სერბეთი

რუსეთის სერბი სუროგატი

0 კომენტარი

ტომისლავ ნიკოლიჩი და ვლადიმირ პუტინი
ულტრანაციონალისტი ტომისლავ ნიკოლიჩის სერბეთის პრეზიდენტად არჩევამ რუსეთის მთავრობას იმედი ჩაუსახა, რომ მისი მოკავშირე ახლა მისი მარიონეტი გახდება. ნიკოლიჩის მოსვლით, სერბეთის მომავალზე და მთლიანად, ბალკანეთის სტაბილურობის ირგვლივ გაურკვევლობა მატულობს. მისი ნაბიჯები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ექსპანსიაზე აჩენს კითხვებს.

ნიკოლიჩი სერბეთის დიქტატორის, სლობოდან მილოშევიჩის პრემიერმინისტრის მოადგილე იმ წლებში იყო, როდესაც NATO-მ, 1999 წლის გაზაფხულზე, კოსოვოში ალბანელების მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა და გამოდევნის შესაჩერებლად სერბეთი დაბომბა. მან განაცხადა, რომ დასავლეთთან გაერთიანებას, რუსეთთან მოკავშირეობა ერჩივნა. ილუზიები რუსეთის შესახებ სერბი ნაციონალისტების საერთო თვისებაა. რუსეთთან მჭიდრო კავშირზე გამომწვევი განცხადებების გაკეთებამდე, მათ მოსკოვის უშუალო მეზობლებთან კონსულტაციის გავლა არ აწყენდათ.

მიუხედავად ამისა, ნიკოლიჩმა, საარჩევნო კამპანიის დროს, პირობა დადო, რომ სერბეთი ევროპულ გზას არ გადაუხვევდა. ეს რთული იქნება, თუ პრეზიდენტი კოსოვოს გაურკვეველი სტატუსით და ბოსნია-ჰერცეგოვინით მანიპულირებას დაიწყებს. ნიკოლიჩის არჩევამ შეიძლება ჩრდილოეთ კოსოვოსა და ბოსნიის სერბიულ რესპუბლიკაში სერბი ლიდერები უფრო თამამი სეპარატიზმისაკენ წაახალისოს.

ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად და ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად ნიკოლიჩი შეიძლება რუსეთისკენ გადაიხაროს. პრეზიდენტის რანგში თავისი პირველი ვიზიტის დროს, ნიკოლიჩი გულთბილად მიიღეს კრემლში, სადაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას სერბებისა და რუსების სულიერი ძმობა დაუდასტურა. თუმცა, მთელი ამ მელოდრამის მიუხედავად, მოსკოვსა და ბელგრადს შორის ურთიერთობა, ტრადიციულად, ურთიერთგამოყენებით და არა ურთიერთსიყვარულით გამოირჩეოდა.

რუსეთის მმართველები ბალკანეთის სლავურ ერებს ხმელთაშუა ზღვასთან სტრატეგიული მისასვლელის მოსაპოვებელად იყენებდნენ. საუკუნეების მანძილზე მოსკოვი ბულგარეთს, სერბეთსა და მონტენეგროს ელოლიავებოდა და უცხოელი ოკუპანტების წინააღმდეგ სლავურ მართლმადიდებლურ სოლიდარობაში ეფიცებოდა. სანაცვლოდ კი, წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან პაექრობაში, რუსეთის საგარეო ამბიციების მხარდაჭერას ითხოვდა.

ეს მოსკოვური პოლიტიკა სტალინმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამოიყენა, როდესაც კომუნისტებმა ძალაუფლება მოიპოვეს. თუმცა, მაშინ, როდესაც ბულგარეთი სტალინის მიმართ ლოიალური იყო, იუგოსლავიამ პირველმა შეაქცია მოსკოვს ზურგი და იოსიფ ბროზ ტიტომ, რომელსაც რუსეთის იმპერიულ ამბიციებზე არანაირი ილუზიები არ ჰქონდა, აღმოსავლეთი დასავლეთზე გაცვალა.

სლობოდან მილოშევიჩმა, როდესაც 1990-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფოს სადავეები ხელში ჩაიგდო და იუგოსლავიის ფედერაცია დაანაწევრა, რუსეთი დასავლეთის ზეწოლისგან თავის დასაცავად გამოიყენა. ეთნიკურად ჰომოგენური სახელმწიფოს შესაქმნელად მეზობელი რესპუბლიკების ტერიტორიების ჭრა-კერვით დაკავებულ მილოშევიჩს ბორის ელცინი იმისთვის სჭირდებოდა, რომ დასავლეთისთვის ეჩვენებინა, მარტო არ ვარო.

თავის მხრივ, ელცინი მილოშევიჩით იმის დემონსტრირებას ცდილობდა, რომ რუსეთი, სატელიტების დაკარგვის და საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, მაინც სუპერსახელმწიფოდ რჩებოდა. ბელგრადმა რუსეთის ამ ვნებით ისარგებლა, მოსკოვმა კი სერბეთის მინიიმპერიალისტური ოცნებები გამოიყენა. ბელგრადის დაჟინებული მოთხოვნით, რუსეთი ყველა პოსტიუგოსლავიურ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.

თუმცა, განსხვავებით მილოშევიჩისაგან, რომელმაც რუსეთი თავის სასარგებლოდ გამოიყენა, სერბი ნაციონალისტები უფრო მიმნდობნი ჩანან. ნიკოლიჩი იმასაც აცხადებდა, რომ ურჩევნია სერბეთი რუსეთის პროვინციად იხილოს, ვიდრე ევროკავშირის წევრად. კრემლი სერბეთს სასარგებლო სუროგატად განიხილავს ბალკანეთის შუაგულში – იქ, სადაც მისი ტრადიციული მოკავშირე ბულგარეთიც კი NATO-ში გაწევრიანდა და რუსეთს ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე კაბალურ გარიგებაზე უარი უთხრა.

კრემლი სერბეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის გავლენის საპირწონე ბასტიონად აღიქვამს. სტიმულისა და შანტაჟის ნაზავით, რუსმა სახელმწიფო მოხელეებმა ბელგრადი გააფრთხილეს, რომ NATO-ს წევრობისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, გაეროში კოსოვოს აღიარებაზე რუსეთის ვეტოს დააკარგვინებდა. რუსეთს ისიც სურს, რომ ბელგრადი ევროკავშირის გარეთ დარჩეს, რათა ქვეყანამ ევროპული გაერთიანების იურიდიული სტანდარტები არ შემოიღოს. განსაკუთრებით, ბიზნესკონტრაქტებთან დაკავშირებით. სანაცვლოდ, მოსკოვი სერბეთს ბუნდოვან ევრაზიულ ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანებას სთავაზობს.

მოსკოვში ვიზიტისას, ნიკოლიჩმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება არ გამორიცხა. სერბეთის პარლამენტი, სავარაუდოდ, ფორმალური აღიარების საკითხს უახლოეს კვირებში განიხილავს. მოსკოვი დიდი ხანია წარუმატებლად ცდილობს, მიიმხროს და მოთაფლოს სხვადასხვა მოკავშირე, რომ საქართველოს ეს ორი სეპარატისტული ტერიტორია აღიარონ. სერბეთი შესაძლოა თვლიდეს, რომ ჯილდოდ რუსეთისგან მსხვილ კრედიტს მიიღებს, მაგრამ ეს აღიარება მის ევროკავშირისკენ სვლას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

ნიკოლიჩი მოსკოვში 800 მილიონი აშშ დოლარის კრედიტის სათხოვნელად ჩავიდა, თუმცა ბელგრადმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს ნებისმიერი დახმარების პირობები. რუსეთს სურს, სერბეთი მასზე პოლიტიკურად დამოკიდებული გახდეს და ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურა გააკონტროლოს, რადგან რუსეთის სახელმწიფო კომპანიები მთელ ბალკანეთში ახორციელებენ მილსადენების პროექტებს. ახლა სერბეთის ლიდერებზეა დამოკიდებული ის, რომ იმ უჭკნობმა სიყვარულმა, რომელიც ნიკოლიჩმა რუსებს სერბი ხალხის სახელით გამოუცხადა, ქვეყანა პაემანზე გაუპატიურების მსხვერპლად არ აქციოს.

იანუშ ბუგაისკი

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები