, ჯერჯერობით ვერაფერზე მოხერხდება, მაგრამ საუბარი შესაძლებელია.

საუბარი რაზე, თუ კონკრეტული საკითხები ვერ გადაწყდება?

საუბარი გულისხმობს მომავალში შეთანხმების შესაძლებლობას. შეიძლება მსჯელობა ჰუმანიტარულ საკითხებზე. აფხაზები მუდმივად კონფლიქტის დარეგულირების რაღაც კონცეფციებს წარადგენენ. შესაძლოა, ისინი საქართველოსთვის მიუღებელია, მაგრამ მათზე საუბარი შესაძლებელია.

თუნდაც იმაზე, რატომ არის ისინი მიუღებელი. ჩემი ნება რომ იყოს, მესამე ქვეყნებში ქართულ-აფხაზურ კონფერენციას მოვაწყობდი, სადაც მხარეები ერთმანეთს პირში ეტყოდნენ ყველაფერს, რასაც ფიქრობენ. აფხაზებს მაღალინტელექტუალური ელიტა ჰყავთ, რომელიც მართლაც აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რაც აფხაზეთის წინაშე დგას. ეს, პირველ რიგში, რუსიფიკაციისა და ისლამიზაციის საფრთხეებია.

აფხაზური ელიტა აცნობიერებს აფხაზეთის მართლმადიდებელ ქვეყნად შენარჩუნების მნიშვნელობას. საუბარი ამ მიმართულებით მათთან შესაძლებელია. ისინი, რასაკვირველია, საქართველოს არ ენდობიან, მაგრამ ესმით, რომ დრო სინამდვილეში მათ წინააღმდეგ იმუშავებს. მათ აქვთ მოლაპარაკებების უნარი. თუ იმაზე ვისაუბრებთ, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან უნდა გამოვდევნოთ, ამის გაკეთება შესაძლებელია, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საერთაშორისო კონტექსტში მოვაქცევთ.

მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჟენევაში, სადაც მხარეები ერთმანეთს რეგულარულად ხვდებიან...

ჟენევის მოლაპარაკებები წმინდა ფორმალური მოედანია სასაუბროდ. პრობლემა შეიძლება გადაწყდეს, თუ თბილისიც და სოხუმიც ერთად წავლენ ევროპისკენ, სადაც რეალურად არ არსებობს შიდა საზღვრები. პრობლემა ისაა, რომ ორივე მხარე მე-19 საუკუნეშია ჩარჩენილი. 21-ე საუკუნეში შოტლანდიაში ხელისუფლებაში სეპარატისტები მოდიან, მაგრამ აზრად არავის მოუვა, რომ სამეფო ავიაცია გლაზგოს დაბომბავს. ეს პრობლემები სულ სხვაგვარად წყდება...

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, საუბარი საჭიროა ჩრდილოელ ოსებთან. რუსეთის ძალაუფლება ჩრდილო კავკასიიდან გაედინება. არცერთი სტრატეგიული ამოცანა, რაც რუსეთის ხელისუფლებამ კავკასიაში დაისახა, არ არის გადაწყვეტილი. რუსული ელიტა კრიზისშია და ნათელია, რომ ის უკვე ვეღარ მოაგვარებს ვერცერთ პრობლემას.

რუსეთისათვის უმჯობესი იქნებოდა, ჩრდილო კავკასიისთვის რაიმე განსაკუთრებული სტატუსი შეეთავაზებინა, იმის ანალოგიური, რაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ფინეთს ჰქონდა. რუსეთი სულ უფრო ნაკლებად შეძლებს, იყოს მედიატორი სხვადასხვა კონფლიქტების გადაწყვეტაში. ოსები, ჩერქეზები, ინგუშები, დანარჩენი ხალხები საკუთარ მომავალზე ფიქრს იწყებენ. ეს მომავალი საკმაოდ რთულია – კავკასიაში ბევრი კონფლიქტი და წინააღმდეგობაა.

ოსები ფიქრობენ, რა ელით მომავალში. საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობა ინგუშებთან მნიშვნელოვანი კოზირია. მით უმეტეს ახლა, როცა სამხრეთ ოსეთი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კერძო დუქნად გადაიქცა და იქიდან ყველა გაიქცა, ვისაც შეეძლო. ჩრდილოეთ კავკასიას რაღაც ახალი გარე საშუამავლო ძალა სჭირდება. ასეთი ძალად, მაგალითად, შეიძლება იქცეს თურქეთი, საქართველოსთან და ევროკავშირთან ერთად.

ცხინვალის გასაღები ვლადიკავკაზშია, სოხუმის – სოხუმში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში. აქ რაიმე ქაღალდებითა თუ კონცეფციებით საქმეს ვერ უშველი. საჭიროა ახალი ხალხი და სიტუაციის რეალურად გააზრება. სიტუაციის გააზრება კი ერთ დღეში არ ხდება.

დიდი ქვეყნები სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას საუკუნეების განმავლობაში სწავლობდნენ. აღორძინების გზაზე მდგარი საქართველო სწავლობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც სხვებმა დიდი ხანია გააკეთეს. ამ გზაზე შეცდომები გარდაუვალია. ადამიანისთვის სიარულის სწავლა რთულია. ასევეა სახელმწიფოსთვისაც, რადგან შეცდომის ფასი სისხლია.

ეს კონცეფცია არა პირველი ნაბიჯი, არამედ იმის მაჩვენებელია, რომ ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას. ბავშვი უბრალოდ ფეხზე დააყენეს, სიარული კი თავად უნდა ისწავლოს. მაგრამ დაცემის ფასი სახელმწიფოსთვის დიდია – ის შეიძლება ვეღარც წამოდგეს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩრდილოეთ კავკასია არის რეგიონი, რომელზეც საქართველოს არსებობაა დამოკიდებული.

კომენტარები